sportall.ge ფონდის ხელმძღვანელ შალვა გოგოლაძეს ექსკლუზიურად ესაუბრა და მისგან მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციაც მიიღო.
- შეძლებისდაგვარად, მოკლედ რომ გვიამბოთ "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის" საქმიანობის შესახებ. ამ თემის ირგვლივ გულშემატკივრებს სხვადასხვა, ზოგჯერ ნაკლებად ინფორმირებული მოსაზრება გააჩნიათ...
- მოგეხსენებათ ფონდის დაარსებამდე არსებული სიტუაცია - თუ არ ჩავთვლით რამდენიმე კერძო კლუბს, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, ფეხბურთის დაფინანსება
დაფინანსება არასტაბილური იყო, ვინაიდან მისაღები თანხის მოცულობა ძირითადად რეგიონის მმართველზე იყო დამოკიდებული. გვქონდა შემთხვევები, როცა კლუბს ერთი წელი დაფინანსება რამდენიმე მილიონი ჰქონდა, ხოლო იგივე საფეხბურთო კლუბი მეორე წელს მინიმალური დაფინანსებით ხვდებოდა. ამის შედეგად კლუბის ხელმძღვანელები ვერ ახდენდნენ გრძელვადიან, განვითარებაზე ორიენტირებულ გეგმებს, რის გამოც იქმნებოდა ე.წ. ერთწლიანი კლუბები. ბევრი კლუბი სეზონის დაწყებიდან ვერ აღწევდა სეზონის ბოლომდე, ჩემპიონატის მსვლელობის დროს კლუბები იშლებოდნენ, მოიხსნენ ეროვნული ჩემპიონატის გათამაშებიდან ან დაქვეითდნენ ქვედა ლიგებში.
ფონდის დაარსების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ის თანხები, რაც იყო მუნიციპალიტეტების განკარგულებაში, იხარჯებოდა ყოველგვარი კონტროლის გარეშე, არ არსებობდა ინფორმაცია, თუ რაში ხარჯავდნენ კლუბები გამოყოფილ თანხებს, 2016 წლიდან ერთ სტრუქტურაში აკუმულირდა და ახლა სრულიად შეცვლილი მოდელი გვაქვს - ვიცით, თუ რას ხმარდება ჩვენ მიერ გადარიცხული ყოველი ლარი, დაფინანსება გახდა უფრო ფართოსპექტრიანი, გამჭვირვალე და გარდა საფეხბურთო კლუბებისა, მოიცვა ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელი ელემენტები. კერძოდ:
• მოწესრიგდა და ჩარჩოებში მოექცა კლუბების დაფინანსების სისტემა; წინასწარ ხდება ბიუჯეტების შეთანხმება და დაგეგმვა ისე, რომ კლუბი (ძირითადად, საუბარია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ანუ სახელმწიფო კლუბებზე) არ აღმოჩნდეს ზედმეტი ფინანსური ვალდებულებების წინაშე;
• კლუბებს ჩამოშორდა ზედმეტი კადრები - როცა გუნდები ფინანსდებოდა მუნიციპალიტეტების მიერ, ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობა ზოგ შემთხვევაში შეადგენდა 40-50 ადამიანს, რაც ყოვლად ზედმეტი და მიუღებელი იყო ჩვენთვის; ხოლო მას შემდეგ, რაც კლუბები ფინანსდებიან ფონდიდან, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კლუბებში ადმინისტრაციულ ნაწილში ხდება მხოლოდ სფფ-ის ლიცენზირებით გათვალისწინებული კადრების დაფინანსება;
• დაიწყო საფეხბურთო საგანმანათლებლო პროგრამები, კერძოდ - სფფ-სთან ერთობლივად გამოვლინდა ის მიმართულებები, სადაც პრიორიტეტულად საჭიროა განათლების დონის ამაღლება. ესენია: მწვრთნელების როგორც გადამზადება (REFRESH), ასევე მათთვის ახალსაგანმანათლებლო საფეხურზე გადასვლა (PRO, A, B ლიცენზია);
• ეროვნულ ლიგებში მონაწილე გუნდების ტექნიკური მხარდაჭერა ხდება, რათა კლუბებმა თანამედროვე ტექნოლოგიებს ფეხი აუწყონ. ჩვენი და სფფ-ის დახმარებით, ეროვნული ლიგის კლუბებს უსასყიდლოდ გადაეცათ POLARIS ანალიტიკური სისტემა, ჩაუტარდათ შესაბამისი სემინარები, ასევე ხელმისაწვდომი გახდა მათთვის ისეთ პროგრამებზე წვდომა, როგორებიცაა INSTA და WYSCOUT-ი.
