"საბჭოთა ცეხავიკები“ თუ სადმე შემორჩნენ, ეს ქართული კლუბებია" - 10 შეკითხვა მერაბ მეტრეველთან

AutoSharing Option
"პალიტრანიუსის“ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ქართული სპორტის ერთგული გულშემატკივარია, რომელიც სოციალურ ქსელებში ამ თემების შესახებ აქტიურად, საინტერესოდ და ღიად მსჯელობს.

SPORTALL.GE-მ მას 10 შეკითხვა დაუსვა.

- ქართველებს უფრო მეტად ინდივიდუალური სპორტის სახეობები გამოგვდის თუ გუნდური?
- ფაქტია, შედეგების მიხედვით, ინდივიდუალური სახეობები გვეხერხება - ამას ვერსად გავექცევით. მაგალითად, ჭიდაობაში უმაღლესი სინჯის მედლები გვაქვს.
რაც შეეხება გუნდურ სპორტს - გარკვეული წარმატებები არის, მაგრამ მედლებამდე მისვლას კი არა, ფეხბურთში ფინალურ ტურნირებზე გასვლაც გვიჭირს.

ყველაზე პოპულარულ სახეობაში უფრო მეტად ინდივიდუალისტები ვართ, წარმატების მიღწევა ასე გვეხერხება. გუნდურ თამაშს მეტი
გონიერება სჭირდება. აქ მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობ - სხვაგვარი დაგეგმვა და სტრატეგიაა.

ხშირად კითხულობენ, რა აკლია ქართულ ფეხბურთსო და პასუხობენ, ფულიო. ზოგი ამბობს, ნიჭიო. სინამდვილეში ქართულ ფეხბურთში ყველაზე მეტად ტვინის ნაკლებობაა, ინტელექტის ნაკლებობა. განსაკუთრებით ეს ეხება მენეჯმენტს, შემდეგ მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც. ქართველი მოთამაშეები სწორად საკუთარ კარიერასა და ცხოვრებასაც ვერ წარმართავენ. როცა ამას ვერ ვახერხებთ, რაზე შეიძლება საუბარი.

ქართული საფეხბურთო კლუბების მესვეურებს რაც შეეხებათ, ისეთი განცდა მრჩება, საბჭოთა „ცეხავიკები“ თუ სადმე შემორჩნენ, სწორედ იქ.

- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უფრო წარმატებულია თუ რაგბის?
- ყველაზე წარმატებული ნაკრები კალათბურთისაა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. თუ მარტივად განვსაზღვრავთ, მორაგბეები გადიან მსოფლიო თასზე, ფეხბურთელები - ვერა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ფეხბურთში მეტი კონკურენციაა და წარმატების მიღწევის გზებიც უფრო რთულია.

რაგბის მიმართ სხვა დამოკიდებულება გვაქვს. მათი მთავარი ტურნირი ისეა მოწყობილი, უფრო ხშირად იგებენ, ვიდრე აგებენ. ქართველი გულშემატკივრები ხედავენ, რომ ისინი ბოლომდე იბრძვიან.

ქართველ ფეხბურთელებზე ასეთი შთაბეჭდილება არსებობდა, რომ ბოლომდე არ იხარჯებიან. უკანასკნელ წლებში ეს შეიცვალა, ახლა ვამბობთ: ამაზე მეტი არ შეგვიძლია და მინდვრები გადავხნათო.

რაგბი ძალისმიერი სახეობაა და ქართველები ამ კუთხით უფრო ძლიერები ვართ. აქაც შერკინება გვაქვს წარმატებული, სადაც სისწრაფე და ტექნიკა სჭირდება, იქ რაგბიშიც გვიჭირს.

- რატომ აღარ თამაშობენ ჩვენი ლეგიონერები "მილანში", "აიაქსსა" თუ "შალკეში"?
- ამ თაობის საფეხბურთო ნაკრებს ნაკლებად ადანაშაულებენ, რომ ბოლომდე არ იბრძვიან. ე.წ. ქინქლაძე-არველაძეების პერიოდზე კი სხვა განცდა იყო. თითქოს, ქეცბაია იყო მხოლოდ ის, ვინც სრულყოფილად იხარჯებოდა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ნაკრებში ტრავმას ერიდებოდნენ და პატრიოტიზმი აკლდათ.

გოჩა ჯამარაულმა ერთხელ განაცხადა, მარადონას წიგნის ის თავი რომ ვნახე, სადაც ის არგენტინის ნაკრებზე წერს, მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის სახელით გამოსვლაო. ამ დროს ის უკვე კარიერის მიწურულში იყო, თუმცა გენიალური ფეხბურთელის სიტყვები დასჭირდა იმის გასააზრებლად, რას ნიშნავდა საკუთარი ქვეყნის სახელით თამაში.

ახალ თაობას მონდომება არ აკლია, ახლა გამოჩნდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები, მაგალითად, კვარაცხელია, თუმცა გრანდებში გადასვლის საქმე წინ მაინც ვერ მიიწევს, ზოგან მენტალიტეტის პრობლემაა, ზოგან აგენტის და ა.შ.

ბოლო დროს გიორგი ჩაკვეტაძეზე ნიჭიერ ფეხბურთელს ვერ ვიხსენებ. ტრავმის გარდა, როგორც ჩანს, მენტალური პრობლემაც აწუხებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების, ასევე, კლუბის მწვრთნელი, ვარჯიშთან დაკავშირებით მის პრობლემებზე საუბრობენ.

- რა უშლის ხელს იმას, რომ ხვიჩა კვარაცხელია ახლა ტოპ-კლუბში არ ასპარეზობს?
- არ ვიცი, კულუარებში რა ხდება და კვარაცხელიას ტრანსფერი რატომ არ შედგა. რაც შეეხება მის აგენტს - მამუკა ჯუღელი ქუთაისელ კანონიერ ქურდს უფრო გაგონებს, ვიდრე საფეხბურთო მოღვაწეს. ერთ-ერთ ეთერში დივანზე წამოწოლილიც კი ერთვებოდა. რთულია თქმა, ევროპაში ასეთი მენტალიტეტით ტრანსფერი როგორ უნდა გაჩარხო. თუმცა, შესაძლოა, ყოველივე „რუბინის“ მხრიდან შექმნილი პრობლემა უფრო იყოს.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა რომ ცუდად ასპარეზობს, უფრო მეტად კლუბზე გაბრაზებულის შთბაჭდილებას ტოვებს. ეს რას მოუტანს, არ ვიცი.

- როცა საქართველოს ნაკრების შეხვედრებზე მსჯელობთ, ხშირად პრესინგის მნიშვნელობაზე მიუთითებთ. რაშია ჩვენი წარმატების გასაღები?

- თანამედროვე ფეხბურთი არის სწრაფ ტემპში თამაში და მეტოქის მისსავე საჯარიმოსთან შეზღუდვა. საქართველოს ნაკრებისგან ამას თითქმის ვერ ვხედავთ. როცა პრესინგს არ თამაშობ, 80-იანი წლების ფეხბურთი გამოგდის. ამ კომპონენტის დახვეწას ჩვენი ნაკრები ვერცერთი მწვრთნელის ხელში ვერ ახერხებს.

ქართული ფეხბურთი რატომაც ვერ განვითარდა, ისაა, რომ მაღალ ტემპში თამაშს ფეხი აუწყოს. ნიჭი კი არ მოგვაკლდა, უბრალოდ ტემპი გაიზარდა და ჩვენ კიდევ იმ ტემპს ვერ ავყევით, სირბილი გვეზარება, თორემ ჩვენი ნაკრების ეს თაობა 80-იანი წლების დასაწყისში რომ ჩასვა, შეიძლება არანაკლები ფეხბურთი აჩვენონ, ვიდრე მაშინდელი "დინამო“ აჩვენებდა (ნუ, ცოტას ვაჭარბებ, ცხადია). დღეს კარგი ფეხბურთელი ისაა, ვინც საკუთარ ტექნიკურ არსენალს მაღალ ტემპში ავლენს. ქეცბაიამ თქვა ერთხელ, ქართველი ფებურთელი ერთ კვადრატულ მეტრში ბურთს არ დაგანახებს, მაგრამ მთელ მოედანზე უკვე ვეღარ დარბიანო.

ქართველი ფეხბურთელების აქილევსის ქუსლი ყოველთვის ფიზიკური მომზადება იყო, თუმცა ადრე, დაბალი ტემპის პირობებში, მის კომპენსირებას ტექნიკის ხარჯზე ვახერხებდით.

ამის კიდევ ერთი მაგალითი ასაკობრივი ნაკრებებია. საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები ინგლისსა თუ ნიდერლანდებს ტოლ-სწორად ეთამაშებიან, მაგრამ რომ იზრდებიან, მერე ისინი ერთი თავით მაღლა დგანან. რა იცვლება? ქართველ ფეხბურთელებს თამაში ავიწყდებათ? ნიჭი ეპარებათ სადმე? ცხადია, არა. უბრლოდ, უფროს ასაკში უკვე სხვა ტემპში მიდის თამაში და როცა ტემპი იზრდება, იქ "გვერხევა". 

- ვილი სანიოლის მოღვაწეობაზე რას იტყვით?

- მის მოღვაწეობას ბოლომდე წარმატებულად მაშინ შევაფასებ, როცა ზემოთ დასახელებულ პრობლემას სრულყოფილად აღმოფხვრის, ანუ ნაკრები პრესინგს ითამაშებს.
შვედეთის ძლიერი ნაკრების დამარცხების ძირითადი მიზეზი რა იყო? ნახევრად ხუმრობით თუ ვიტყვით, ის, რომ იბრაჰიმოვიჩს სირბილი და შესაბამისად, პრესინგის თამაში ეზარებოდა. ხუმრობის გარეშე კი, მართლაც არ გვეთამაშა შვედეთი პრესინგს, გვაძლევდა საკუთარ მოედანზე გადასვლის საშუალებას, ანუ 80-იანი წლების სტილში ითამაშეს მათაც და აქ კი თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თევზი წყალში. აი, როცა მეტოქე პრესინგს გვეთამაშება, საშუალო დონის ნაკრებებთანაც კი არაფერი გამოგვდის. ამის მაგალითია რამდენიმე დღეში უზბეკეთთან ჩატარებული მატჩი. იმ მატჩში უფრო გაუჭირდა ნაკრებს. თითქოს პარადოქსია - შვედეთთან ვიფრინეთ და უზბეკეთთან ვიხოხეთ. რატომ? პასუხი მარტივია: შვედებისგან განსხვავებით, უზბეკები პრესინგის თამაშს ცდილობდნენ და ჩვენ ისევ ფაფხური დავიწყეთ.

- გიორგი მამარდაშვილის შეხვედრებს თვალს თუ ადევნებდით და რამდენად აღმოჩნდა მზად საქართველოდან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში სათამაშოდ?
- მამარდაშვილის ამბავი ამტკიცებს, რომ თუკი ნიჭიერი ხარ, დიდი კლუბებიც შეგამჩნევენ. შესაბამისად, ნაკლები მნიშვნელობა აქვს, შენი ნაკრები რეიტინგში რომელ პოზიციაზეა.

გიორგის მთავარი ხიბლი თავდაჯერებულობაა. მენტალურად დაღვინებული ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს. იმის მოლოდინი კი ალბათ ყველას გვქონდა, რომ სულ ასე ვერ გაგრძელდებოდა და „ვალენსიას“ ძირითად კიპერად დიდხანს ვერ დარჩებოდა. ჯერ პატარაა საამისოდ, მაგრამ ყველაფერი წინ აქვს.

- ზოგიერთი ქართული სპორტული ფედერაციის პრეზიდენტი პარალელურად საქართველოს პარლამენტის წევრია, მაგალითად, ლევან კობიაშვილი, ვიქტორ სანიკიძე... ამ საკითხს როგორ უყურებთ?

- ფედერაციებისადმი დამოკიდებულება ხელისუფლების დემოკრატიისადმი პატივისცემას ასახავს. ნემსაძე-ახალკაცის შემთხვევა კლასიკური მაგალითი იყო. როცა არჩევნების შედეგებს არ აღიარებ, ეს დემოკრატიული არაა. მოქმედმა ხელისუფლებამ ეს მავნე პრაქტიკა გააგრძელა.

გვახსოვს, როგორ აირჩიეს კობიაშვილი - ძალით, ხელების გადაგრეხვით, ზეწოლით. არჩევნების დილით დელეგატი დააკავეს. ასეთი მეთოდებით როცა მოდიხარ, მერე წარმატებულიც ვერ იქნები.

ზოგადად, ეს ხელისუფლებაც წინას მსგავსად ცდილობს ყველა ფედერაცია ერთგულ ხალხს ჩააბაროს. თითქოს მომხრეების და ზონდერების დასაქმების სააგენტო იყოს. სოსო ჯაჭვლიანიც კი, რომელიც მათი პარტიის წევრი იყო, მკლავჭიდის ფედერაციიდან, ფაქტობრივად, გააგდეს.

- თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას დიდი სჯა-ბაასი და ნეგატიური გამოხმაურებები მოჰყვა. ასეა ფეხბურთელების შემთხვევაშიც. მისა
ები გადაწყვეტილებაა?
- ქართველი კალათბურთელის ხილვა ცსკა-ში, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არმიის კლუბი აღარაა, სასიამოვნო მაინც ვერ იქნება. ჩვენ ყველანი პოლიტიკის ნაწილი ვართ და ის, რომ პოლიტიკა სპორტისგან გამიჯნულია, უბრალოდ ლირიკა და "გაპრავების“ მცდელობაა. მით უმეტეს, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის ხდება, ეს პოლიტიკაზე მეტია. ეს ომია. ამ ეტაპზე ცივ ფაზაში, მაგრამ მაინც ომი. პოლიტიკაში არ ვერევიო, შეგიძლია თქვა, როდესაც საქმე "ნაცებს" და "ქოცებს" ეხება და არცერთი არ გაინტერესებს, მაგრამ როცა საქმე სამშობლოს და მის ინტერესებს ეხება, აქ პოლიტიკა რა შუაშია? რუსეთ-საქართველოს ომში ვინც იბრძოდა, არც ის ჯარისკაცები იყვნენ პოლიტიკოსები და არც ისინი ერეოდნენ პოლიტიკაში, მაგრამ სამშობლოს თავი შესწირეს. ასე რომ, როცა საქმე ქვეყნის ბედს ეხება, ეს მხოლოდ პოლიტიკოსების და მხოლოდ პოლიტიკის საქმე ვერ იქნება. ეს ყველას გვეხება. როცა შენ ასეთ დროს ამბობ, რომ მე პოლიტიკა არ მაინტერესებსო, შენ ამბობ, რომ ქვეყანა არ გაინტერესებს.

თუმცა რუსეთში წასვლის გამო სპორტსმენების ჩაქოლვის წინააღმდეგი ვარ. თორნიკეს ადგილას მე ასე არ მოვიქცეოდი. არც მისი გადაწყვეტილება მომწონს, თუმცა ამის გამო მისი მოღალატედ შერაცხვა დაუშვებელია. ის ნაკრებში ჩამოდის და ბოლომდე იხარჯება, როცა ამას ახალი რეგულაციებით ბევრი კალათბურთელი ვერ ახერხებს. 

- გოგა ბითაძესა და სანდრო მამუკელაშვილს თუ აქვთ რესურსი, ზაზა ფაჩულიას გზა გაიმეორონ?
- ჩემი გადმოსახედიდან, ბითაძე და მამუკელაშვილი უფრო ნიჭიერები არიან და შესაძლოა, უკეთესი კარიერაც კი ჰქონდეთ.

ფაჩულია სულ მომწონდა, როგორც საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ლიდერი იყო. მსგავსი ხასიათის მოთამაშე ფეხბურთს ძალიან აკლდა. თუმცა მისი მთავარი ღირსება ნიჭზე მეტად ჭკუა იყო. სწორედ ჭკუის დახმარებით წარმართა თავისი კარიერა ისე, რომ საშუალო ნიჭის პატრონმა ოჯერ მოიგო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია. ასევე საშუალო ნიჭის მატარებელი იყო კალაძე, მაგრამ მასაც სხვებზე მეტი ჭკუა აღმოაჩნდა და სხვებივით კარიერა კი არ დაინგრია, არამედ სწორად წარმართა და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ნიჭის ზღვა ჰქონდა ქინქლაძეს, თუმცა თავში ტვინი არ აღმოაჩნდა და მოხდა ის, რაც მოხდა.

ამიტომ იმით დავამთავრებ, რითიც დავიწყე, ყველაზე მეტად ქართულ ფეხბურთში ტვინის დეფიციტია.

alt"სანიოლს თუ არ უნდა სხვა მწვრთნელებივით აქედან შერცხვენილი წავიდეს, ერთ უფასო რჩევას მივცემდი..." - მერაბ მეტრეველი ნაკრების განვლილ 3 შეხვედრას გამოეხმაურა

alt"რატომ არ მომეწონა სანიოლის დებიუტი? ეს არ იყო ის რისკიანი თამაში..." - მერაბ მეტრეველი შვედეთი - საქართველოს მატჩზე სტატუსს ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 19 /
მეტრეველს მადლობა სწორი შეფასებისათვის, განსაკუთრებით ქინქლაძე ჯამარასი
Suxumchanin
12:18 21-01-2022
0
"საბჭოთა ცეხავიკებს" ფეხბურთში, სათავეში ფიფია-იაშვილის ტანდემი უდგას.
პელე
12:15 19-01-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული