5 მაისს, "გორი იუნაიტედისა" და "ივერიის" შეხვედრით საქართველოს ქალთა ლიგის მე-4 ტური დასრულდა.
ამ ტურის მატჩები 3 დღეზე იყო გადანაწილებული. ტურის 3 შეხვედრა 3 მაისს გაიმართა. სწორედ ამ დღეს ითამაშეს ქალთა ლიგის ლიდერებმა "ლანჩხუთმა" და "ნიკემ" და ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო, მორიგი გამარჯვებებიც მოიპოვეს.
გურულებმა სახლში ხობის "კოლხეთი" 7-0 დაამარცხეს. ისევე, როგორ წინა ტურებში, ლანჩხუთელთაგან დღესაც მორიგი გოლი გაიტანა ირინა ხაბურზანიამ, რომელიც 7 გატანილი გოლით ქალთა ლიგის ბომბარდირთა სიას ლიდერობს უკვე გორელ ეთერ სულაშვილთან ერთად. მათ ერთი გოლით ჩამორჩება ხაბურზანიას
თანაგუნდელი თამრიკო სალუქვაძე, რომელმაც ხობელებს დუბლი შეუსრულა.
მხოლოდ პირველ ტაიმში მოახერხა თბილისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ბათუმის "დინამომ", "ნიკესათვის" წინააღმდეგობა გაეწია. აჭარულ გუნდს, რომელსაც წინა სეზონებისგან განსხვავებით, სათადარიგო სკამი მოკლე აქვს, ყველაზე კარგად დაბალანსებულ "ნიკესთან" განსაკუთრებით მეორე ტაიმში გაუჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო უპირატესობა მატჩის პირველ ნახევარში "ნიკეს" მხარეს იყო, შესვენებამდე ქვეყნის ჩემპიონი მხოლოდ 1-0 იგებდა. მეორე ტაიმში "ნიკემ" ბათუმელები, შეიძლება ითქვას, საკუთარ საჯარიმოზე აღარ შეუშვა.
ამ შეხვედრაში საქართველოს ქალთა რეგულარულ ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა ნინო სუთიძეს. საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი წლების მანძილზე თურქეთში თამაშობდა. "დინამოსთან" მატჩში კი სუთიძემ "ნიკეს" კაპიტნის სამკლავურიც მოირგო და ქართულ ჩემპიონატში "ნათლობა" პოკერით აღნიშნა. ნინო სუთიძე, რომელიც თავისი საფეხბურთო კარიერის მანძილზე, ტრადიციულად, მცველის პოზიციაზე თამაშობდა, ახალ ამპლუაში სცადა თავი. "ნიკემ" კი დიდი ანგარიშით, 8-0 მოიგო და ახლა "ლანჩხუთთან" ერთად 12-12 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეშია.
ნინო სუთიძე: "საქართველოში დაბრუნება განაპირობა იმან, რომ თურქეთში თამაში აღარ მსურდა. იქ ჩემი თავი ამოვწურე, 4-ჯერ გავხდი ჩემპიონი, ვთამაშობდი ორ საუკეთესო გუნდში, რომლებიც რეგულარულად უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგას თამაშობდნენ. აქ დაბრუნებით ახალი გამოწვევების სურვილი მქონდა. რამდენიმე ევროპულ კლუბთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით და ბოლოს, საქართველოს ჩემპიონ გუნდში თამაში გადავწყვიტე.
სადებიუტო მატჩში "ნიკეს" კაპიტნობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. მთელი ჩემი კარიერა ნაკრებშიც და კლუბებშიც მცველად ვთამაშობდი. ახალი გამოწვევები როგორც კლუბს, ასევე მეც მიყვარს და დავთანხმდი თავდასხმაში თამაშს. ვფიქრობ, გამოცდილების ხარჯზე გამომივიდა ფორვარდობა. საინტერესო პოზიციაა, თან გამიმარტივდა, რადგან ვიცი, მცველისთვის რა კუთხით არის რთული ფორვარდის აყვანა."
5 მაისს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, "ზარმამ" შინ, 2-7 წააგო ჩხოროწყუს "სამეგრელოსთან". 4 მაისს, ქუთაისში, "მართვემ" იოლად დაამარცხა თბილისის "ნორჩი დინამო". ქუთაისელებმა შეხვედრის პირველივე ტაიმში მოახერხეს 4 გოლის გატანა და "ნორჩ დინამოელებს" შეხვედრის დარჩენილ დროში, შეიძლება ითქვას, სტიმული დაუკარგეს. ამ დღეს ქუთაისელთაგან ერთი გოლი თამთა შენგელიამ გაიტანა, მატჩის გმირი კი ლანა გორგაძე იყო, რომელმაც თბილისელებს 3 გოლი გაუტანა.
კვირას, 5 მაისს, გორში ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. "გორი იუნაიტედისა" და ხაშურის "ივერიის" დაპირისპირება ფრედ, 4-4 დასრულდა. ამ დღეს გორელთაგან პოკერი ეთერ სულაშვილმა შეასრულა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხაშურელებთან გატანილი გოლებით ის ირინა ხაბურზანიას დაეწია.
ქალთა ლიგის მომდევნო, მე-5 ტური 11 მაისს გაიმართება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით