წლის ეგზოტიკური ტრანსფერი - ტყიბულის "მეშახტეში" იაპონელი ფეხბურთელი ითამაშებს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა ტყიბულის "მეშახტემ" საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა - იაპონელი ნახევარმცველი ტაიგა ვატაბე იმერელთა რიგებში ითამაშებს.

"28 წლის ნახევარმცველი უკვე ოფიციალურად შეუერთდა გუნდს და 2020 წლის სეზონში დაიცავს "მეშახტეს" ღირსებას.

ტყიბულელთა შემადგენლობის გაძლიერება ჩვენი გუნდის ყოფილი ფეხბურთელის, ლევან შავგულიძის დახმარებით მოხდა, რომელიც 3 წელია საფეხბურთო აგენტია და ქართულ საფეხბურთო კლუბებში უცხოელი ფეხბურთელების მოწვევით არის დაკავებული." - წერია ტყიბულელთა განცხადებაში.

დიდი ალბათობით, ტაიგა ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი იაპონელი ფეხბურთელია (ინფორმაციის გადამოწმება ძალიან რთულია), თუმცა ასეც რომ არ იყოს, მიმდინარე
წლის ყველაზე ეგზოტიკური ტრანსფერი ნამდვილად არის.

იაპონელი აქამდე დაბალი რანგის აზიურ ჩემპიონატებში თამაშობდა, მიმდინარე სეზონში კი ტყიბულელებს საქართველოს მე-3 ლიგაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში "მეშახტეში" მუდმივად თამაშობდნენ ლეგიონერები. მათი უმრავლესობა აფრიკიდან იყო.