ისტორიაში შესული მწვრთნელით, 2-მეტრიანი ინგლისელით, ბრაზილიურ-არგენტინული ფლანგებით - რა გუნდია "დინამოს" მეტოქე "ტირანა"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის ჩემპიონი "ტირანა" გახლავთ, რომელთანაც არც ისე სასიამოვნო მოგონებები გვაკავშირებს. თუმცა, მთავარი ისაა, რაც წინ გველოდება და აღნიშნულ სტატიაში დინამოელთა მეტოქეს გაგაცნობთ, თუ რა გუნდია "ტირანა" და რას შეიძლება ველოდეთ ამ გუნდისაგან 18 აგვისტოს, "დინამო არენაზე".


ისტორია


საფეხბურთო კლუბი "ტირანა" 1920 წლის 15 აგვისტოს დაარსდა და 5 დღეში ერთ საუკუნეს შეასრულებს. ამ ხნის განმავლობაში კლუბმა ადგილობრივ დონეზე 42 ტიტულის მოგება შეძლო და ქვეყნის ყველაზე წარმატებული გუნდია. არსებობის ისტორიაში "ტირანა" ქვედა დივიზიონში მხოლოდ
ერთხელ - 2016/17 წლების სეზონში დაქვეითდა და 1 წლის შემდეგ დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში.

ალბანელთა ისტორიაში ევროტურნირებზე საუკეთესო შედეგი თასების მფლობელთა თასის 1/8-ფინალში 3-ჯერ გასვლა იყო და ევროპული კლუბების რეიტინგში საუკეთესო ადგილი 31-ე პოზიცია გახლდათ ("დინამო" ერთ დროს ამ სიაში მე-6 გუნდი იყო, ახლა მე-6 "მანჩესტერ სიტი" გახლავთ...).

"ტირანამ" ქვეყნის ჩემპიონატი საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში მოიგო და მეორეადგილოსან "კუკსის" (რომელთანაც ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე შინაურ კედლებში წააგო) 4 ქულით აჯობა.

ალბანეთის მოქმედმა ჩემპიონმა ევროტურნირებზე ბოლოს 2012 წელს ითამაშა. ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგულ "გრევენმახერს" 2 მატჩის ჯამში აჯობა (0:0, 2:0), ნორვეგიულ "ოლესუნთან" კი უშანსოდ დამარცხდა (1:1, 0:5).


სტადიონი


"ტირანას" საშინაო არენა "სელმან სტერმასის სახელობის სტადიონი" გახლავთ, რომელიც 9500 ადამიანს იტევს, თუმცა კორონამდელ პერიოდში შეხვედრებს იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი ესწრებოდა, ვიდრე 55 000-იან "დინამო არენაზე" გამართულ ეროვნული ლიგის თამაშებს...

Sportall.Ge

კლუბის პირველი საშინაო არენა "სალვარე" იყო, რომელიც დაანგრიეს. ამის შემდეგ "ტირანა" "ქემალ სტაფას სტადიონზე" თამაშობდა, თუმცა 2015 წლიდან მუდმივად ზემოხსენებულ არენაზე გამოდის, რომელიც წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე "დინამოსთან" წაგების შემთხვევაში არაფერში დასჭირდება...

მწვრთნელი


"ტირანას" ნიგერიელი ნდუბუისი ეგბო წვრთნის, რომელიც ფეხბურთელობის დროს ამპლუით მეკარე იყო და კლუბში 2001-04 წლებში თამაშობდა. ეგბოს ნიგერიის ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული და სხვათა შორის, გოლიც აქვს გატანილი...

ეგბო 2014-19 წლებში "ტირანას" მეკარეების მწვრთნელი გახლდათ, გასული სეზონის წინ გუნდის დამრიგებლად დანიშნეს და დედაქალაქელებს 11 წლის შემდეგ ოქროს მედლებიც მოუტანა.

Sportall.Ge

ფოტოზე: "არსენალისა" და "აიაქსის" ექსფორვარდი ნვანკვო კანუ და ნდუბუისი ეგბო

თუმცა ალბანეთის ჩემპიონატის მოგება ადგილობრივი დონის წარმატება არ ყოფილა. ეგბო პირველი აფრიკელი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ევროპული კლუბი ქვეყნის ჩემპიონი გახადა.

სწორედ ეგბო იცავდა "ტირანას" კარს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე მატჩში 2003 წელს, რომელზეც ქვევით დავწერთ...

ფეხბურთელები და სატრანსფერო ფასები


"ტირანას" სრული სატრანსფერო ღირებულება გერმანული საიტი "ტრანსფერმარკტ-ის" მიხედვით 5,03 (თბილისის "დინამოსი" კი - 7,65) მილიონი ევრო გახლავთ. გუნდში 6 ლეგიონერია, ეროვნულ ნაკრებში კი მხოლოდ ჩრდილომაკედონიელი ფეხბურთელი თამაშობს. "ტირანას" ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 27,5 წელია.

