გზა საბურთალოდან რომამდე - ქართველი მწვრთნელის ისტორია, რომელსაც ჯუდ ლოუსთან ერთად სერიალში იღებენ

AutoSharing Option
90-იანი წლების საქართველოში ეზოში ბურთის გორება, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ომგამოვლილ ქვეყანაში კი - ბიჭებისთვის გართობის ერთადერთი შესაძლებლობა. ქვეყანაში, სადაც ტრაგედია და გლოვა ყოველდღიური ყოფის ნაწილია, ფეხბურთის ბურთი თითქოს ახალი სამყაროს გასაღები ხდება.

ჭაბუკთა თაობები ბურთის გორებისკენ იღვწოდნენ, მაგრამ ქართულ საფეხბურთო რეალობაში ერთი მუწუკი მწიფედ იყო გაბატონებული. ქრთამი და "მამიკოს ფულით" ძირითად გუნდში მოხვედრილი "შვილიკოები". დიახ, ესოდენ მახინჯმა სტრუქტურამ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომელთაც ტალანტი ჰქონდათ, მომავალი დაუნგრია. ამის პროპორციულად კი დაიკარგა ქართული ფეხბურთის მომავალიც.

ჩვენი დღევანდელი გმირიც, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად,
შეეცადა, თავი დაემკიდრებინა. მან გზა ქართული ფეხბურთის მინდვრიდან მარადიული რომის მოედნამდე გრძელი და რთული ნაბიჯებით გავლო.

ზურა მჭედლიძე ის თაობაა, რომელსაც ქართული ფეხბურთის მომავალი უნდა შეექმნა. კარში დგომაც სცადა, თუმცა ბავშვთა ფეხბურთი უფრო წარმატებით გამოუვიდა. ალბათ, იმიტომ, რომ ანგელოზების აღზრდა ევალება.

Sportall.Ge

"სკოლაში მწვრთნელი კახა დაშნიანი მოვიდა. ახალგაზრდებს გვკითხა, გვსურდა თუ არა ფეხბურთის თამაში, - იხსენებს ზურა. - უცნაური ისაა, რომ იმ პერიოდში ფეხბურთს ვერ ვიტანდი. ჩემი მიზანი იყო სპორტით დაკავების სურვილი. მაშინ კახამ ბავშვებს გვკითხა, თუ ვის სურდა კარში ჩადგომა. ჩემდაუნებურად ხელი ავწიე და... ასე ამოვყავი კარში თავი.

შემდეგ იყო "მთვარის გლობუსი", გიორგი ნატროშვილის გუნდი. მეკარეების მწვრთნელი ვოვა ჩაჩუა იყო ჩემი, როგორც მეკარის ჩამოყალიბების ფუძემდებელი. პერსპექტიულ ახალგაზრდად ვითვლებოდი და 16 და 18-წლამდელების ნაკრებშიც ვითამაშე. ასევე, ახალგაზრდულთა ამხანაგურ შეხვედრებშიც. ცუდი კი ის იყო, რომ ტურნირების დასკვნით შეხვედრებში უკვე ჩაწყობით მოხვედრილი ბავშვები ხვდებოდნენ.

ერთხელ ტრაპიდანაც კი მომხსნეს. სამწუხაროდ, იმ გაუსაძლის სიდუხჭირეში მწვრთნელებს ქრთამით შეეძლოთ ოჯახების რჩენა და ეს დაკარგული თაობის ზურგზე ხდებოდა. "დინამოს" დუბლებში ივო შუშაკის რჩეული ვიყავი. სამწუხაროდ, ნაკრების ამხანაგურ შეხვედრაში ფეხი მოვიტეხე. იყო პერიოდი, დაბრუნებაც ვცადე, თუმცა იძულებული გავხდი, კარიერა ნაადრევად დამესრულებინა".

გზა საბურთალოდან რომამდე
ბავშვთა ფეხბურთის ქართული რეალობა დღეს გაცილებით გაუმჯობესებულია. მოხდა მწვრთნელთა ცნობიერების ამაღლება და მათი სამწვრთნელო პრაქტიკის გადახედვა. იყო პერიოდი, როდესაც თაობები ყოველგვარი საბაზისო მომზადების გარეშე იზრდებოდნენ. მათში უპირობო ლიდერს ხედავდნენ და არა ბავშვებს, რომელთაც ბურთის გორებით სიამოვნება უნდა მიეღოთ.

"ტრავმამ დიდ ფეხბურთს მომწყვიტა. დროებით ფეხბურთი შემზიზღდა კიდეც, - ამბობს ზურა, - ფიზკულტურის ინსტიტუტში სამწვრთნელო კურსები გავიარე, რადგან გამიჩნდა სურვილი, სამწვრთნელო კარიერა მეცადა. ჩემი ხედვა გაცილებით განსხვავდებოდა იმ პერიოდის ტიპური ქართველი მწვრთნელისგან.

ბავშვის შეურაცხყოფა და მისი აბუჩად აგდება ითვლებოდა მის ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბების გზად. შემდეგ უეფას სამწვრთნელო კურსებიც გავიარე. ამ ახალმა გამოცდილებამ კიდევ უფრო გამიმტკიცა სურვილი. ჯერ 159-ე საჯარო სკოლასთან, თემქაზე არსებული საფეხბურთო კლუბი შევქმენით და რატომღაც, მიუხედავად იმისა, რომ "მილანის" ქომაგი ვარ, გუნდს "რომა" დავარქვით.

შემდეგ ამ სკოლიდან "საბურთალოს" აკადემიაში ნიჭიერ ბავშვებთან ერთად გადავედით. აკადემიის ხელმძღვანელობა ზრუნავდა თაობათა სწორად აღზრდაზე. თუნდაც ის, რომ მათ ესპანეთიდან მოიწვიეს გამოცდილი მწვრთნელი ანდრეას კარასკო. მას "ბარსელონაში" მიღებული გამოცდილება მწვრთნელებისთვის უნდა გაეზიარებინა და დაელაგებინა ასაკობრივი ჯგუფები. ეს იყო ხელმძღვანელობისგან გადადგმული სწორი ნაბიჯი. რაც ყველაზე მეტად მახარებს, ისაა, რომ იმ თაობამ შეინარჩულა სპორტულობა. მეტიც, თუნდაც მავნე ჩვევა, სიგარეტისგანაც კი შორს დგანან".

Niente è impossibile... - შეუძლებელი არაფერია
"არაფერია შეუძლებელი, თუ ადამიანი მოინდომებს" - "საბურთალოს" სკოლის გამოცდილებით და უეფას ლიცენზიით აღჭურვილი ზურა რომაელთა კარიბჭეს მოადგა. იყო რთული პერიოდიც, თავის დამკვიდრების პირველი ეტაპი, ენის ბარიერი და შემდეგ ადამიანები, რომელთაც ქართველ მწვრთნელს შანსი მისცეს, რომ თავისი სათქმელიც ეთქვა.

ასე აღმოჩნდა ის საფეხბურთო სკოლა "ლა სალეს" მწვრთნელთა შორის.

Sportall.Ge

"იტალიურ ბავშვთა ფეხბურთში მოხვედრა და იმის დამტკიცება, რომ "ვიღაც ზურას" მწვრთნელობა შეგიძლია, ნამდვილად არაა მარტივი. ხშირად იმასაც ფიქრობენ, რომ ლიცენზია ჩაწყობით იყიდე, ან სულაც იტყუები. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს საფეხბურთო დონეს სერიოზულად ვერ აღიქვამენ. შემდეგ იყო ტერმინების იტალიურად ათვისების პერიოდიც.

ბავშვები თავიდან ჩემ მიერ არასწორად წარმოთქმულ იტალიურს დასცინოდნენ. ამ ბარიერის გადასალახად გუნდთან როდესაც შევდიოდი, ბავშვებს ვეუბნებოდი, რომ არ ვარ იტალიელი. თუ შემეშლება, გაიცინეთ კიდეც".

საქართველო VC იტალია
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ქართულ რეალობაში ბავშვებს სპარტანულად ზრდიდნენ. მათ უნდა მოეთმინათ დამცირება მწვრთნელისგან, მშობლისგან. ყველას მისთვის რაღაც უნდა ესწავლებინა და დაეტუქსა.

