ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივის“ მეტოქე მოსკოვის „დინამო“ რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „რუბინთან“ წაგებამ ძალიან იმედგაცრუებული დატოვა. შეგახსენებთ, ყაზანურმა გუნდმა 1:0 ხვიჩა კვარაცხელიას მოპოვებული თერთმეტმეტრიანით გაიმარჯვა.
დედაქალაქელები ძალიან უხეშობდნენ, მცველმა სერგეი პარშივილიუკმა კვარაცხელიას ცხვირი გაუტეხა. მსაჯმა სერგეი ლაპოჩკინმა ის და მისი თანაგუნდელი თავდამსხმელი ნიკოლაი კომლიჩენკო მეორე ტაიმში გააძევა და გუნდის მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა წაგება არბიტრს დააბრალა. მისი თქმით, კვარაცხელიასთან თამაშისას მცველ ივან ორდეცს წესები არ დაურღვევია. ნოვიკოვს ეთანხმება გუნდის ყოფილი მცველი ალეკსანდრ მახოვიკოვი და ამბობს, რომ მარცხი სწრაფად უნდა
დაივიწყონ.
თუმცა, ვერ ივიწყებენ, მსაჯს ექსპერტთა კომისიაში უჩივლებენ, მის ხანგრძლივი ვადით დისკვალიფიკაციას და თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიგრაფზე შემოწმებასაც კი მოითხოვენ.
ერთი სიტყვით, გაღიზიანებულნი არიან და თბილისში საბრძოლველად შემართულნი მოემგზავრებიან, ვინაიდან აქ დამარცხების შემთხვევაში, გულშემატკივრები არ დაინდობენ. მით უმეტეს, სოციალურ ქსელებში ქომაგები უკვე აკრიტიკებენ და ერთ-ერთმა მათგანმა პარშივილიუკს „პარაშლიუხაც“ კი უწოდა. მოსკოვის „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს წევრი და კლუბის ფაქტობრივი მმართველი, გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი სტეპაშინი აცხადებს, რომ ეს ორი კლუბის კი არა, არამედ რუსეთ-საქართველოს მატჩი იქნება.
რა თქმა უნდა, ფინანსური შესაძლებლობებითა და მოთამაშეთა შერჩევით „ლოკოს“ მეტოქე აღემატება, მაგრამ ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენი გუნდი მოწინააღმდეგის შესაძლო პროვოკაციებისთვისაც უნდა იყოს მზად.
თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.