შემადგენლობა

მეკარეები

ედვინ ბაკაი - 100 000 ევრო

პანო ჩირკო - 100 000 ევრო

ილიონ ლიკა - 50 000 ევრო

მცველები

კრისტიან ტოსევსკი (ჩრდ. მკდ) - 500 000 ევრო

გენტიან მუჩა - 125 000 ევრო

ტეფიკ ოსმანი - 125 000 ევრო

ერიონ ხოჯალარი - 225 000 ევრო

მარსელ ისმაილგეჩი - 100 000 ევრო

არდიტ ტოლი - 250 000 ევრო

ალბი დოკა - 250 000 ევრო

კრისტი ვანგიელი - 125 000 ევრო

ანდი ლილა - 250 000 ევრო

ედონ ჰასანი - 325 000 ევრო

იდრის ბატა - 300 000 ევრო

იურგენ ჩელაკა - 275 000 ევრო

ერანდო კარაბეჩი (კ) - 200 000 ევრო

ვინფულ კობინა (განა) - 200 000 ევრო

თავდამსხმელები

ელდის კრაია

ელტონ კალე (ბრზ) - 275 000 ევრო

აგუსტინ ტორასა (არგ) - 250 000 ევრო

მაიკლ ნგოო (ინგ/ნიგ) - 225 000 ევრო

ერნესტ მუჩი - 225 000 ევრო

გრენტ ჰალილი - 200 000 ევრო

ალბიონ ავდიაი - 150 000 ევრო

ისმაილ დუნგა (კენია) - 125 000 ევრო

მარიო მორინა - 75 000 ევრო


როგორც ხედავთ, კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ჩრდილომაკედონიელი მცველი კრისტიან ტოსევსკი გახლავთ, რომელიც სულ ახლახან გადავიდა ალბანელთა რიგებში. ბოლო 3 წელი ტოსევსკიმ "ვარდარში" გაატარა. ეროვნული გუნდის ღირსებას 2017 წლიდან იცავს და უკვე 8 მატჩი ჩაატარა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კრისტიანმა 74 წუთი გაატარა მოედანზე - 12 წუთი შინ "სლოვენიასთან" და 62 წუთი გასვლაზე ავსტრიასთან.

მის გარდა "ტირანამ" 191 სმ სიმაღლის ფორვარდი ადვიონ ადვიაი დანიური "ვიბორგიდან" დაიმატა. თავდამსხმელმა ბოლო გოლი 2018 წელს გაიტანა... გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ "დინამოსთან" თამაშამდე სხვა ფეხბურთელსაც მიიყვანენ გუნდში.

ლეგიონერებიდან გამოსარჩევია 2 გარემარბი - ბრაზილიელი ელტონ კალე და არგენტინელი აგუსტინ ტორასა. სიმაღლეში ორივე 165 სანტიმეტრი გახლავთ. ბრაზილიელი 32 წლის გახლავთ, არგენტინელი კი - 31-სა.

კალე კარიერის მანძილზე, ძირითადად, პორტუგალიის მეორე ლიგაში თამაშობდა, ერთი სეზონი რუსეთის პირველ ლიგაში ("ორენბურგი") ჩაატარა, 2 წელი კი საბერძნეთში თამაშობდა. 2016 წლიდან ბრაზილიელი ალბანურ ფეხბურთში გადაეშვა, შარშან კი "ტირანას" ფეხბურთელი გახდა.

მეზობლის მსგავსად, ტორასამაც ალბანეთში 4 წელი გაატარა, თუმცა 1 სეზონი წყვეტა ჰქონდა... რესისტენსიაში დაბადებულმა არგენტინელმა კარიერა "ოლ ბოისში" დაიწყო და კარიერის ნაწილი უმაღლესსა და პირველ ლიგაში გაატარა. არგენტინის სუპერლიგაში ტორასას 100 მატჩი აქვს ჩატარებული და 6 გოლის გატანაც შეძლო - მათ შორის, "რივერ პლეიტის" კარიც დაულაშქრავს.

საინტერესო ფეხბურთელი ჩანს 2-მეტრიანი ფორვარდი მაიკლ ნგოო, რომელიც წარმოშობით ნიგერიელია, თუმცა ინგლისის მოქალაქე გახლავთ. 27 წლის მაღალ თავდამსხმელს კარიერის ალიონზე ჩემპიონშიფშიც აქვს 7 მატჩი ჩატარებული. თამაშობდა ინგლისის მეორე ლიგაში, შოტლანდიის უმაღლეს დივიზიონში და 2017 წლიდან "ტირანას" ღირსებას იცავს. ალბანეთის ჩემპიონატის აწ უკვე დასრულებულ სეზონში 13 გოლი შეაგდო.

ალბანელი ფეხბურთელებიდან 34 წლის გამოცდილი ანდი ლილას გამოყოფა შეიძლება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზეც უთამაშია, თუმცა ტრავმა აქვს დიდი ხანია და ითამაშებს თუ არ თბილისში, ცნობილი არაა. ლილას საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ 2-ჯერ უთამაშია.

გუნდის ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი 19 წლის ფორვარდი ერნესტ მუჩი გახლავთ. ის ალბანეთის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანია და დასრულებულ ჩემპიონატში 7 გოლი გაიტანა.

მოლოდინი


ძნელი სათქმელია, რას შეიძლება ველოდეთ ამ დაპირისპირებიდან. ალბანელებს განსაკუთრებით მაღალი დონის ფეხბურთელები არცერთ პოზიციაზე არ ჰყავთ; ძირითადი მეკარეც 40 წლისაა, რომელიც სახეზეც არ ჰგავს ბუფონს... არც ნგოო არის ეგბოს თანაგუნდელი კანუს დარი ფორვარდი და არც ტორასაა პაპუ გომესი.

მიუხედავად ამისა, ამ წყვილში "დინამო" აშკარა ფავორიტი მაინც არ არის, არც შინაური კედლების გათვალისწინებით. რასაკვირველია, საქართველოს ჩემპიონისაგან ყველა გამარჯვებას ველოდებით და "დინამოს" "ტირანაზე" უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს.

მოგეხსენებათ, გუნდები ჩემპიონთა ლიგის ამავე ეტაპზე 2003 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. თბილისში "დინამომ" მელქაძის, ანჩაბაძისა და დარასელიას გოლებით მეტოქე 3:0 დაამარცხა, თუმცა ალბანეთში ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა. პენალტების სერიაში ახალაიამ და გოგობერიშვილმა ვერ გაიტანეს, "ტირანას" ფეხბურთელებმა ყველა 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულეს და შემდეგ ეტაპზეც გავიდნენ.

ისიც ითქვა, რომ "დინამოს" მთავარ მწვრთნელსა და რამდენიმე ფეხბურთელს ალბანური გუნდის დამარცხების გამოცდილება აქვს. 2018 წლის ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედომ" "კუკსის" შინ 5:2 მოუგო, გასვლაზე 0:2 დამარცხდა და პლეი-ოფში გავიდა. მაშინ ქუთაისურ გუნდს სწორედ კახა ჩხეტიანი წვრთნიდა, ალბანელებს კი 4 გოლი ამჟამინდელმა დინამოელებმა გაუტანეს - კუხიანიძემ 2 შეაგდო, თითო-თითო ბურთი კი ქიმაძისა და კაპანაძის ანგარიშზე იყო.

იმედია, 18 აგვისტოს თბილისის "დინამო" "ტირანას" დაამარცხებს და მომდევნო ეტაპზე გავა. თუმცა საქართველოს ჩემპიონს წინ ძალიან რთული მატჩი ელის - ალბანელები ბრძოლის გარეშე არაფერს დათმობენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგით რა მერედა რისი მწვრთნელი ხარ ესეთI ფეხბურთელს რატო აჩერებ გუნდში თუ ვარჯიში ეზარება მოედანზე არ დარბის თამაშის დროს ფაFხურში უხდით ფულს არ აგინებენ კარგად რო უნდა ისე და აღარ გამოვა დაანებებს წავა სხვა რამით დაკავდება ჩვენთან პირიქითაა ოდნავ თუ გაფხაკურდა თავი მარადონა გონიათ მწვრთნელების კვალიFიკაცია ძალიან დაბალია კიდე 80იანების ფეხბურთს ათამაშებენ კვადრატი მარტო რა კვადრატი ყველა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს რა უნდა გააკეტოს 90+დროში შEთEვისას და დაცვაში
kaxa
16:51 10-08-2020
4
ნამდვილად ბევრი გიშრომია ავტორო,მაგრამ ამდენის წერას აზრი აქვს კი? მაინც წააგებენ და მერე გახდება ტირანა მადრიდის რეალი.ამ დაბოლილებს ნამდვილად შეუძლიათ,რომ მოერიდონ "ქართულ-ფეხბურთულ" დამოკიდებულებას და ცოტა ფულს თუ ნახავენ არ გაიქცენ მაშინვე იქ.შეხედეთ კრიშტიანუ რონალდოს,ტიპს მილიონები აქვს,ფულში იხრჩობა და კიდე რა მოტივაციით გამოდის მოედანზე.ამათ კი მარტო ფული,მოსაწევი და ნაშები აინტერესებთ სხვა არაფერი.ეზარებათ ვარჯიში,შრომა და კიდე იმაზე წუწუნებენ თუ რატომ აგინებენ და ლანძღავენ გულშემატკივრები.თუ გინდა გულშემატკივარი გყავდეს და უყვარდე ყველას უნდა მოინდომო და ითამაშო ბოლომდე.არავინ არავის სთხოვს იყოს შემდეგი რონალდუ და მესი უბრალოდ დაუფასეთ გულშემატკივარს თქვენდამი მცირეოდენი თანადგომაც კი და აჩვენეთ თუ რატომ უნდა უყურონ ქართულ ფეხბურთს.არ დაბლოკოთ ძალიან გთხოვთ.
კარგით რა
14:39 10-08-2020
9

სიახლეები პოპულარული