ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" ფეხბურთელებმა რუმინეთში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ "ტვ პირველთან" კლუბში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
"სულ სამი ოთახი გვაქვს. თითო ოთახში 3,4,6 ადამიანი ცხოვრობს. გაზის პატარა გამათბობელი გვაქვს და ძალიან გვიჭირს, რადგან გარეთ გვიწევს ბანაობა და ამ მიმოსვლის დროს ბევრჯერ გავციებულვართ.
მომდევნო ვარჯიშისთვის მოსამზადებლად სარეცხს გაზთან ვაშრობთ. ხშირად ხდება, რომ არც შრება. ბავშვებისთვის ჰიგიენის საშუალებები არ გვქონდა, აქ რომ წამოვსულიყავით და საერთოდ, 2 ფეხბურთელს ბუცებიც კი არ გააჩნდა. ბოლოს ერთმა იყიდა, მეორემ კი დახეული ბუცებით ითამაშა", - თქვა გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ხატია ჭყონიამ.
"ელემენტარული რაღაცის გაკეთება შეუძლიათ, თუნდაც სპორტული ტანსაცმელიც რომ მოეცათ... 4 თვის ხელფასი არ აგვიღია. კლუბის ხელმძღვანელობამ სესხი აიღო, რათა 2 თვის ხელფასი ჩაერიცხათ და აქ გამოსამგზავრებლად საჭირო ნივთები გვეყიდა", - აღნიშნა გუნდის კაპიტანმა ია ალელიშვილმა.