სფფ-მ საუკეთესოები დააჯილდოვა - წლის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელეს

AutoSharing Option
28 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2018-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს.
რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიიღეს. ღონისძიების მთავარი ტრიუმფატორი 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე წელს, ეროვნული ნაკრების მაისურით შვიდ შეხვედრაში, ხუთი გოლი გაიტანა და უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების ერთერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.

2018 წლის ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
- გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

2018 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - გულნარა გაბელია (ბიიკ კაზიგურტი, ყაზახეთი)

2018 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი)

2018 წლის სეზონის საუკეთესო გოლი - ვაკო ყაზაიშვილი (ერსქვიქსი, სან-ხოსე, აშშ)

2018 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი - ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ეროვნული ნაკრები)

2018 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი)

2018 წლის სეზონის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი - სალომე გასვიანი (34 გოლი), (მართვე, ქუთაისი)

2018 წლის სეზონის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - ნათია დანელია (ლანჩხუთი)

2018 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი - გიორგი ყრუაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2018 წლის სეზონში გამორჩეულ 17-წლამდე და 19-წლამდე ფეხბურთელებს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრემია გადაეცათ.

17-წლამდე

ოქროს მედალი - ნიკა ტალახაძე (საბურთალო, თბილისი)
ვერცხლის მედალი - ლაშა კვარაცხელია (დინამო, თბილისი)
ბრინჯაოს მედალი - ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი)

19-წლამდე

ოქროს მედალი - ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი)
ვერცხლის მედალი - ხვიჩა კვარაცხელია (რუსთავი)
ბრინჯაოს მედალი - ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბები, რომლებმაც აღნიშნული მოთამაშეების ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა ფულად ჯილდოს მიიღებენ. ბრინჯაოს მედალი - 2 000 ლარი, ვერცხლის მედალი - 3 000 ლარი, ოქროს მედალი - 5 000 ლარი.

გარდა ნომინაციებში გამარჯვებულებისა, ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, უკვე ტრადიციულად, საპატიო ჯილდო გადაეცათ, იმ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ფეხბურთის განვითარებაში.

მასობრივ ფეხბურთში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა ზაურ კეკელიძეს, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მწვრთნელს ქალაქ ბათუმიდან. გორში მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზი მიიღო, რიჩარდ ოლუმოივამ. თბილისსა და სიღნაღში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ჯილდო ასევე გადაეცათ მწვრთნელებს, გია მაისურაძესა და ნუგზარ ნაცვლიშვილს.

ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა ვეტერან ქართველ მწვრთნელს, ნოდარ აკობიას. დაჯილდოების ცერემონიაზე საპატიო პრიზი მისმა ვაჟმა, გიორგი აკობიამ მიიღო.

დღევანდელ ღონისძიებაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა გადამყვანმა ავია კომპანია MyWay Airlines-მა, რომელიც ეროვნული ნაკრების ჩარტერულ ფრენებს უზრუნველყოფს, წარმატებული თანამშრომლობისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს სპეციალური პრიზი გადასცა.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ასევე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესოები გამოავლინეს. სპეციალური პრიზები მიიღეს:

2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და თავდამსხმელი - გიორგი გაბედავა (ჩიხურა, საჩხერე), რომელიც ასევე 22 გატანილი გოლით, ბუდუ ზივზივაძესთან (დინამო, თბილისი) ერთად ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

2018 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე - როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

2018 წლის სეზონის საუკეთესო მცველი - მამუკა კობახიძე (ტორპედო, ქუთაისი)

2018 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი - მათე ცინცაძე (ტორპედო, ქუთაისი)

2018 წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერი - ლეანდრო რიბეირო (დილა, გორი)

2018 წლის სეზონის წლის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი (საბურთალო, თბილისი)

ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი - ჯოვინო ფლამარიონი (დინამო, ბათუმი - 24 გოლი)

ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გია გეგუჩაძე (დინამო, ბათუმი)

დაჯილდოებაზე ასევე დასახელდა ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი:

მეკარე: როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი), ოლეკსანდრ აზაცკი (ტორპედო, ქუთაისი), მამუკა კობახიძე (ტორპედო, ქუთაისი)

ნახევარმცველები: ლეანდრო რიბეირო (დილა, გორი), მათე ცინცაძე (ტორპედო, ქუთაისი), გიორგი დიასამიძე (საბურთალო, თბილისი), ვაგნერი (საბურთალო, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა, საჩხერე), მიკოლა მოვტალიუკი (დილა, გორი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი)

ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ეროვნული ლიგის ფენტეზის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილი - გიორგი ჯავახაძე (3000 ლარი), მეორე ადგილი - ელენე ადამაშვილი (2000 ლარი), მესამე ადგილი - გიორგი ნებურიშვილი (1000 ლარი).

GFF AWARDS 2018-ზე ეროვნული ლიგის გამორჩეულ ფეხბურთელს კოტე მახარაძის სახელობის პრიზი გადაეცა. აღნიშნული ჯილდოს პირველი მფლობელი გიორგი გაბედავა გახდა.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 4 /
გიორგი ყრუაშვილს ვულოცავ,ეს ერთი და სხვა მრვალი
goal
20:52 29-12-2018
0
ჩაკვეტაძის გოლებს რა დაუწუნეს თან ნაკრებსჰი გაიტანა მაგრები
nodarichi123
13:04 29-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული