15 აგვისტოს თბილისის "დინამოსა" და როტერდამის "ფეიენოორდს" შორის "დინამო არენაზე" ჩატარებული ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი ქართული კლუბებისთვის ევროთასებზე ბოლო მატჩი გამოდგა.
ამ შეხვედრით ქართული კლუბების გამოსვლა ევროთასებზე დასრულდა და შეგვიძლია ჩვენი კლუბების მიერ მოპოვებული სარეიტინგო ქულები და გამომუშავებული თანხები დავთვალოთ.
უეფას კოეფიციენტების რეიტინგში საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგებისთვის 1 ქულა იწერება, ხოლო ფრისთვის - 0.5. რადგან საქართველოს ევროთასებზე 4 წარმომადგენელი ჰყავს, ეს ქულები 4-ზე იყოფა და საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგებისთვის ქართული კლუბი 0.25 ქულას იღებს, ხოლო ფრისთვის - 0.125 ქულას.
"საბურთალო"
დავიწყოთ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის "საბურთალოს" ასპარეზობით.
"საბურთალომ" ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო. საბურთალოელების მეტოქე მოლდოვური "შერიფი" იყო. პირველი მატჩი ქართველებმა 3:0 მოიგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში 1:3 დამარცხდნენ.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" ზაგრების "დინამოს" შეხვდა. პირველი მატჩი "საბურთალომ" შინ 0:2 წააგო, ხოლო საპასუხო - 0:3.
ამის შემდეგ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთო, სადაც თითქოს სასურველი მეტოქე "არარატ-არმენია" შეხვდა. პირველი მატჩი "საბურთალომ" სტუმრად 2:1 მოიგო, თუმცა შინ 0:2 დამარცხდა და ევროთასებს გამოეთიშა.
"საბურთალომ" ევროთასებზე ჩატარებული 6 მატჩიდან მხოლოდ 2-ის მოგება შეძლო, 4 კი წააგო.
მათი სარეიტინგო ქულები კი ასე გამოიყურება:
- "შერიფთან" - 0.25 ქულა მოიპოვეს (1 მოგება, 1 მარცხი)
- ზაგრების "დინამოსთან" - 0 ქულა (2 წაგება)
- "არარატ-არმენიასთან" - 0.25 ქულა (1 მოგება, 1 მარცხი)
- ჯამში: 0.5 ქულა
რაც შეეხება გამომუშავებულ თანხას, "საბურთალომ" 3 ეტაპზე იასპარეზა და ჯამში უეფასგან სეზონის ბოლოს 940 000 ევროს მიიღებს, რაც დღევანდელი კურსით 3 042 216 ლარია.
აქ კი შეგიძლიათ კონკრეტულად ნახოთ, რომელ ეტაპზე რა თანხა გამოიმუშავა "საბურთალომ":
- ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 000 ევრო
- ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი - 380 000
- ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 000
- ჯამში: 940 000 ევრო
თბილისის "დინამო"
ახლა კი თბილისის "დინამოზე" გადავიდეთ, რომლის გამოსვლა შეგვიძლია ყველაზე უკეთესად შევაფასოთ.
თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ანდორულ "ენგორდანს" შეხვდა და პირველ მატჩში შინ 6:0 მოუგო, ხოლო სტუმრად - 1:0.
მეორე ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალას" სტუმრად 2:0 სძლია და შინ 3:0 მოუგო.
მესამე ეტაპზე როტერდამის "ფეიენოორდთან" სტუმრად ანგარიშით 0:4 დამარცხდა, ხოლო შინ 1:1 ითამაშა.
"დინამო" ევროთასებზე ჩატარებული 6 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, ერთხელ ფრე ითამაშა და 4-ჯერ მოიგო.
"დინამოს" სარეიტინგო ქულები ასე გამოიყურება:
- "ენგორდანთან" - 0.5 ქულა (2 მოგება)
- "გაბალასთან" - 0.5 ქულა (2 მოგება)
- "ფეიენოორდთან" 0.125 ქულა (1 მოგება, 1 წაგება)
- ჯამში: 1.125 ქულა
ამდენი მოგების მიუხედავად, "დინამომ" "საბურთალოზე" ნაკლები გამოიმუშავა და ეს იმით არის განპირობებული, რომ "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე იასპარეზა, სადაც უფრო მეტი დაფინანსებაა.
საერთო ჯამში, თბილისის "დინამომ" 780 000 ევრო გამოიმუშავა, რაც დღევანდელი კურსით 2 528 791 ლარია.
"დინამოს" მიერ გამომუშავებული თანხები კონკრეტულ ეტაპზე:
- ევროპა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი - 240 000 ევრო
- ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი - 260 000
- ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 000
- ჯამში: 780 000 ევრო
საჩხერის "ჩიხურა"
შემდეგი გუნდი სოსო ფრუიძის საჩხერის "ჩიხურაა", რომელმაც ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის "ფოლას" სტუმრად 2:1 სძლია, ხოლო შინ კვლავ ამავე ანგარიშით დაამარცხა.
"ჩიხურას" შემდეგი მეტოქე შოტლანდიური "აბერდინი" გახლდათ. ფრუიძის გუნდმა შინ 1:1 ითამაშა, ხოლო სტუმრად მტკივნეული მარცხი (0:5) იწვნია და ევროთასებს გამოეთიშა.
"ჩიხურამ" ევროთასებზე 4 ჩატარებული მატჩიდან 2 მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და 1 წააგო.
"ჩიხურას" სარეიტინგო ქულები ასე გამოიყურება:
- "ფოლასთან" - 0.5 ქულა (2 მოგება)
- "აბერდინთან" - 0.125 (1 ფრე, 1 წაგება)
- ჯამში: 0.625 ქულა
რაც შეეხება ფინანსებს, "ჩიხურამ" 500 000 ევრო გამოიმუშავა, რაც დღევანდელი კურსით 1 620 903 ლარია.
"ჩიხურას" მიერ გამომუშავებული თანხები კონკრეტულ ეტაპზე:
- ევროპა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი - 240 000 ევრო
- ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი - 260 000
- ჯამში: 500 000
ქუთაისის "ტორპედო"
სამწუხაროდ, ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა.
"ტორპედოს" ევროთასების წინ ფინანსური კრიზისი დაეწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.
"ტორპედო" პირველ ეტაპზე კახა ცხადაძის "ორდაბასს" შეხვდა და პირველ მატჩში სტუმრად 0:1 დამარცხდა, შემდეგ კი შინ 0:2 წააგო.
ქუთაისელებმა სარეიტინგო ქულები ვერ მოიპოვეს, თუმცა უეფასგან პირველ ეტაპზე მონაწილეობისთვის 240 000 ევროს მიიღებენ, რაც დღევანდელი კურსით 778 138 ლარია.
ქართული კლუბების საერთო მონაგარი
თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" მოპოვებული ფრით საქართველოს რეიტინგში 0.125 ქულა დაუმატა.
ამ დროისთვის საქართველოს უეფას რეიტინგში 2.25 ქულა აქვს, რაც ქართული კლუბების მიერ დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე, ისტორიაში მეორე საუკეთესო მაჩვენებელია.
ბოლო ხუთი წლის შედეგების დაჯამებით, საქართველოს 5.75 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით 45-ე ადგილზე იმყოფება.
ქართული კლუბების მიერ მოპოვებული ქულები ასე გამოიყურება:
- "დინამო" (თბ) - 1.125 ქულა (4 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება)
- "ჩიხურა" - 0.625 ქულა (2 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი)
- "საბურთალო" - 0.5 ქულა (2 მოგება, 4 მარცხი)
- "ტორპედო" - 0 ქულა (2 მარცხი)
- ჯამში: 2.25 ქულა
ქართული კლუბების მიერ გამომუშავებული თანხა:
- "საბურთალო" - 940 000 ევრო
- თბილისის "დინამო" - 780 000
- საჩხერის "ჩიხურა" - 500 000
- ქუთაისის "ტორპედო" - 240 000
- ჯამში: 2 460 000 ევრო
იყო თუ არა წლევანდელი სეზონი უკეთესი წინაზე? ასე ცალსახად ვერ ვიტყვით. თუ შევადარებთ სარეიტინგო ქულებს, დიახ, იყო, რადგან გასულ სეზონში 1.625 ქულა მოიპოვეს, რაც წლევანდელთან შედარებით 0.625-ით ნაკლებია.
თუმცა გასულ სეზონში "ტორპედო" პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ის ერთადერთი კლუბია, რომელმაც ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. წელს მესამე ეტაპზე ორი კლუბი გვყავდა, მაგრამ პლეი-ოფში ვერც ერთი ვერ გავიდა.
სარეიტინგო ქულების მხრივ ნამდვილად უკეთესი შედეგი გვაქვს, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით, "საბურთალოს" მიერ სომხურ "არარატ-არმენიასთან" სამარცხვინო მარცხმა ყველაფერი დაჩრდილა.
"საბურთალოს" დებიუტს ევროთასებზე კარგსაც ვერ დავარქმევთ, გუნდმა 6-დან 4 მატჩი წააგო. უფრო მეტი სარეიტინგო ქულის მოპოვება "ჩიხურამაც" კი შეძლო, რომელიც მეორე ეტაპიდან გავარდა.
ერთადერთი კარგი, რაც "საბურთალოს" ამ ევროთასებიდან დარჩა, ალბათ, გამოცდილებაა, თუმცა მაგაშიც დარწმუნებულები არ ვართ და ასევე - ის ფული, რომელსაც უეფასგან სეზონის ბოლოს მიიღებს.
რატომ არ ფიქრობენ ამ საკითხზე ძლიერნი ამა ქვეყნისანი? რატომ არ არის სურვილი რომ იგივე გააკეთოს სახელმწიფომ? რომ შექმნას (ან გააძლიეროს) ერთი ისეთი კლუბი, რომელიც ქვეყნის სახელს ღირსეულად გაიტანს საერთაშორისო საფეხბურთო სამყაროში? ამას ხომ არამხოლოდ სპორტული, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს! როგორ ვერ უნდა შეძლოს სახელმწიფომ თუნდაც ერთი ასეთი კლუბის შემნა და რჩენა? აქ არ არის საუბარი უმაღლესი დონის მრავალმილიონიან კლუბებზე. თუ კი ეს მოხდება, სხვა შედარებით შეძლებული კლუბების მეპატრონეებიც იძულებულნი გახდებიან უფრო მეტად გააძლიერონ თავიანთი კლუბები. რადგან სხვაგვარად ეროვნულ ლიგაშიც კი ვღარ მიარწევენ შედეგს. ეს კი გარკვეულწილად აწევს ეროვნული ლიგის დონეს და გაზრდის მისდამი ინტერესს. მთავარია იყოს მსგავსი პროექტის სურვილი და ამ ყველაფრის შექმნა რეალურია...