საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და "ბიბლუსს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

AutoSharing Option
17 ნოემბერი, 2018 წელი, 15:00, "ბიბლუსი გალერეაში" (მის: ს. კანდელაკის 7, ჟვანიას მოედანი) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და "ბიბლუსს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და "ბიბლუსის" დირექტორი ირაკლი გაგნიძე.

შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და "ბიბლუსი" ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ამასთან, წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროექტს ერთობლივად განახორციელებენ.

"ბიბლუსსა" და ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოს შორის დაწყებული თანამშრომლობა, აღნიშნული მემორანდუმის გაფორმებით, სისტემატურ და პარტნიორულ ხასიათს შეიძენს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოში
ყველაზე დიდ წიგნის მაღაზიათა ქსელს უკვე აქვთ ერთობლივი მუშაობის წარმატებული გამოცდილება. ფეხბურთის ფედერაციის უნიკალური პროექტის - აუტიზმის მქონე ბავშვთა კლუბების საზაფხულო ფესტივალი 2018-ის პარტნიორი სწორედ შპს "ბიბლუსი" იყო.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა მონაწილეობით შედგება. გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი ჩაკვეტაძე "ბიბლუსი გალერეაში" მისულ სტუმრებს 15:00 საათიდან დაელოდებიან. ფეხბურთელებთან შეხვედრა ყველა მსურველს შეეძლება. გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი ლორია "ბიბლუსის" სტუმრებს სამახსოვრო ბარათებს საკუთარი ავტოგრაფებით გადასცემენ.


მომზადებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული