ბათუმის "დინამო" და ჩემპიონთა ლიგა - ყველაფერი წილისყრასა და სასურველ მეტოქეებზე

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრები ერთგვარი დილემის წინაშე არიან - მოუთმენლად ელიან ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" გაოფიციალურებას, ამავდროულად კი, სურთ, "კვარა" საწყის ეტაპზე ბათუმის "დინამოსაც" დაეხმაროს, რათა იქნებ ქართულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან მიახლოება შეძლოს.

როდისაა წილისყრა?

საქართველოს ჩემპიონი პირველი მეტოქის შესახებ 14 ივნისს შეიტყობს, როცა უეფას შტაბ-ბინაში წილისყრა გაიმართება.

სამწუხაროდ, ბათუმელთა სარეიტინგო ქულა დაბალია და ისინი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე (საწყის სტადიაში მხოლოდ რამდენიმე გუნდი თამაშობს) განუთესავი იქნება. რა თქმა უნდა, არსებობს ერთი შეხედვით სასურველი და არასასურველი მეტოქეები. მნიშვნელოვანია, რომ უეფა
ტერიტორიული დაყოფის პრინციპს იყენებს და სავარაუდო მეტოქეებს ასე ადგენს, რის გამოც ურთიერთობების გარკვევა ხშირად მეზობელი ქვეყნების გუნდებთან გვიწევს.

ყველაზე არასასურველი

მიუხედავად იმისა, რომ სარეიტინგო ქულით ასე სულაც არაა, ყველაზე ძლიერ მეტოქეს მოლდოვის "შერიფის" მიჩნევა შეგვიძლია, რომელმაც უეფას მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფში თვით მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ მშვენიერი გამოცდილება დააგროვა.

მსგავსის თქმა შეიძლება აზერბაიჯანულ "ყარაბაღზეც", რომლის კარსაც ლუკა გუგეშაშვილი იცავს. ბულგარეთის ჩემპიონ "ლუდოგორეცის" შესაძლებლობებზეც მშვენივრად მოგვეხსენება.

ზემოხსენებული ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე, საწყის მეტოქედ ისეთი ძლიერი გუნდების თავიდან აცილება შეიძლება, როგორებიც "მალმიო" (შვედეთი) და "ბოდო გლიმტი" (ნორვეგია) არიან.

პირველი ეტაპის განთესილთა შორისაა ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი ბრატისლავის "სლოვანი", სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან.

მეტი შანსი

რა თქმა უნდა, თამაში ყველასთანაა შესაძლებელი, თუმცა არიან გუნდები, რომლებთანაც ჩვენს ჩემპიონს მეტი შანსი ექნება.

პირველ რიგში, მაინც ლიეტუვის "ჟალგირისის" ხსენება შეიძლება, რომელიც განთესილთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. კიდევ ერთხელ შევეხებით უეფას მიერ დანერგილ პრინციპს, რის გამოც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედარებით დაბალი რეიტინგის მქონე ფინური ჰიკ-ი საქართველოს ჩემპიონს ასცდება.

მთავარი, რასაც ვერ ვახერხებდით

უეფას საკლუბო ფეხბურთის სისტემა ისეა აწყობილი, ჩემპიონებს უფრო დაბალი რანგის ტურნირებზე გადართვა პირველივე მეტოქესთან მარცხით შეუძლიათ, თუმცა ეს ისაა, რაზეც არასდროს უნდა ვიფიქროთ. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი ძლიერი გუნდის ჩამოტოვება ნიშნავს, რომ შემდეგ უკვე მე-2 ეტაპის ვერგადალახვის შემთხვევაში, ევროპა ლიგაზე უფრო სუსტ მოწინააღმდეგეზე გახვალ.

რა თქმა უნდა, ყველას სურვილია, ბათუმელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწიონ, თუმცა პროგრამა-მინიმუმი სწორედ ერთი მეტოქის გავლა უნდა აიყოს, რაც ბოლო წლებში ასე გვიჭირდა. სხვათა შორის, საქართველოს ჩემპიონის სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა ჩვენთან სწორედ მსგავს მიზნებზე ისაუბრა. მინიმუმ, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა რომ არ უნდა დავრჩეთ, ამაზე ყველა ვთანხმდებით...

საკადრო რესურსი

რა თქმა უნდა, ბათუმელები ახლა ძალიან გაძლიერდნენ, თუმცა მთავარი ფიგურა ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის სატრანსფერო სააკითხი გასარკვევია. შესაბამისად, ბათუმელებს ახალი მოთამაშეების დამატებაზე ფიქრი მაინც მოუწევთ. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5-12 ივლისსაა.

აშკარად ჩანს, რომ გია გეგუჩაძის გუნდის დაცვის ხაზში ყველაზე ნაკლები კონკურენცია და საკადრო რესურსია. შესაბამისად, მათ ამ მხრივ მუშაობა მოუწევთ.

ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრებს ეიმედებათ და ამ საქმეში წილისყრაში გამართლება მნიშვნელოვანია. 14 ივნისამდე ცოტა დროა.

alt"დინამოზე" დაბრუნებული გულშემატკივარი, კარგი თამაში და ზღვა ემოციები მატჩში, რომელსაც მხოლოდ გოლები დააკლდა [VIDEO]

altკვარაცხელია და ჯოვინო პირველივე ტაიმში შეცვალეს, ბათუმის "დინამო" მარცხს გადაურჩა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 36 /
სრულიად არადეკვატური დამოკიდებულება რა სუსტი რა იოლი გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული ნორმალური ფეხბურთელებით ვარსკვლავებს ვერ აიყვანენ მაგრამ წესიერ ნორბენალ მოაზროვნე ფეხბურთელს იპოვინ თუ უნდათ რეალურად ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და წესიერი ფეხბურთელი კარგი ინვესტიციაა შემდგომში ბევრად მეტად გაყიდიან მაგრამ არა ამათ წამსევე უნდათ 100% მოგების ნახვა.
კახა
19:53 12-06-2022
0
კანკავაზე და კაშიაზე იმუშავოს ბათუმმა კონტრაქტები ეწურებათ და უმაგრესი დანამატი იქნება თუ მოხერხდა დაცვასაც გაძლიერება სჭირდება დდ მათზე უკეთესს ვის იპოვიან
დემე
16:01 12-06-2022
0

სიახლეები პოპულარული