• გარდა ძირითადი გუნდისა, მხარს ვუჭერთ როგორც ამ გუნდის აკადემიებს, ასევე მათ საფეხბურთო სკოლებს. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 3 აკადემია ("დინამო თბილისი", "ლოკომოტივი", "მარტვილი") და 80 სკოლა (მათ შორის, დამოუკიდებელი-კერძო საფეხბურთო სკოლებიც), რომლებმაც გაიარეს სფფ-ის კატეგორიზაცია, ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით იღებენ ყოველწლიურ დაფინანსებას, რათა შეძლონ ბავშვებისთვის სპორტული ეკიპირების, ინვენტარის და ასევე მოედნების მოვლისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა;
- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ, რაც ფონდმა გასულ, 2021 წლის განმავლობაში განახორციელა?
- 2021 წელს, ეროვნული ლიგის გუნდების დაფინასების გარდა, მხარი მასობრივ და საგანმანათლებლო პროექტებს დავუჭირეთ - მოყვარულთა ლიგა, მასტერ ლიგა, ქალთა საფეხბურთო ჩემიონატი, რომელიც წელს ყველაზე მასშტაბური იყო და 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა; ფუტსალის ჩემპიონატი, ბავშვთა რეგიონალური ტურნირები, დავეხმარეთ სხვადასხვა კატეგორიის მწვრთნელებს გადამზადებაში და ახალ საფეხურზე ასვლაში.
- როგორ მოწმდება თანხების პროდუქტიულობა და შესაბამისად, განკარგვა სუბიექტებისგან, რომელთაც თანხები ერიცხებათ?
- საფეხბურთო კლუბების და ნებისმიერი ბენეფიციარის მიერ ფონდში თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშის წარმოდგენა თვეში ერთხელ ხდება, როგორც ელექტრონული, ასევე ქაღალდმატარებლის სახით, ყოველი საანგარშო თვის დასრულებიდან მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.
ასევე, საანგარიშო თვეში მომწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების, ზედნადები, ფაქტურა, მიღება-ჩაბარების, ბრძანებების და სხვა საფინანსო დოკუმენტის ასლებს, რომლებსაც შემდეგ ფონდის ანგარიშგების მენეჯერები დეტალურად ამოწმებენ, ადარებენ ფონდთან არსებულ ხელშეკრულებას და ასევე, მიზნობრიობას - თუ რამდენად სწორად იყო თანხა გახარჯული. დარღვევის შემთხვევაში ამის შესახებ კლუბის ინფორმირება ხდება, რის შემდეგაც კლუბი ახდენს არამიზნობრივად გახარჯული თანხის მობრუნებას კლუბში და მის ხარჯვას ფონდთან შეთანხმებული ბიუჯეტის მიხედვით.
- რა შეგიძლიათ თქვათ იმ მოსაზრების საპირისპიროდ, რომ ფონდის თანხები არამიზნობრივად იხარჯება ან სათანადო შედეგები არ აქვს?
- არამიზნობრივი ხარჯვა ხორციელდებოდა მაშინ, როდესაც კლუბებს აფინანსებდნენ მუნიციპალიტეტები. გუნდები სტაბილურად მონაწილეობენ უკვე მე-6 წელია და მათ უმრავლესობას არ შექმნია არსებობის პრობლემა, ეროვნული ლიგა არ დაუტოვებია არცერთ კლუბს ფინანსების არქონის გამო. თუნდაც პანდემიის პერიოდში, ჩვენ შევინარჩუნეთ ყველა საფეხბურთო კლუბი, ფეხბურთელები, მწვრთნელები, ადმინისტრაციის თანამშრომლები.
ასევე, ვაფასებთ ნებისმიერი პროექტის ეფექტიანობას. მაგალითად, მოყვარულთა ლიგაში მონაწილეობა მიიღო დახლოებით 30-მა გუნდმა. დღეს ეს ციფრი 440-ზეა ასული და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 15,000 მოყვარული ფეხბურთელია ჩართული. იგივე შეიძლება ითქვას 7X7 მასტერ ლიგაზეც.
აქვე აღვნიშნავ საგანმანათლებლო პროექტების ეფექტიანობას. ერთი პროექტი, რომელიც ჩვენი მხარდაჭერით ჩატარდა, არის მსაჯების აკადემია, რომლის სამი გამოშვების ფარგლებში ჩვენ გვყავს უკვე დაახლოებით 100-მდე ახალგაზრდა მსაჯი, რომლებიც უკვე ემსახურებიან ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა, ასევე, სამოყვარულო და ფუტსალის ლიგას.
- გაცემული თანხებიდან რა ადგილი უჭირავს/ როგორ ნაწილდება საკლუბო აკადემიების განვითარება, სახელფასო ვალდებულებები და კლუბების სხვა ხარჯები?
- კლუბებს საბაზისო დაფინანსების ფარგლებში აქვთ შემდეგი შეზღუდვა - დაფინანსების მთელი მოცულობის არაუმეტეს 60% შეუძლიათ მიმართონ ხელფასებში. ეს შეზღუდვა იმისთვისაა დაწესებული, რომ კლუბს წლის განმავლობაში არ შეექმნას რაიმე სახის პრობლემა და კლუბის სხვადასხვა საჭიროებისათვის გამოიყენონ, როგორიცაა მგზავრობა, მივლინება, სამედიცინო ხარჯი, ეკიპირების შეძენა, მატჩის ორგანიზების ხარჯი და ა.შ.
- როცა ქართული კლუბები ევროტურნირებზე წარმატებას ვერ აღწევენ, ხშირად აპელირება ფონდის ხარჯებზე ხდება. რა შეიძლება განაპირობებდეს მსგავს მიდგომას და თქვენი მხრივ, არის თუ არა შესაძლებელი, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგათ? - თუნდაც, საერთაშორისო შედეგების გაცემულ თანხებთან მიბმა?
- ფონდის სახსრები არაა საკმარისი იმისთვის, რომ ფინანსურად კონკურენცია გაუწიო ევროპულ და თუნდაც მეზობელი ქვეყნების გუნდებს. აუცილებელია სწორი მენეჯმენტის პირობებში გუნდში მოზიდულ იქნეს დამატებითი თანხები, მაქსიმალურად მოხდეს ბიზნესის ჩართვა და სპონსორების მოძიება.
ასევე მნიშვნელოვანია კლუბების ფინანსურად ძლიერი მეპატრონის ხელში გადასვლა, მათი სტაბილურობა და სწორი განვითარება. იმედი მაქვს, ეს კლუბები სამომავლოდ გაძლიერდებიან და უფრო კარგად წარმოაჩენენ თავს როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ასევე ევროტურნირებზე.
- ფონდისთვის განკუთვნილი თანხები რამდენად საკმარისია და იგეგმება თუ არა გაზრდა? თუ კი, რა მიმართულებით გაიზრდება, რას მოხმარდება?
- 37 მილიონი ლარი, რაც გამოყოფილია სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის დაფინანსებაზე, ხმარდება როგორც ეროვნულ ლიგებში მონაწილე კლუბებს (70 გუნდი), ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ მასობრივ პროგრამას. დღევანდელი მოცემულობით, ეს თანხა არის 10 მილიონი ევრო, რაც ტოპ 5 ლიგის ჩემპიონატში ორი საშუალო დონის ფეხბურთელის ხელფასის ექვივალენტია, საშუალოევროპული გუნდის წლიურ ბიუჯეტზე ნაკლებიც იყოს.
რა თქმა უნდა, ეს თანხა საკმარისი არაა, სასურველია მეტი იყოს, თუმცა ამ ეტაპზე ეს მოცემულობა გვაქვს. დაფინანსების გაზრდის შემთხვევაში თანხები მიმართული უნდა იყოს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, ასევე - საგანმანათლებლო პროგრამებზე, მწვრთნელების გადამზადებაზე და ა.შ.
"პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება" - ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგია
და მაშინ ყველა მიხვდება სადაც მიდის.
სამარცხვინო სისტემაა და მეტი არაფერი.
ძალიან უსამართლო.
როცა ბავშვთა ბეხბურთის გუნდები ეზოების სტადიონებზე თამაშობენ.
ბიუჯეტი არის საერტო სახალხო. და რატომ აძლევენ კერძო კლუბებს.
მოკლედ 100 არგუმენტი შეიძლება მოიყვანო ამ ფონდის წინააღმდეგ მაგრამ მერამდენე წელია მაინც არსებობს ამ ფორმით..
რა ვიცი.
მეტის ღირსები ვართ ჩვენი ფულის მოვლა არ ვიცით.
არც ქვეყნის მოვლა.
უტიფრობასაც ხომ უნდა ჰქონდეს ზღვარი არა?
მოშორდით ელიგის პირველ სამ ლიგას. აღიარეთ ისინი პროფესიულ ლიგებად, იქ იყოს მხოლოდ კერძო საკუთრების კლუბები. დანარჩენი სამოყვარულოები დაყავით უმაღლეს და პირველ ლიგებად, შეგიძლიათ ლიგები ზონებად დაყოთ და მიეცით ყველას მხოლოდ 250 000 ლარი, ასეთი იქნება სულ 40 კლუბი ანუ 10 მილიონი ლარი სამოყვარულო ლიგებს. პროფლიგები კი თქვენ რომ გაქრებით, თვითონ დალაგდებიან.სანამ თქვენ ხართ მაგ ლიგებში კერძო კლუბების სპონსორები, მანამ იქ წესიერი სპონსორი არასოდეს მივა.