"მწვრთნელმა მითხრა, რომ მხოლოდ პრეზიდენტის არჩევანი ვიყავი" - ნიკა ძალამიძე კარიერულ სირთულეებზე

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის, ქობულეთის „შუქურას“ რიგებში 29 წლის ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე გამოჩნდა. ის გულშემატკივრებს პოლონური კარიერიდანაც კარგად უნდა ახსოვდეთ და საქართველოს ნაკრებში გამართული შეხვედრიდან. ნიკაზე საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებდნენ...

ფეხბურთელს საქართველოს (ზუგდიდის "ბაია“, თბილისის "დინამო“, "რუსთავი“), რუსეთის (მოსკოვის ცსკა-ს მეორე გუნდი, "ბალტიკა“), პოლონეთის ("იაგელონია“, "გურნიკი"), თურქეთისა ("რიზესპორი“) და რუმინეთის (ბუქარესტის "იუვენტუსი“) კლუბებში უთამაშია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 7 შეხვედრა გამართა.

SPORTALL.GE
ძალამიძეს არაერთ საინტერესო თემაზე ესაუბრა.

- რამ განაპირობა "შუქურაზე“ არჩევანის შეჩერება და არსებობდა თუ არა სხვა შეთავაზებები?
-
ჯვარედინი იოგების ოპერაცია გავიკეთე, ამას პანდემიაც დაერთო და დაახლოებით 1,5 წელი გამიცდა.

ბევრი შემოთავაზება არ მქონია. სიმართლე გითხრათ, პოლონეთში დაბრუნებაზე ვფიქრობდი, სადაც კარიერის დიდი ნაწილი გავატარე და ჩემს შესაძლებლობებს კარგად იცნობენ.

„შუქურაში“ შანსი მომცეს, რათა ფორმა აღვიდგინო და თანაც, გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო. ამით ძალიან მადლობელი ვარ. ხელშეკრულება დეკემბრამდე გავაფორმეთ.

Sportall.Ge

- როგორ გაიხსენებ 2011 წელს, როცა ზუგდიდიდან შენი პოლონური კარიერა დაიწყო? და სათანადოდ რატომ ვერ გაგრძელდა?
- პოლონეთში იდეალურად დავიწყე - 19 წლის ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში დამაყენეს, პირველივე შეხვედრაში კი გოლი გავიტანე და 2 საგოლე პასიც შევასრულე.

დაახლოებით ორი თვის შემდეგ ჯვარედინი იოგები დავიზიანე. ამას სხვა ტრავმაც დაერთო და ისე გამოვიდა, მთელი ორი სეზონი გამიცდა. ამის შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება გახდა საჭირო, რაც მარტივი არაა.

- საფეხბურთო აგენტი თუ გყავდა? შეიძლებოდა თუ არა კარიერის უკეთ წარმართვა და სხვა შემოთავაზებებს, უფრო ძლიერი ლიგებიდან და კლუბებიდან, ხომ არ გაიხსენებ? ბევრს აინტერესებს, რა მოხდა თურქეთში, სადაც ფაქტობრივად, შანსი არ მოგეცა...

- ჩემი აგენტი ალექსანდრე რეხვიაშვილი იყო, რომელიც დღეს თბილისის "დინამოშია“. რაღაცები უკეთესადაც შეიძლებოდა ალბათ, მაგრამ...

რაც შეეხება თურქეთს - "რიზესპორის“ მწვრთნელს როცა ვესაუბრე, თუ რატომ არ მენდობოდა, მითხრა, რომ  მხოლოდ პრეზიდენტის არჩევანი ვიყავი და არა მისი. თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მომეცა...

- პოლონეთის ჩემპიონატი ტრამპლინი რამდენად იყო? იქცა თუ არა ასეთად შენი თანაგუნდელებისთვის?
- რა თქმა უნდა, დონე საკმაოდ მაღალია. „იაგელონიადან“ „ფიორენტინაში“ წავიდა მეკარე ბართლომიე დრაგოვსკი. ის ახლა 24 წლისაა და 2013 წელს იტალიელებმა პატარა ასაკში გადაიბირეს...

გერმანულ „ვოლფსბურგს“ ჩემ მიმართ დაინტერესება ჰქონდა, თუმცა საქმე ტრანსფერამდე არ მისულა...

Sportall.Ge

- როგორ გაიხსენებ საქართველოს ნაკრებში გამოსვლის პერიოდს და ვინ იყო ყველაზე ძლიერი მეტოქე, რომლის წინააღმდეგაც გითამაშია?
- ნაკრების მაისურით თამაში, ნებისმიერ შეკრებაზე ჩასვლა ჩემთვის დიდი ზეიმი იყო. გული მწყდება, მეტი რომ ვერ შევძელი.
ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებას გამოვარჩევ, სადაც ჩემს საყვარელ ფეხბურთელს, ანდრეს ინიესტას დავუპირისპირდი...

იმედი მაქვს, ფორმას აღვიდგენ, ეროვნულ ნაკრებში კი ყოველთვის სიამოვნებით ვითამაშებ.

- არაერთი ქართველი ფეხბურთელი ვიცით, რომელთაც უკეთესი კარიერა უნდა ჰქონოდათ. მათ რიცხვში შენც ხარ. მაინც რა გვიშლის ხელს?

- ხშირი ტრავმები გვაფერხებს და რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ერთ-ერთი ხელისშემშლელი მიზეზი არაევროპული პასპორტია.

ნიჭს ხელი უნდა შეუწყო და ბევრი იშრომო - როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ასევე, რა თქმა უნდა, იღბალიც საჭიროა...

altნიკა ძალამიძე: არ დავმალავ, უკეთეს ლიგაში თამაშის შანსი მაქვს

altნიკა ძალამიძე: საქართველოს ნაკრებში თამაშის ჯანსაღი ამბიცია მაქვს

მკითხველის კომენტარები / 1 /
არასწორი აღრზდა ბავშვობიდან და როგორც კი ნორმალურ კლუბში სწრაფ ტემპში თამაში უწევთ დატვირთვებს ვეღარ უძლებენ ეგრევე ტრავმებს იღებენ . ხრუსტალის ფეხბურთელებს ზრდიან საქართველოში თანაც არასწორად ... პლიუს დისციპლინა და სიზარმაცეც არ გვაკლია , ორ კაპიკს რო ჩაიდებენ ჯიბეში გონიათ რო საწადელს მიახწიეს ...
დათო სიმართლე
16:01 24-09-2021
0

სიახლეები პოპულარული