დროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

AutoSharing Option
14 აგვისტო ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, არა იმიტომ, რომ "საბურთალო" ძლიერ მეტოქესთან დამარცხდა, არამედ იმიტომ, რომ სუსტ მეტოქესთან სასაცილოდ გაბითურდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მეტოქის ქომაგის მიერ მოწყობილი ზეიმი, აღელვებული ქართველი ქომაგის მიერ ფეხბურთელთა ბულინგი, ჩხუბი, ბოთლის სროლა მსაჯებისთვის, გინების კორიანტელი - ეს იყო გუშინდელი მატჩის კულმინაცია.

როდესაც პრესკონფერენციაზე მიდიხარ, ათასგვარი კითხვა გიტრიალებს თავში. აზრიც აღარა აქვს ტაქტიკური მონახაზის შეფასებას და ჭიაბრიშვილს მხოლოდ ის ვკითხე, ამ ამბის მერე როგორ შეძლებდა ვინმე ქართველი ხალხის ქართული საკლუბო ფეხბურთისკენ მობრუნებას?
პასუხი ზოგადი იყო: "ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ".

და ამ ამბის მერე როგორ გინდა, რომ ვინმეს უთხრა, ეროვნულ ლიგას რატომ არ უყურებო?

გიორგი ჭიაბრიშვილის ტაქტიკა ამ შეხვედრაში არაფერი იყო სხვა, თუ არა დამწყები ბავშვებისთვის დახაზული სქემა, აი, შენ აქ დადგები და დანარჩენი შენ იცი, არ შემარცხვინოო.

კლუბი, რომელსაც შეთამაშების პრობლემა არ აქვს და მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთ კომბინაციასაც ვერ შემოგთავაზებს, ესეც კატასტროფაა. ვერც იმას იტყვი, მეტოქის მწვრთნელის ტაქტიკითა და კომბინაციებით მოხდა ეს ყველაფერიო - არა, რადგან მასაც შეხვედრაში თითქმის არაფერი გაუკეთებია. "საბურთალო" საკუთარ თავთან დამარცხდა.

თუმცა მარტო მწვრთნელისთვისაც ყველაფრის დაბრალება არ არის სწორი, ფეხბურთელთა მოქმედებები ყველა სახის ლოგიკას მოკლებული იყო. ადამიანებს, რომლებიც მთელ ცხოვრებას ფეხბურთს უძღვნიან, ავიწყდებოდათ საჭირო მომენტში პასის გაცემა, ავიწყდებოდათ საჯარიმოში ასვლა და ფლანგიდან ჩაწოდებებზე დახვედრა, ავიწყდებოდათ პოზიციების განაწილება, ავიწყდებოდათ მეტოქე და "არარატის" ყველა სახიფათო შეტევა "საბურთალოს" გადაცემით იწყებოდა. ბოლოს ისიც დაავიწყდათ, რომ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი და შეხვედრა უნდა გადაერჩინათ, ამ დროს კი მეტოქის ფეხბურთელებთან საქმის გარჩევა დაიწყეს.

რაც უფრო ნაკლებად ითამაშებენ pubg-ის და რაც უფრო ნაკლებად მოიხმარენ სოციალურ ქსელებს და მეტ დროს ფიზიკურ ან გონებრივ ვარჯიშს დაუთმობენ, მით უფრო მეტი შანსი ექნებათ, გახდნენ უკეთესი ფეხბურთელები.

დამნაშავეა კლუბის ხელმძღვანელობა, მათ არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ რამდენიმე პოზიცია კვალიფიციური ფეხბურთელებით დაეკომპლექტებინათ.

გჭირდება ჩამშლელი ან შემტევი, რომელიც თავდამსხმელს პასებით მოამარაგებს; მცველი, რომელსაც ფიქრი შეუძლია და გადამწყვეტ მომენტში პენალტით არ დააჯილდოებს გუნდს. შენ კი ამ დროს უშვებ შენს წამყვან ფეხბურთელს ბელორუსის ჩემპიონატის დაბალი დონის გუნდში და იმატებ ერთ ფეხბურთელს, რომელიც შეიძლება ევროტურნირების შესარჩევის დასრულებამდე ფორმაში ვერ შევიდეს - ეს არაპროფესიონალიზმია ან დიდი წარმოდგენა საკუთარ გუნდზე.