იტალიურ ბავშვთა ფეხბურთში მნიშვნელოვანია ბავშვი და მისი სილაღე. საფეხბურთო სკოლა "ლა სალეს" პრეზიდენტ სალვატორე პეტრაკას ამ საკითხებზე დავეკითხე და საუბარში გაგვიმხილა თავისი შეხედულებები.

"სერბულ, იტალიურ და ქართულ ფეხბურთს ბევრი საერთო აქვთ ხასიათის მხრივ. ჩვენთვის, როგორც ბავშვთა აღმზრდელებისთვის, მთავარია პატივისცემა. ბავშვს არ უნდა დააკისრო ბევრი პასუხისმგებლობა, რადგან ის მოედანზე, პირველ რიგში, უნდა გაერთოს. ფრანჩესკო ტოტი მილიონში ერთი იბადება. შეუძლებელია, რომ 300 ბავშვიდან ყველა ჩემპიონად ჩამოყალიბდეს. არ უნდა დაიძაბონ და წაგების ან მოგების შემთხვევაში აუცილებელია პატივისცემა. ყოველ წელს შეიძლება მოიგო ჩემპიონატი, მაგრამ ყველაზე მთავარი არის დისციპლინაში გამარჯვება. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, რომელიც შეიძლება მოიპოვო".

პრეზიდენტის შეხედულებებს იზიარებს ასევე საფეხბურთო სკოლა "ლა სალეს" ტექნიკური დირექტორი მარკო მუცი.

"ლა სალეს ფეხბურთის სექციას ოც წელზე მეტი გამოცდილება აქვს. გვაქვს ოთხი სავარჯიშო მოედანი. გვახარებს ისიც, რომ გვაქვს საფეხბურთო კლუბ "რომასთან" თანამშრომლობის გამოცდილებაც. ფეხბურთი, ლაციოს რეგიონში ნომერ პირველ სპორტის სახეობად რჩება.

Sportall.Ge

ზოგადად, როგორც ხდება, სასწავლო კურსი ფასიანია, თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მწვრთნელთა გადამზადებაში ძალიან გიწყობს ხელს. ამით მწვრთნელთა განათლების გადახალისებაც ხდება. ზურაც ჩვენი საფეხბურთო ოჯახის სრულფასოვანი წევრია. ის ჩვენი ოქროს ბიჭია. ფეხბურთს ერთი სალაპარაკო ენა აქვს, ამის გამო ეროვნება ნაკლებად მნიშვნელოვანია. მან თავისი გამოცდილება მოარგო იტალიურს და შექმნა შესანიშნავი სინთეზი, რომელიც მის აღსაზრდელებს ნამდვილად ეხმარება, პირველ რიგში ადამიანური უნარები შეითვისონ".

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ყოველწლიურად აკონტროლებს საფეხბურთო სკოლებს, რათა მათი მომზადების დონე სტანდარტებს შეესაბამებოდეს. "ფეხბურთის ფედერაცია სერიოზულად უდგება ამ საკითხს. გვიკონტროლებენ ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს, - გვიხსნის მარკო. მცირედი ხარვეზი და შეიძლება ლიცენზიას დაემშვიდობო. ჩვენთვის მთავარია თაობათა სწორად აღზრდა, მათი პიროვნებებად ჩამოყალიბება. პირველ რიგში, ისინი უნდა გაერთონ და ფეხბურთისგან ისიამოვნონ. თუ ეს არ მოხდა, გამოდის, რომ როგორც მწვრთნელმა, ვერ ივარგე. ალესანდრო მურჯა ჩემი აღმოჩენილია, ასევე დანილო კატალდიც. ხდება, რომ მიუხედავად დიდი ტალანტისა, ფეხბურთელები ხასიათის გამო იკარგებიან. ეს ხშირად მათ ხელს უშლით. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ვნახე, რომელიც დაიკარგა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეძლეს ყოფილიყვნენ კაცები მოედანზე და მოედანს გარეთ".

მისტერის ანგელოზები
"ბავშვები არ უნდა იყვნენ სტრესის ქვეშ", - გვიზიარებს ზურა თავის იტალიურ გამოცდილებას.

"თამაშის დროს ის არ უნდა დაიძაბოს. ბავშვს უნდა მოუხსნა სტრესი. ფსიქოლოგიურად უნდა მიუდგე, რადგან მთავარია, თამაშისას გაერთოს, იხალისოს და არა შედეგი. ტალანტს მაშინ აღმოაჩენ, როცა ბავშვი არ არის შებოჭილი. მშობლის როლი ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანია.

სამკუთხედის ყველა კუთხე არის მნიშვნელვანი. მშობელი, მწვრთნელი და ბავშვი - ეს ის კუთხეებია, რომელნიც ქმნიან ერთ მთლიანს და ერთი მეორის გარეშე ვერ ფუნქციონირებს.

Sportall.Ge

ფსიქოლოგებიც ხშირად ჩართულნი არიან. ისინი ბავშვთან და მშობელთან ერთდროულად მუშაობენ. ევროპაში არის სწორი მიდგომა ამ მხრივ. ბავშვი მოედანზე ჩემპიონის ტიტულით არ შედის. ის უნდა გაერთოს. მას არ ამცირებენ. მას არ ეკითხებიან, თამაში წააგო თუ მოიგო.

კითხვა "გაერთე" არის ტერმინი, რომლითაც ბავშვებს აგრძნობინებენ, რომ წაგება ტრაგედია არ არის. შესაბამისად, არ არსებობს კლასიფიკაცია. ტურნირებზე მხოლოდ ტექნიკური მონაცემები იწერება. ეს არის ბავშვის აღზრდის სწორი მეთოდი".

პაპის ქართველი დაცვა
Sei stato bravo ("კარგი ხარ") - როცა პაოლო სორენტინო გაქებს, მოდი და ნუ იამაყებ. ნაპოლეტანელი რეჟისორი, რომელსაც ფილმმა la grande bellezza 2013 წელს საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში "ოსკარი" მოუტანა, ქართველ მწვრთნელს სამსახიობო ოსტატობას უქებს.

ამჯერად კი მოქმედება სერიალ "ახალგაზრდა პაპის" გადასაღებ მოედანზე ხდება.

"ვილა ფლამინიოზე ჩვეულებისამებრ ვარჯიშისთვის ვემზადებოდით, როდესაც ნებართვა მთხოვეს, ჩემთვის ფოტო გადაეღოთ, - იხსენებს ზურა, - მეც დავთანხმდი. შემდეგ მითხრეს, რომ პაოლო სორენტინოს ჩაუვლია, ჩემით დაინტერესებულა და მას უთხოვია, ჩემთვის ფოტო გადაეღოთ.

Sportall.Ge

თავდაპირველად ეპიზოდური როლი მხვდა ფილმში "ისინი". ამჯერად კი "ახალგაზრდა პაპის" მეორე სეზონში კვლავ დამიძახეს და კონტრაქტი 4 სცენაში მონაწილეობის მიღებაზე გაფორმდა.

პაპის დაცვის უფროსის როლში, სამსახიობო გამოუცდელობის მიუხედავად, საკმაოდ დამაჯერებელი ვიყავი. სორენტინომ კი კომპლიმენტი მითხრა. გადასაღებ მოედანზე იყვნენ ასევე ჯუდ ლოუ, რომელიც გასაოცარი იუმორით გამოირჩევა. მისი ხუმრობებისგან გამოწვეული ხმაურის გამო ხშირად რეჟისორი ჩვენ დაწყნარებას ცდილობდა.

მეორე სეზონში პაპის როლს უკვე ჯონ მალკოვიჩი ირგებს, რომელიც თავის მხრივ, დინჯია. საუბარში მითხრა, რომ საქართველოთი ძალიან არის მოხიბლული. რაც შეეხება თავად პაოლოს, ის მუშაობის პროცესში სერიოზულია. მისი მზერა გაფიქრებინებს, რომ რაღაც არასწორად გააკეთე. მოვა და შემდეგ კომპლიმენტებს გეტყვის".

ჰორიზონტზე მომავალია
"თუ კარში დგომიდან შეიძლება კინოში ითამაშო, მიმაჩნია, რომ შეუძლებელი არაფერია, - გვიზიარებს 37 წლის ქართველი სპეციალისტი, - ამ ეტაპზე მოყვარულთა სერია A-ში ვმონაწილეობ და საკმაოდ წარმატებითაც. უეფას სამწვრთნელო ლიცენზიის კიდევ ერთი საფეხურის მოპოვებას ვგეგმავ, რომ უკვე დიდ კლუბებთან მუშაობაც ვცადო. შესაბამისად, გზა, რომელიც უნდა გავიარო, ხანგრძლივია და შრომატევადი.

სურვილი მაქვს, რომ სერია A-ს მწვრთნელი გავხდე. ფანტასტიკად შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს, თუმცა ჩემთვის შეუძლებელი არაფერია...

შარშან "რომას" ბავშვთა სკოლაში გადასვლაზე იყო საუბარი, თუმცა აქ პირველ მწვრთნელად ყოფნა ვამჯობინე. წელს კვლავ განახლდა საუბრები და ამჯერად "ლაციოც" განიხილება. ვნახოთ, სად გადამისვრის ბედი"...

სალომე ხარატიშვილი რომიდან
მკითხველის კომენტარები / 9 /
ზურიკო შენ გენაცვალე. ბავშვობა გამახსენე. მთვარის გლობუსი გიო ნატროშვილი ვოვა ჩაჩუა. რააააააას. გახსოვს:)))) ნაკრები. ყველაფერი თვალწინ დამიდგა. ჭეჟო უეჭველი გახსოვს ვიცი. გენაცვალე გულში და შენ იცი. მაგარი მეკარე იყავი ძაან და მწვრთნელი არანაკლები იქნები. წარმატებები.
ჭეჟო
02 თებერვალი 2024 13:47
0
მაგარი ხაარ ძმაა....
ვალერი 159 ვალერი
18 აპრილი 2019 11:11
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილო
გიო
17 აპრილი 2019 17:07
1
Cudiaris is rom aqamde ar daicera tqvenze sanam serialshi ar gadagiges. Kargia rom amis mere mainc gaacnes tqveni tavi farto sazogadoebas. Carmatebebi araferia niugceveli mtavari mondomeba da mizan dasaxuloba aris rav ashkarad chans rom tqvenshi es aris rom ar iyos ar iqnebodit iq sadac xart carmatebebi. Yoveltvis mixaria da gamixardeba qartvekis carmateba nebismier profesiashi
Emigranti
17 აპრილი 2019 15:05
0
მოგესალმებით,
სამწუხაროდ არასწორი ინფორმაცია გაქვთ. რესპოდენტთან მოლაპარაკება გაცილებით ადრე მქონდა, ვიდრე იმედის რეპორტაჟი გავიდოდა ეთერში. შევთანხმდით, რომ ინტერვიუ ამის შემდეგ გამოგვექვეყნებინა, რადგან ჩვები სასაუბრო თემა იყო ბავშვთა ფეხბურთი.
პატივისცემით
სალომე ხარატიშვილი
18 აპრილი 2019 04:27
0
თქვენ შემართებას გაუმარჯოს... წარმატებები მეგობარო, ბევრი წარმატებები..
იეთიმი
17 აპრილი 2019 14:25
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს, სასიხარულოა როდესაც ხედავ ადამიანი თავისი შრომით გზას რომ იკაფავს და წარმატებებს აღწევს, მთავარია რომ გჯერა და იცი რაც გინდა, მიზნის მისაღწევად რომ იშრომებ არ დაიზარებ და მაქსიმუმს გააკეთებ გარემოებებიც აუცილებლად ხელს შეგიწყობს და ყველაფერი გამოგივა. წარმატებები
vato
17 აპრილი 2019 13:57
0
იმ დიდი ტკივილის მიუხედავად, რომელსაც შენ დაატარებ გულით, მინდა, რომ მუდამ ბედნიერს გხედავდე. მეამაყები ჩემო ერთადერთო ძმაო❤️
ანა მჭედლიძე
17 აპრილი 2019 12:24
1
იმ დიდი ტკივილის მიუხედავად, რომელსაც შენ დაატარებ გულით, მინდა, რომ მუდამ ბედნიერს გხედავდე. მეამაყები ჩემო ერთადერთო ძმაო❤️
ანა
17 აპრილი 2019 12:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული