საქართველო 21-წლამდელთა ევროპირველობას უმასპინძლებს - ფინალი ბათუმში ჩატარდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველო 2023 წელს უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია

უეფას 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფას გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: „ნამდვილად სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ დღეს უეფასგან, 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს,
განსაკუთრებით, ქართულ ფეხბურთის გულშემატკივარს. მსგავსი მასშტაბის ტურნირი ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა. ასევე, ვულოცავ ჩვენს რუმინელ კოლეგებს მასპინძლობის უფლების მოპოვებას.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისევე, როგორც რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრები, ჩვენი გუნდი ავტომატურად მიიღებს ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას. ტურნირის მასპინძლობა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. ჩვენი ახალგაზრდებისთვის კი ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, რასაც სამომავლოდ გამოიყენებენ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოში გაიმართება. ბათუმის არაჩვეულებრივი ახალი სტადიონი ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური ჩვენი და უეფას წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ჩვენი და ზოგადად, ქართული ფეხბურთის მიმართ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართული ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რადგან მსგავსი დონის ტურნირისთვის ჩვენს ქვეყანას არ უმასპინძლია.“

16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი, ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.

ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.

ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: მათ შორის, ბათუმში, ფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა" და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 22 /
კარგია და ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ფეხბურთისთვის, ბევრი ბაზები და სტადიონები ჭირდება ახლა საქართველოს,ფედერაციამ კი უნდა გააგრძელოს ასევე წარმატებით უეფასთან მუშაობა.
ziko
19:56 04-12-2020
0
2000 წელს + დაბადებულები ითამაშებენ მაგ ევროზე. 21 წლამდელები ნიშნავს, რომ შესარჩევი რომ დაიწყება მაშინ არ უნდა აღემატებოდნენ 21 წელს. ათვლა იწყება 2021 წლიდან. კვარაც იქნება და დავითაშვილიც მაგ ევროზე.
შაკო
14:46 04-12-2020
0

სიახლეები პოპულარული