- აზერბაიჯანელი ფეხბურთელისთვის საზღვარგარეთ სათამაშოდ წასვლა ადვილი არ არის. ამის სანაცვლოდ ის უნდა "დაზარალდეს", ანუ დაბალი ხელფასიდან დაიწყოს თამაში და თავი გამოავლინოს. ამას ყველა არ აკეთებს. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში "გასაშვები", პერსპექტიული ფეხბურთელი არც ისე ბევრი გვყავს, სიტუაცია რთულდება.
ჩვენ, მენეჯერები, ფეხბურთს არ ვთამაშობთ, არამედ პროდუქტს ვაჩვენებთ სხვებს. თუ პროდუქტი არ არის, საჩვენებელიც არაფერია. მაგალითად, ჩვენი მეზობელი ქართველები განვიხილოთ. ჩემი კოლეგა ევროპულ კლუბებს 10-15 ფეხბურთელს სთავაზობს
და მხოლოდ 1-ის მოწყობას ახერხებს. ჩვენ კი მაქსიმუმ 1 ფეხბურთელს ვიპოვით და იმისი ნორმალურ კლუბში გაგზავნა გვინდა.
ხედავთ სხვაობას?! ადვილია თქვათ, რომ სუსტი მენეჯერები არიან აზერბაიჯანში, რეალურად კი რთული სამუშაო გვაქვს და რაღაცის გაკეთებას ვცდილობთ.
- რადგან საქართველოზე ჩამოვარდა საუბარი, ხვიჩა კვარაცხელიაც ვახსენოთ, რომელიც ბოლო დროს ხშირად ალამაზებს სათაურებს ჩვენს პრესაშიც კი. ოდესმე ასეთი ვარსკვლავები გვეყოლება თუ "ყარაბაღის" ევროთასებზე გამოსვლებით უნდა დავკმაყოფილდეთ?
- ქართველი და აზერბაიჯანელი ფეხბურთელების სტატუსი ევროპასა და მსოფლიოში განსხვავდება. ისინი გაცილებით მაღლა დგანან. ისინი, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, ძალიან მაგრად თამაშობდნენ, და სსრკ-ის დაშლის შემდეგაც ევროპას არაერთი ვარსკვლავი აჩუქეს. აქაც რომ დავეტოლოთ ქართველებს, წაგებულები დავრჩებით.
შეხედეთ, რამდენი აკადემიაა საქართველოში და რამდენი ჩვენთან. ისინი ფეხბურთელთა რაოდენობითაც კი გვისწრებენ. აღარც კი გვახსოვს, "ბაკის" აკადემია როდის დაიკეტა. არადა, ჩვენი დღევანდელი ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები ამ აკადემიის აღზრდილები არიან. ამის შემდეგ ქართველებთან შესადარებელიც არაფერია.