ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში ჩატარებულ საქართველოს მოყვარულთა ლიგის ფინალში ერთმანეთს აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონების გამარჯვებულები შეხვდნენ - თბილისის „ბასიანმა“ „წყალტუბო“ 3:1 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
მატჩი მართლაც თვალსასეირო სანახავი გამოდგა და ფეხბურთელებმა ისეთი ოსტატობა გამოავლინეს, ეროვნული ლიგის ბევრ გუნდს რომ შეშურდებოდა. თავიდან იმერულმა გუნდმა შეუტია, მაგრამ სადღაც მე-15 წუთისთვის „ბასიანი“ ინიციატივას დაეუფლა და ულამაზესი გოლით ხიდაშელმა დააწინაურა, ხოლო მეორე გოლი მეტოქის კარში ლეჟავამ გაიტანა. „წყალტუბოს“ სასახელოდ უნდა ითქვას, არ გატყდა, კომპენსირებულ დროში გურეშიძემ ანგარიში შეამცირა და სიტუაცია დაიძაბა. თუმცა, ბოლოს
„ბასიანმა“ მაინც იმარჯვა. ჯერ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, სირაძის თავით დარტყმული ბურთი მეკარე ფანცხავამ საოცარ ნახტომში მოიგერია, ბოლოს კი გაბელიამ შორიდან დალაშქრა „წყალტუბოს“ კარი და შეხვედრა 3:1 დასრულდა.
„ბასიანი“ (მწვრთნელი გიზო ტაბიძე) პირველად გახდა მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული და უეფას რეგიონთა თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ესტონეთის ჩემპიონებს შეხვდება.