გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ქალთა ფეხბურთის განვითარება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. ამის ერთ-ერთი დასტურია ის, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველო 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოსთან ერთად ევროპის 7 უძლიერესი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
ამას გარდა, ბოლო წლების განმავლობაში,
სფფ-ის მიერ განხორციელებული პროექტების ეფექტიანობას ჩართული ფეხბურთელების რაოდენობის ზრდაც ადასტურებს. 2015 წელს, მოთამაშე გოგონების რაოდენობა 300 გახლდათ, დღეის მდგომარეობით კი აღნიშნული ციფრი 1400-მდე გაიზარდა. ამას გარდა, სასკოლო პროექტებში ჩართული გოგონათა რაოდენობა 3600-ს აჭარბებს.
ასევე, აღსანიშნავია ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით განხორციელებული პროექტები. ყოველწლიურად იმართება გოგონათა სასკოლო პირველობა; გასული წლიდან კი 15-წლამდე ასაკის გოგონათათვის უფასოდ იმართება რეგულარული საფეხბურთო ვარჯიშები და დაინტერესებულ გოგონებს საშუალება აქვთ ჩაერთონ ფეხბურთში. 2019 წელს ასევე პირველად გაიმართა ფუტსალის სასკოლო ლიგა გოგონათა შორის.
ზემოაღნიშნული პროექტები მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ხორციელდება საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარების მიმართულებით. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია საზოგადოების სწორად და სრულფასოვნად ინფორმირება, მზად ვართ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, უფრო დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით