მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რეკომენდაცია გასცა, უახლოესი 4 წლის მანძილზე რუსეთს ყველა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა აუკრძალონ. საკითხი 9 დეკემბერს, WADA-ს აღმასკომზე განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.
მოხსენებაში აგრეთვე იტყობინებიან, რომ აუცილებელია, რუს ჩინოვნიკებს აეკრძალოთ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება და რუსეთს აეკრძალოს ნებისმიერი
ტურნირის მასპინძლობა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს, 27 ნოემბერს, პეტერბურგში უეფას პრეზიდენტ ალეკსანდერ ჩეფერინს შეხვდება და იქ გაირკვევა რუსეთის ბედი.
როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის ერთ-ერთი მასპინძელი რუსეთის ქალაქი სანქტ-პეტერბურგია, რომლის "კრესტოვსკის სტადიონს" (64 468 მაყურებელი) ჯგუფური ეტაპისა და მეოთხედფინალისთვის უნდა
ემასპინძლა.
რუსეთის ჩანაცვლებაზე პრეტენზია უელსმა გამოთქვა, რომელიც უეფასთვის "მილენიუმის" სტადიონის შეთავაზებას აპირებს (74 500 მაყურებელი). აღსანიშნავია ისიც, რომ უელსს მასპინძლობაზე მანამდეც ჰქონდა განაცხადი შეტანილი და უეფასგან უარი მიიღო. ეს სტადიონი კი, ძირითადად, სარაგბო თამაშებისთვის გამოიყენება, ფეხბურთს "კარდიფ სითის" 30 000-იან სტადიონზე თამაშობენ.
და თუ პეტრე დიდის ნაშენები ქალაქი დოპინგ-სკანდალის გამო უარს მიიღებს, რატომ არ შეიძლება, რომ უეფას თბილისი და "დინამო არენა" შევთავაზოთ? ჩვენ უეფას მიერ ორგანიზებულ ტურნირებში თავი არ შეგვირცხვენია. ამავდროულად, გვაქვს შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ.
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მიღებაზე საუბარი ადრეც იყო, ჯერ კიდევ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროს, რომელიც ილჰამ ალიევთან ერთად საქართველო-აზერბაიჯანის შეთავაზებას აპირებდა მასპინძელ ქვეყნად. საბოლოოდ საქართველო და აზერბაიჯანი ვერ შეთანხმდნენ, შემდეგ კი დამოუკიდებლად ვგეგმავდით განაცხადის შეტანას.
თუმცა უეფამ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი საიუბილეო გამოაცხადა და მისი 12 ქალაქში ჩატარება განიზრახა. ბოლოს კი ისე მოხდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოულოდნელად განაცხადი საერთოდ არ შეიტანა და ასე გაუშვა თბილისმა მასპინძლობის შანსი.
"დინამო არენა", ევროპის 2020 წლის მასპინძელ სტადიონებთან შედარებით, 4-ზე დიდია და 3 სტადიონთან მიმართებაში თანაბარი ზომისაა.
ევრო 2020-ის მასპინძელი ქალაქებია: კოპენჰაგენი, დუბლინი, გლაზგო, ბოლბაო, ამსტერდამი, ბუქარესტი, ბუდაპეშტი, ბაქო, რომი, მიუნხენი, ლონდონი და სანქტ-პეტერბურგი.
კიდე ბარემ გორი და ბათუმიც მოვითხოვოთ.