ძალიან ცუდი ფაქტი იყო, რომ მოედანზე მხოლოდ "არარატ-არმენიას" ფანკლუბის ხმა ისმოდა. იყო თუ არა იქ "საბურთალოს" ფანკლუბი, ძნელი სათქმელია. იყო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომელთა ხმა მგონი მატჩის დასაწყისში ისმოდა, ისიც მათი ტრიბუნის სიახლოვეს.

არადა, ელემენტარულად, თავიანთი სკოლის აღზრდილი ბავშვები რომ შეეკრიბათ და დაერიგებინათ მათთვის საყვირები, დროშები, დოლები და მაისურები, მოედანზე ასეთი სიტუაცია არ იქნებოდა, თუმცა აქაც უცნაურ პრობლემებს ვაწყდებით - არც "საბურთალოს" ბავშვებს უხარიათ მთავარი გუნდის მატჩებზე სიარული, წარმოგიდგენიათ?

საქართველოს ჩემპიონის მაგალითზე, დაშლილი "ტორპედოს" მაგალითზე, ყოველ წელს უმოტივაციო "დინამოს" მაგალითზე, ხომ არ არის დრო, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას? სრულად გადააბაროს კლუბებს საქართველოს ჩემპიონატი, ეს აპრობირებული მეთოდია მთელ ევროპაში. ის ფინანსები კი, რომლებიც ამ კლუბებზე იხარჯება, სხვა საქმეში დააბანდოს.

ფაქტია, კლუბებში საპრიზო თანხად ან ნებისმიერი სახით თანხის მიწოდებას წლებია უკვე შედეგი არ მოაქვს. ფული, რომელიც სახელმწიფოსა და ხალხს ეკუთვნის, გაურკვეველი მენეჯმენტების ხელში უაზროდ იხარჯება და ამას შედეგი არ მოაქვს. თუ კლუბებს შედეგი არ აქვთ, მაშ რისთვის უნდა აფინანსებდეს საზოგადოება მათ? გვინდა კი ასეთი დაფინანსებული ფეხბურთი?

ამას ჯობია, ეს თანხა ფედერაციის აკადემიებში დაბანდდეს, ისეთივეში, როგორიც ლაგოდეხშია. ამ თანხით გარკვეულ პერიოდში ფედერაცია თავისი აკადემიებით მთელი საქართველოს ათვისებას შეძლებდა და ეს ყველაფერი მომავალში ჩადებული ინვესტიცია გამოვიდოდა. სხვა შემთხვევაში ვინღა მოთვლის ქართულ საკლუბო ფეხბურთში დახარჯულ მილიონებს და დასახარჯსაც...

altმსაჯს ბოთლი ესროლეს და... - ინციდენტი "საბურთალოს" მატჩზე [VIDEO]

altგოლი, რომელიც "საბურთალოს" არ ჩაუთვალეს - იყო თუ არა თამაშგარე? [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 66 /
გეტყვით სიმართლეს ძმებო! ეს თამაში გაყიდეს მწვთნელებმა,მათ ზემოთ მდგომმა ხალხმა ფეხბურთელების უმეტესმა ნაწილმა,თუ რომელმა ფეხბურთელებმა არ იცოდნენ რომ თამაში გაყიდული იყო.კიდევაც ეტყობოდათ დამეცოდებიან,რადგან მაგენიც გაისვარენ ლაფში.საინტერესოა მალის რომ ის ბურთი გაეტანა,ძელს რომ გაარტყა,ალბათ დამატებიში გაატანიებდნენ მესამეს სომხებს.ყველა ვინც სამშობლოს და ღირსებას ყიდის ყველა ფურთხის ღირსია
კახა
18:41 15-08-2019
2
.... ავიწყდებოდათ საჯარიმოში ასვლა, ავიწყდებოდათ ფლანგიდან ჩაწოდებებზე დახვედრა, ავიწყდებოდათ საჭირო მომენტში პასის გაცემა... მაგ დავიწყებებში ავტორ ფული იყო გადახდილი ფეხბურთელებისათვის თორემ რაც შენ ეხლა ჩამოთვალე მაგდენი დავიწყებების მქონე მეხსიერების კაცი ფეხბურთს ითამაშებს კიარა სახლის გზას ვერ მიაგნებს)) ასე რომ შეეშვი მაგ ავიწყდებოდათ-ს და შესაბამისი სახელი დაარქვი მაგათ ქცევას, შეეშვით ეს ჟურნალისტები ნურც მწვადს დავწვავთ ნურც შამფურსო
dinamo
14:51 15-08-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული