საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს. ახალგაზრდა სპეციალისტის სახელს ქალთა ფეხბურთის ბოლო წლების ყველაზე დიდი წარმატება უკავშირდება - გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით, საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი" პირველი ქართული კლუბი გახდა, რომელმაც უეფას 2020/21 წლების სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. გიორგი ჩხაიძე ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთში" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2018 წელს მუშაობდა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ კი მშობლიური ქალაქის ქალთა კლუბს უკვე 2020 წელს დაუბრუნდა და საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული თამაშის შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით, „ლანჩხუთი“ ევროპის საუკეთესო 32 კლუბს შორის მოხვდა.
გიორგი ჩხაიძესთან ერთად, ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი" საქართველოს ჩემპიონატში ორჯერ დაეუფლა ვერცხლის მედლებს.

გიორგი ჩხაიძე საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლევან ბაჯელიძეს შეცვლის. გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მატჩები მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან 2022 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ალექსანდრე იაშვილი - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ლევან ბაჯელიძეს, რომელმაც რთულ პერიოდში ჩაიბარა საქართველოს ქალთა ნაკრები. მან ბევრი გააკეთა ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად და მისი საქმიანობა საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელს, მჯერა, რომ ის ენთუზიაზმი და საქმისადმი დამოკიდებულება, რომელიც გიორგი ჩხაიძემ გამოავლინა ქალთა საკლუბო ფეხბურთში, ახალი, საინტერესო ეტაპი იქნება ჩვენი გუნდისთვის. დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა ქალთა საფეხბურთო ნაკრების გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად წარმატებას მოუტანს ჩვენ ნაკრებს. მაქსიმალურად იქნება გამოყენებული რესურსი, რომელიც აქვთ ქალ ფეხბურთელებს, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ისინი იყვნენ ეროვნული ნაკრების წევრები და მათ შეუძლიათ კიდევ უფრო გაზარდონ ინტერესი ახალი თაობის უფრო მეტი ჩართულობის მხრივ. წარმატებები ახალ მთავარ მწვრთნელს თავის საქმიანობაში".

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა დაგეგმილ სიახლეებზე, რომლებიც უკავშირდება ქალთა როგორც ასაკობრივ, ისე ეროვნულ ნაკრებს.

„უახლოეს პერიოდში ჩვენ ბევრ სიახლეს ვგეგმავთ. ქალთა ნაკრებების მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლის მიზანიც იყო გოგონათა მეტი ჩართულობა ფეხბურთში. ჩვენ ყოველწლიურად ვხედავთ ფეხბურთში გოგონათა რაოდენობის ზრდას. მინდა გამოვყო წარმატებული პროექტი - We Play Strong. სწორედ ამ პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ნია წივწივაძე, რომელიც ამიერიდან როგორც ეროვნულ, ისე ასაკობრივ ნაკრებში იმუშავებს. ის იქნება ქალთა ეროვნული გუნდების ხელმძღვანელი და დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მისი საქმიანობა წარმატებული იქნება“.

გიორგი ჩხაიძე - საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რადგან ნდობა გამომიცხადეს. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის და ნამდვილად დიდი გამოწვევაა. ამ გამოწვევაზე საპასუხოდ დრო დამჭირდა, ასეთ ნაბიჯს დაუფიქრებლად ვერ გადადგამ, რადგან შენ უკან შენი ქვეყანა, შენი ნაკრები დგას და ორმაგი პასუხისმგებლობაა. ვეცდები, რომ იმედები გავამართლო. თავს არ დავზოგავ შრომისთვის. ჩვენი მიზანი იქნება შედეგის გაუმჯობესება. ვეცდებით, ყველანაირად დღითი დღე მოვუმატოთ, მეტი ქულა დავაგროვოთ და მეტმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღოს მონაწილეობა, გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ვითომ ფეხბურთელებმა ნიკა ბასილაშვილს რომ შეუტიეს ხმა რატომ არ ამოიღო ფეხბურთის ფედერაციამ?? მარტო ფულის ხვეტაში რომ არიან მაგრები ეს უვარგისები
???????????
10:41 15-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული