საქართველოს ფუტსალის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდი 5 მარტს სომხეთის ნაკრებს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაუპირისპირდება, ამ გუნდებს შორის მეორე შეხვედრა 10 მარტს ერევანში შედგება. უახლოესი შეხვედრებისთვის ჩვენი გუნდი თბილისში არასრული შემადგენლობით ემზადება. კლუბებში გასამართი შეხვედრების გამო რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებს 2 მარტიდან შეუერთდება.

სომხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის ავთანდილ ასათიანმა 17 მოთამაშე გამოიძახა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია
(თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნურ-სულთანი, ყაზახეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაშ-ლიდა, ბელარუსი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა).

პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო სომხეთის წინააღმდეგ თბილისში გასამართი მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. 5 მარტს, 18:15 საათზე, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. საქართველოს ნაკრებს საფრანგეთთან და რუსეთთან გამართული მატჩების შემდეგ ერთი ქულა აქვს.

სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ საპასუხო შეხვედრა 10 მარტს ერევანში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცხრილი რომ დადოთ
ელგუჯა
20:14 02-03-2021
0

სიახლეები პოპულარული