ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ

AutoSharing Option
Sportall.ge გამოცდილ მწვრთნელსა და თბილისური კლუბის ყოფილ ფეხბურთელსა და თავკაცს, კახა კაჭარავას "ფეიენოორდი"-"დინამოს" (4:0) დაპირისპირებაზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ თბილისის "დინამოს" სწორედ კახა კაჭარავა ხელმძღვანელობდა.

ბატონმა კახამ ჩვენთან საუბარში ის პრობლემები წარმოაჩინა, რაც ხშირად ევროტურნირებზე შედეგზე აისახება.

- ანგარიშიდან გამომდინარე, რთულია ამ თემაზე საუბარი. "დინამოს", ალბათ, უფრო კარგად გამოუვიდოდა თამაში, კაცნაკლული რომ არ ყოფილიყო. "დინამოს" დრო სჭირდება, რომ ჩამოყალიბდეს. კარგი გუნდია - კარგად ორგანიზებული. ფეხბურთელებს კი გამოცდილება დააკლდათ. თუ ეს გუნდი შენარჩუნდა, აქვს შესაძლებლობა, კარგი მომავალი ჰქონდეს. "ფეიენოორდისნაირ" კლუბებთან
იღებენ ჩვენი გუნდები გამოცდილებას.

- თქვენ ფიქრობთ, რომ წინა შესარჩევიდან ამ შესარჩევამდე თბილისის "დინამო" გაიზარდა?
- რა თქმა უნდა, გაიზარდა. ყველაფერს უნდა დრო. მაინც ახალი გუნდია, ერთი თვის წინ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატეს. თუ "დინამო" ამ ბირთვს შეინარჩუნებს და კიდევ დაიმატებს ორ-სამ ფეხბურთელს, რომელიც გააძლიერებს გუნდს, კარგი იქნება. "დინამოში" ბევრი გამოუცდელი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა ვფიქრობ, "დინამო" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საქართველოში.

- თუმცა, ბატონო კახა, თქვენს დროსაც იყო იგივე პრობლემა, რომ ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები მიდიოდნენ კლუბიდან ევროპის საშუალო დონის გუნდებში და იქ ვეღარ ახერხებდნენ წარმატების მიღწევას. ხომ არ ჯობია, რომ კლუბმა მაქსიმუმი გააკეთოს მათ შესანარჩუნებლად?
- ფეხბურთელის შენარჩუნება საქართველოში რთულია. მოდი, რეალურად ვიმსჯელოთ. პოსტსაბჭოთა სივრცეში ორი ქვეყანაა, სადაც ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელები არიან და ერთი ჩვენ ვართ. გადავხედოთ ჩვენს მეზობლებს ირგვლივ, რა თანხებზეა საუბარი.

ფეხბურთელებს აქვთ 10-12 წელიწადი, რომ ამ პერიოდში თავიანთი კაპიტალი შეაგროვონ. ყველას უნდა, რომ წავიდეს და კარგ ქვეყანაში იცხოვროს, კარგ დონეზე ითამაშოს.

ერთია, რომ ჩვენს ფეხბურთელებს რაც აკლიათ - ეს არის პროფესიონალიზმი. უცხოეთში არავინ შეგეხვეწება, მოდი ვარჯიშზეო. არ მიხვალ, კარგად იყავიო, გეტყვიან.

ჩვენები ტალანტები და ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ არის არასწორი მიმართულება მიცემული ბავშვობაში და პროფესიონალად ვერ აყალიბებენ ფეხბურთელებს. შენ რომ პროფესიონალად გაზარდო ბავშვი, შენ თავად უნდა იცოდე, რა არის პროფესიონალიზმი.

ეს არის ჩვენი პირველი პრობლემა, მეორეხარისხოვნად ვაყენებთ ჩვენს საქმიანობას. "დინამოს" მოუხდა პროფესიონალურ გუნდთან თამაში. ჩვენ შეიძლება ვიყოთ მხოლოდ ლაპარაკში პროფესიონალები. სიტყვა პროფესიონალი სულ სხვა ცნებაა და სხვანაირად აღიქვამენ ჩვენთან.

ფეხბურთელს უნდა ასწავლონ, რომ ეს არის მისი სამსახური, პროფესიონალი ფეხბურთელები თავის დროზე ისვენებენ, თვითონ იღებენ ვიტამინებს, თვითონ ემზადებიან. ჩვენთან კი უნდა დავაძალოთ: "ეს უნდა ქნა ან ეს" - ამდენს კი არავინ არ გაცლის სხვაგან.

ვეხვეწებით ფეხბურთელებს, მოდი, ივარჯიშე,  შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე. მერე მიდიან ეს ფეხბურთელები უცხოეთში და ვერ თამაშობენ. არ მინდა ახლა სახელ-გვარების დასახელება. იქ რომ მიდიან, ჰგონიათ, მწვრთნელს ენას რომ შეუბრუნებენ, ვინმე აპატიებს. ან გააცდენენ ვარჯიშს, ჰკითხავენ, "სად იყავი?" ის გიპასუხებს: "დაბადების დღეზე". იქ არავინ არ უკრძალავს ამას, უბრალოდ, რომ მიხვალ ვარჯიშზე, შენ შენი საქმე უნდა გააკეთო.

- ზოგადად, როგორ შეაფასებთ ჩვენი გუნდების გამოსვლას ევროტურნირებზე? "საბურთალოს" ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს...
- ევროპა ლიგაზე სუსტი გუნდები არ არიან. "საბურთალოც" შემთხვევით არ გასულა, შემთხვევით არაფერი არ ხდება. "საბურთალოს" ჯერ სახლში აქვს სათამაშო, ამიტომ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი. ამ ბიჭებმა ის შეცდომა არ უნდა გაიმეორონ, რაც "შერიფთან" მოუვიდათ.

50% ამ გუნდს უკვე გაკეთებული აქვს და საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ. ამ გუნდში არიან ფეხბურთელები, იგივე გორგიაშვილი, რეხვიაშვილი, კაკუბავა, რომლებსაც აქვთ ეს ტურნირები ნათამაშები და არა მგონია, ამ ბიჭებმა იგივე შეცდომები გაიმეორონ.

"აიაქსის" მაგალითი ავიღოთ "ტოტენჰემთან", გამოცდილება სულ სხვა რამეს ნიშნავს ევროტურნირებზე. მე ვფიქრობ, "საბურთალო" გადალახავს ამ ეტაპს. წარმატებები მინდა ვუსურვო "საბურთალოს" და ქართულ კლუბებს.

ყველაზე მთავარი რა არის, იცით? ნუ შევუქმნით მოლოდინს. რა დონეზეც ვართ, იმაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ მოლოდინი შევქმენით იმის, რომ "ფეიენოორდს" მოვუგებდით. არ შეიძლება ასე მიდგომა, ჩვენ არა ვართ ჯერჯერობით იმ დონეზე, რომ როტერდამულ კლუბს მოვუგოთ და ეს გამოჩნდა. ჩვენ ისეთი მოლოდინი შევქმენით, ალბათ, "ლივერპულსაც" მოვუგებდით.

- დიახ, ეგრე იყო ნამდვილად, ხშირად იყო ფრაზები, "ისტორია განმეორდებაო"...
- დიახ, რა თქმა უნდა. გაიხსენეთ, ის ფეხბურთელები, ის ლეგენდები რა ასაკის იყვნენ. არცერთი არ იყო 19-20 წლის ბიჭი. ბევრ ფეხბურთელს პირველად მოუწია ასეთ გარემოში თამაში, ასეთ არენაზე და ასეთი დონის გუნდთან. მაშინდელის და დღევანდელის შედარება ნაადრევია და არასწორი. ისინი განუმეორებლები არიან.

altრისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?

მკითხველის კომენტარები / 15 /
ყველა მწვრთნელი და სპეციალისტი ერთ და იგივეს იძახით-პროფესიონალიზმი აკლიათ,კონცენტრაციას კარგავენ,ფიზიკა არ ივარგა და ა. შ.მერე ეს ყველაფერი თქვენი გამოსასწორებელია და გასაკეთებელი,ვულშემატკივარი ხომ არ იზამს.მაგრამ უბედურება ის არის რომ,თვითონ მწვრთნელები არ არიან პროფესიონალები.ერთი-ორი და მორჩა.ამიტომ თავიანთი თავიდან ხომ არ ჯობია დაიწყონ.ბ-ნ კახას ეს არ ეკუთნის,სხვები მყავს მხედველობაში.
კახა ქ.
20:53 09-08-2019
0
ასწავლეთ მერე თუ შეგიძლიათ მარა წლებია ფიზიკას ვერ მიხედეთ და ფეხბურთზე ლაპარაკი კი უნდა შეგრცხვეთ
შოკირებული გულშემატკივარი
18:02 09-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული