იტალიელებმა ქართულ ფეხბურთზე სამი რამ იციან, დღეს კი მთელი გულით გგულშემატკივრობთ - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ჩვენ გარკვეული ხნის წინ გვეწერა სტატია, როგორ აღმოვაჩინეთ იტალიელი აფერისტი ბათუმში, რომელიც უსახური ტყუილებით რაღაც მაქინაციების კეთებას ცდილობდა. მაშინ ძალიან დაგვეხმარა ახალგაზრდა იტალიელი ჟურნალისტი მატეო ბალტიკო, რომელიც პოსტსაბჭოთა ფეხბურთზე წერს და საიტიც აქვს - Calcio Sovietico, რომლის ნახვაც ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართი მატჩის წინ ჩვენ მატეოს დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ.

- გამარჯობა, მატეო. საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ფეხბურთით დაინტერესებული რომ ხარ, ვიცით. გვითხარი, თუ შეიძლება, რა იყო ყველაზე საინტერესო რამ, რაც ქართული ფეხბურთის ირგვლივ აღმოაჩინე? გაგაკვირვა რამემ?
- გამარჯობათ.
პირველ რიგში, მადლობას გიხდით დისტანციური მოწვევისათვის და ხვალინდელ მატჩში წარმატებებს გისურვებთ. საქართველოსა და ქართველების შესახებ იმდენი საინტერესო რამ აღმოვაჩინე, ვფიქრობ, ერთ დღეს წიგნსაც დავწერ.

რაც შეეხება ქართულ ფეხბურთს, ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ეს ახალგაზრდა ტალანტების სიჭარბეა. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დონის ჩემპიონატი არ გაქვთ და წამყვანი ევროპული საფეხბურთო დივიზიონის კლუბებთან შედარებით თქვენი გუნდები სუსტები არიან, ყოველთვის გყავთ ნიჭიერი ფეხბურთელები, რომელთა იმედიც შეიძლება გქონდეთ.

ყველაზე მეტად გამაოცა და გულიც დამწყვიტა საფეხბურთო სტადიონებმა, განსაკუთრებით კი, მინდვრების საფარმა, რომელზეც ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრები იმართება. ძალიან კარგი მოედნებიც გაქვთ და გასაგებია, რომ ამ მხრივ პროგრესისთვის ფული გჭირდებათ. ამასთანავე, დღეს ყველამ იცის, რომ ფულადი რესურსი კარგი გუნდის ჩამოსაყალიბებლად გადამწყვეტია.

- რა მოგწონთ ქართულ ფეხბურთსა და ფეხბურთელებში?
- მომწონს, როგორ იხარჯებიან ქართველი ფეხბურთელები მოედანზე, ამას თქვენები ყველაზე განსხვავებულად აკეთებენ. სწორედ ამიტომ, საქართველოსა და ქართულ კლუბებთან თამაში ადვილი არასდროს ყოფილა.

ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო: 1997 წელს, როცა იტალიის ნაკრებმა საქართველოში ფრედ, 0:0 ითამაშა, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე მალდინი შედეგით ბედნიერი იყო.

კიდევ ერთი, ამა წლის სექტემბერში, როცა თბილისის "ლოკომოტივი" მოსკოვის "დინამოს" ხვდებოდა, დავწერე, რომ "ლოკოს" მოსკოველთა წინააღმდეგ კარგად თამაში და გამარჯვება შეეძლო. ვიცოდი, ეს ძალიან რთული იქნებოდა, თუმცა მწამდა, რომ ეს შეგეძლოთ და მოახერხეთ კიდეც. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან "ლოკომოტივის" გამარჯვების თითქმის არავის სჯეროდა.

- შენ გამონაკლისი ხარ, თუმცა რა იციან იტალიელმა ფანებმა ქართული ფეხბურთის შესახებ?
- იტალიელთა უმრავლესობამ ქართულ ფეხბურთზე სამი რამ იცის: კახა კალაძე, თბილისის "დინამო" და... ლევან მჭედლიძე.

თბილისის "დინამო" 50+ ასაკის ფანებს ახსოვთ, საბჭოთა დროს ძალიან ძლიერი გუნდი იყო და თასების მფლობელთა თასიც მოიგო.

კახი კალაძე კი ძალიან ცნობილია, ის ხომ უძლეველი "მილანის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახლდათ და ყველა შესაძლო ტიტულიც მოიგო.

რაც შეეხება ლევანს... ის იტალიაში დიდი ხნის განმავლობაში იყო და ცნობილი თავისი გაუთავებელი ტრავმებით გახდა, თუმცა იმ მცირე ხნის განმავლობაში, როცა არაფერი აწუხებდა, რამდენიმე დასამახსოვრებელი გოლიც გაიტანა. მე და ძალიან ბევრი იტალიელი ვფიქრობთ, რომ არა ტრავმები, მჭედლიძე ძალიან ძლიერი ფორვარდი იქნებოდა.

ფეხბურთით ჩემსავით დაინფიცირებული ადამიანებიც არიან და მათ კარგად ახსოვთ ქეცბაია, არველაძე, კობიაშვილი, ნემსაძე... ბოლო დროს ძალიან ბევრი დაინტერესდა ბათუმით, შავი ზღვის ლას-ვეგასითა და მისი კლუბით, "დინამოთი".

თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს, რომ ქართული ფეხბურთი საინტერესო არ არის და არც კარგი გუნდები გყავთ. ჩემთვის ასე არ არის, თუმცა უნდა ვაღიარო, როცა "კლაკსვიკი" - "დინამოს" მსგავს შეხვედრებს ვხედავ, მათი მესმის...

- ახალგაზრდები ახსენე, თან ქართველთა თამაშებსაც უყურებ, ჩემპიონატსაც კი... ვინ მიგაჩნია ყველაზე ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელად?
- ეროვნულ ლიგაში რამდენიმე საინტერესო და კარგი ფეხბურთელია, რომლებიც, ჩემი აზრით, უკეთეს ჩემპიონატში თამაშს იმსახურებენ.

მომწონს ხარაბაძე, რომელიც გასულ წელს "ციურიხში" თამაშობდა. ნიკოლოზ მალი წინა სეზონში "საბურთალოს" რიგებში ძალიან კარგი იყო. ასევე ნიჭიერი ფეხბურთელია გიორგი კუცია და გორის "დილას" მეკარე გუგეშაშვილიც მომწონს.

ზოგადად, ვინც კი მინახავს, ქართველი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად ჩაკვეტაძე და კვარაცხელია არიან გამოსარჩევი, ორი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა. შესაძლოა, ხვიჩა ქართველ ტალანტებს შორის საუკეთესოც არის...

ძალიან მომწონს ოქრიაშვილი, მაგრამ მგონია, რომ ეს ის შემთხვევაა, რასაც იტალიაში "კასანოს" ვეძახით: ფეხბურთელი უდიდესი ნიჭით, თუმცა ძლიერი მენტალობის გარეშე, რაც ხელს დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში უშლის.

საქართველოს ნაკრების ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჯაბა კანკავა მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ასაკში შევიდა, მაინც სიამოვნებით ვუყურებ მის თამაშს.

სამწუხაროა, რომ იტალიაში ბევრ ქართველს ვერ ვხედავთ... იტალიურ კლუბებს ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის მიღმა ქვეყნებიდან ყოველ წელს მხოლოდ 2 ფეხბურთელის მიყვანა შეუძლიათ. ასე რომ, თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ქართველ ფეხბურთელებს იტალიურ კლუბებში მოხვედრა გაუადვილდებათ.

- ბოლო პერიოდში იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება სერია A-ს რამდენიმე კლუბს სურს. როგორ ფიქრობ, ხვიჩას იტალიაში წარმატებული კარიერის აწყობა შეუძლია?
- დიახ, ვთვლი, რომ კვარაცხელიას იტალიაში "მაგარი რაღაცების" გაკეთება შეუძლია. თუმცა არ უნდა გამოვტოვოთ ის ფაქტი, რომ ეს ხვიჩასთვის ადვილი არ იქნება. იტალიის ჩემპიონატი საკმაოდ რთული შეჯიბრებაა და ძალიან ბევრ შემტევს, რომლებიც სხვა ლიგებში კარგად გამოიყურებოდნენ, აქ არაფერი გამოუვიდა. კვარაცხელია ახლა რუსეთში თამაშობს, იქაური პრემიერლიგა სერია A-სთან შედარებით უფრო დაბალი დონისაა და იქიდან მოსული ფეხბურთელების უმრავლესობამ წარსულში წარმატებებს ვერ მიაღწია. მაგალითად დუმბია შემიძლია გავიხსენო, რომელიც ცსკა-ში ბრწყინავდა, რუსეთში ზედიზედ ორი წელი საუკეთესო იყო, თუმცა "რომაში" ვერაფერი გააწყო.

ცხადია, ხვიჩას შემთხვევა სულ სხვაა, ის ძალიან ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერია, თუმცა უნდა იცოდეს, რომ დიდებას იტალიაში ადვილად ვერ მოიპოვებს. თუ ჩვენს ქვეყანაში გააგრძელებს კარიერას, იმედი მაქვს, "სასუოლოს" აირჩევს, რადგან რობერტო დე ძერბის გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს და მის 4-3-3-ში ხვიჩა კარგად ჩაჯდება. სხვა გუნდებში კი არ ვიცი, მწვრთნელზეა დამოკიდებული, მის ტაქტიკაზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იტალიური გუნდების უმრავლესობა კონტრშეტევებზე თამაშობს.

- ხვალ ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ უნდა გავმართოთ. როგორ ფიქრობ, რა შედეგით დასრულდება შეხვედრა? აქვე, გვითხარი, შენ ვის გულშემატკივრობ და თუ იტალიელ ფანებს აქვთ ამ შეხვედრის მიმართ ინტერესი, მათი სიმპათიები საით იხრება?
- პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს, თუმცა ამჯერად ვეცდები. ვთვლი, რომ მატჩი ნებისმიერი შედეგით შეიძლება დასრულდეს და ძალიან ცოტა გოლი გავა.

ქართველებმა მაკედონიელების ეფექტიანობას უნდა მიაქციონ ყურადღება: ისინი ძალიან ცოტა მომენტს ქმნიან, თუმცა მათ კარგად იყენებენ. საპასუხოდ, თქვენმა ფეხბურთელებმა არანაირად არ უნდა გაანიავონ გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა ასეთ თამაშში ეს ადვილი არ იქნება.

ბოლო ამბების გათვალისწინებით, მგონია, რომ შეხვედრა 1:1 დასრულდება და მცირე უპირეატესობა მაკედონიას აქვს. თუმცა, იმედია, რაციონალური მე ცდება, რადგან საქართველოს მთელი გულით ვგულშემატკივრობ და იმედი მაქვს ევროპის, თქვენს ნაკრებს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვიხილავ.

იტალიელ ფანებს შეხვედრა აინტერესებთ, რადგან ნებისმიერი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე ახალი ნაკრები ითამაშებს. ვფიქრობ, კახი კალაძის გამო ძალიან ბევრი გიჭერთ მხარს, თუმცა მეორე მხარეს გორან პანდევი და "ნაპოლიში" მოთამაშე ელმასი არიან. ამიტომ იტალიელი ფანების მხარდაჭერა მაკედონიელებსაც ექნებათ.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და იმედი მაქვს, ხვალ საღამოს საქართველოსთან ერთად მეც გავიხარებ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
შენ ქართული ფეხბურთის აზრზე არ ხარ.


ქართული ფეხბურთი არ არის ის, რაც 1992 წლიდან არსებობს
სიმართლე
17:38 12-11-2020
4
Shen kide sakitxavia sad unda cxovrobde
Dato
16:55 12-11-2020
0

სიახლეები პოპულარული