ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი: ქართველების 6 გუნდი შემდეგ ეტაპზე

AutoSharing Option
პირველ აგვისტოს ჩატარებულ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრებში ქართველმა ლეგიონერებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ვიტორული - გენტი 2:1 (3:6)
ბელგიური გუნდი კი დამარცხდა, მაგრამ რადგან სახლში დიდი ანგარიშით გაიმარჯვა, შემდეგ ეტაპზე გავიდა. "გენტის" ქართული ტრიოდან გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია ტრავმირებულნი არიან, გიორგი ბერიძე კი, მოულოდნელად, განაცხადშიც არ შეიყვანეს.

კუპსი - ლეგია 0:0 (0:1)
ვარშაველმა არმიელებმა, რომელთა რიგებშიც შეუცვლელად ითამაშა ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ, ფინეთში სასურველ ფრეს მიაღწიეს და მესამე რაუნდში გავიდნენ.

ზორია - ბუდუჩნოსტი 1:0 (3:1)
ლუგანსკურმა გუნდმა ზაპოროჟიეშიც მოუგო მონტენეგროელ მეტოქეს. როგორც
იქნა, მასპინძელთა რიგებში ათამაშეს მეკარე ზაური მახარაძე. 90 წუთი დაჰყო მოედანზე თბილისის "დინამოდან" გადასულმა ნახევარმცველმა დმიტრო ივანისენიამ, ხოლო მათი თანაგუნდელი ლევან არველაძე, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, სათადარიგო იყო.

ნეფტჩი - არსენალი (ტულა) 3:0 (1:0)
აზერბაიჯანულმა გუნდმა პირველად სძლია ევროტურნირებზე რუსეთის წარმომადგენელს და ამ ამბით ერთობ ამაყობენ. რუს "მეთოფეთა" რიგებში 90 წუთი გაისარჯა მცველი გია გრიგალავა და ყვითელი ბარათი მიიღო.

კლაკსვიკი - ლუცერნი 0:1 (0:1)
შვეიცარიელებმა მეტოქეს ფარერებზეც მოუგეს და გათამაშების შემდეგ ეტაპს უწიეს, მათი მცველი ოთარ კაკაბაძე კი 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ესბიერგი - შახტიორი (ბელორუსი) 0:0 (0:2)
დანიელები სოლიგორსკელმა "მეშახტეებმა" გამოაგდეს. "ესბიერგში" შეუცვლელად იასპარეზა ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა. "შახტიორში" კი მალე ლაშა შინდაგორიძე გადავა.

გრიზა - ვენტსპილსი 2:2 (0:4)
ლატვიელებმა მალტური ბარიერი უპრობლემოდ გადალახეს. "ვენტსპილსში" შეუცვლელად ითამაშა მცველმა გიორგი მჭედლიშვილმა, ხოლო ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი 44-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

შტურმი - ჰაგესუნდი 2:1 (0:2)
გრაცული გუნდი, რომლის შემადგენლობაში ისევ შეუცვლელად ითამაშა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა, გათამაშებას გამოეთიშა.

კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ორდაბასი" გასვლაზე კი დაუზავდა "მლადას" (1:1), მაგრამ სახლში 2:3 წააგო და გავარდა.

"საბურთალოს" მიერ ძლეულმა "შერიფმა" ტირასპოლში ფრეს (1:1) მიაღწია ალბანურ "პარტიზანთან" და ვინაიდან პირველი მატჩი 1:0 ჰქონდა მოგებული, მესამე რაუნდში გავიდა.