ვარკეთილში ახალი საფეხბურთო კომპლექსი გაიხსნა

AutoSharing Option
2 დეკემბერს, ვარკეთილში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან და თბილისის მერთან, კახი კალაძესთან ერთად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრნენ.

ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შორის ვარკეთილის საფეხბურთო სკოლის აღსაზდელები იყვნენ, სხვა გამომსვლელებთან ერთად სიტყვით სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიმართა:

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პროექტი, რომელიც წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ დღეს წარმატებით დასრულდა და უკვე ხვალიდან ბავშვებს შეეძლებათ, რომ ფეხბურთი
ითამაშონ და ისიამოვნონ. ეს ნამდვილად სამაგალითო პროექტია და მსურს, ფეხბურთის ფედერაციის, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლობას გავუსვა ხაზი.

აღნიშნული ტერიტორია ჩვენ კონკრეტული ვალდებულებით გადმოგვეცა, რომ აგვეშენებინა სტადიონი, თავისი დამხმარე ინფრასტრუქტურით. ახალი საფეხბურთო ცენტრით ვარკეთილში არსებულ საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლებენ.

მსურს, მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის მერს, კახი კალაძეს და თბილისის საკრებულოს. აქვე აღვნიშნავ, რომ ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი სახელმწიფო დაფინანსებით არ აშენებულა და ჩვენ ეს პროექტი FIFA FORWARD-ის პროგრამიდან მოზიდული თანხით განვახორციელეთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიზანია, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა თბილისის ყველა უბანში მოეწყოს. შემდეგ მშენებლობა უკვე დაწყებული გვაქვს გლდანში და ასე გავაგრძელებთ მთელი ქალაქის მასშტაბით".

სფფ-ის ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდობის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და სხვადასხვა დროის ფეხბურთელები.

პროექტის ფარგლებში, საფეხბურთო ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო ერთი სტანდარტული ხელოვნურსაფრიანი საფეხბურთო მოედანი 230 ლუქსიანი განათებით და მინი საფეხბურთო მოედანი განათებით. ასევე ასოთხმოცადგილიანი ტრიბუნა, რომელიც აღჭურვილია შშმ პირებისთვის განკუთვნილი პლატფორმით, ადმინისტრაციული შენობა გასახდელებით, მსაჯების, სამედიცინო, მწვრთნელების ოთახებით და სხვა საჭირო სივრცეებით. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო.

აღნიშნული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს პროგრამა FORWARD-ის მიერ დაფინანსდა. პროექტის საერთო ღირებულება ორი მილიონ ორასი ათასი ლარია. სპორტული კომპლექსით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ ვარკეთილში მდებარე საფეხბურთო სკოლებს, სამოყვარულო გუნდებს, ბავშვთა რეგიონალურ ნაკრებებს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგია. სპორტი და ჯანმთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა აუცილებელი, თორე დასკდნენ პლანის წევით ახალგაზრდები!!! ყოჩაღ ბიჭებო!!!
G.A.L.
08:58 03-12-2019
0
საშური საქმე!ღმერთმა გვიმრავლოს!!
მერაბი
00:44 03-12-2019
0

სიახლეები პოპულარული