კასპში ცენტრალური სტადიონი გაიხსნა

AutoSharing Option
24 ნოემბერს კასპში ცენტრალური სტადიონის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან, კასპის მაჟორიტარ ირაკლი მეზურნიშვილთან და კასპის მუნიციპალიტეტის მერ მანუჩარ მერებაშვილთან ერთად დაესწრო.

გახსნის საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სხვა სტუმრებთან ერთად დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

"დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან სულ რაღაც 2 წლის წინ, როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, ამ სტადიონის მაშინდელი მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ ამ ადგილზე არაჩვეულებრივ საფეხბურთო ინფრასტრუქტურას გავაკეთებდით
და როგორც ხედავთ, ეს პირობა შესრულებულია.

​ეს სტადიონი აშენდა, პირველ რიგში, იმ ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც უყვართ ფეხბურთის თამაში. ეს ინფრასტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ ბავშვებთან ერთად სხვებიც ჩავრთოთ ფეხბურთში და ჯანსაღად ცხოვრების საშუალება მივცეთ. ჩვენი პრიორიტეტი და მთავარი მიზანი სწორედ ესაა.

​მეამაყება, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ არაჩვეულებრივი პროექტი განახორციელა, რომელიც კარგად გვაჩვენებს, თუ რისი შექმნა შეგვიძლია ერთობლივი მუშაობით.

​აქ მყოფ თითოეულ ჩემს მეგობარს, რომლებსაც ამ პროექტის განხორციელებაში დიდი როლი მიუძღვით, მსურს, რომ მადლობა გადავუხადო. მათთან ერთად მადლობას ვუხდი ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან სტადიონის აშენების იდეა სწორედ მათგან წამოვიდა. წარმატებას ვუსურვებ ყველა აქ მოსულ გულშემატკივარს და რა თქმა უნდა, ბავშვებს".

კასპის ცენტრალური სტადიონის გახსნის ღონისძიებას სფფ-ის წარმომადგენლებთან ერთად შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გახსნის საზეიმო ცერემონიის შემდეგ კასპის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივ ვეტერანებსა და თბილისის "დინამოს" ვეტერანებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

​კასპის ცენტრალური სტადიონი რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით აშენდა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე 500 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა და პრესლოჟა მოეწყო, დაიგო უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი, დამონტაჟდა განათების სისტემა და განახლდა სპორტული სკოლის შენობა, რომელიც ადმინისტრაციულ ნაგებობას და გასახდელებს მოიცავს. ახალი სტადიონის ტერიტორიაზე ერთი სტანდარტული ზომის და ერთი მინი-მოედანია.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
მშვენიერია. ამდენი მოედანი და ინფრასტრუქტურა რაც ეხლა კეთდება, აუცილებლად მოიტანს შედეგს, ფეხბურთზე მოსიარულე ბავშვთა რაოდენობა მოიმატებს, წამოვა ნიჭიერი თაობა, თან ასეთ მშვენიერ პირობებში ვარჯიში სანატრელია ყველასთვის.
DAVE
10:56 25-11-2019
0
მადლობა ლუნას
ზაზა
07:47 25-11-2019
3

სიახლეები პოპულარული