"მე და ხვიჩას აგენტი ნეაპოლში მივდივართ, იქ გადაწყდება ყველაფერი..." - ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესმა" ინტერვიუ ჩაწერა არჩილ ბერიძესთან. ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა ცნობილ ჟურნალისტ იგორ რაბინერთან საინტერესო თემებზე ილაპარაკა...

დიდი დამსახურება აქვს ამ საქმეში ოთხივეს აგენტს...

- თქვენს გუნდს ჰყავს ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი, რომლებიც კარგად არიან ცნობილი რუსეთში თამაშით - ცოტა ხნის წინ ბათუმის "დინამოში" გადავიდნენ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი, ადრე ჯანო ანანიძე გყავდათ, ბრაზილიელი ფლამარიონი კი, რომელიც ერთხანს "როტორში" თამაშობდა, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. როგორ მოახერხეთ გუნდში ყველა მათგანის მიყვანა?
- ფლამარიონი ჩვენ გვეკუთვნოდა და იჯარით იყო "როტორში", სადაც კარგი სეზონი გაატარა.
ეს ფეხბურთელები ჩვენთან ჩამოვიდნენ იმიტომ, რომ მათ იცოდნენ - ბათუმის "დინამო" ახლა საქართველოს საუკეთესო კლუბია. რა თქმა უნდა, მათი გადაბირება ძალიან რთული იყო, ამისთვის ბევრი ვიშრომეთ. დიდი დამსახურება აქვს ამ საქმეში ოთხივეს აგენტს - მამუკა ჯუღელს. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და მინდა ცალკე მადლობა გადავუხადო მათ შეძენაში დახმარებისთვის. ვფიქრობთ, მასთან ასეთი ურთიერთობის წყალობით, კიდევ ბევრ ძლიერ ფეხბურთელს დავიმატებთ.

- ხვიჩას თქვენთან გადმოსვლა დიდი სენსაცია გახდა. ისე ჩანდა, თითქოს მისი შემდეგი გაჩერება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი იქნებოდა...
- ამაზე, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის მოვლენებმა იმოქმედა. მამუკასთან (ჯუღელთან) ერთ-ერთი საუბრისას გამიჩნდა მისი "დინამოში" გადასვლის იდეა და ამის განხორციელებაზე დავიწყეთ მუშაობა. საბოლოოდ, ყველაფერი გამოვიდა და შესანიშნავი ფეხბურთელი შევიძინეთ. ეროვნული ნაკრების მარტის მატჩების შემდეგ ის საქართველოში დარჩა და ახლა ყველა მატჩში თავის დონეს ამტკიცებს.

- იგივე ხელფასი გადაუხადეთ, რაც "რუბინში" ჰქონდა?
- რა თქმა უნდა, არა. ქართული კლუბისთვის ასეთი თანხა წარმოუდგენელია. მაგრამ საქართველოს სტანდარტებით ხვიჩას ძალიან დიდ ფულს ვუხდით.

- ქართულ ფეხბურთში ახლა მას ყველაზე დიდი ხელფასი აქვს?
- არა, ყველაზე დიდი ხელფასი ფლამარიონს აქვს, რომელთანაც გრძელვადიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. არა მარტო ხვიჩასთან, ზურიკოსთან ხელშეკრულების გაფორმებაც არ იყო იოლი, საქართველოსთვის ის ტოპ-ფეხბურთელია. 2020 წლის ბოლოს ის შემთხვევით არ მოხვდა ევროპის 50 ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის.

- როგორ მოახერხეთ, რომ ხვიჩა ფიფას და უეფას ნებართვის წყალობით დროებით კი არ გადასულიყო ბათუმის "დინამოში", არამედ "რუბინთან" კონტრაქტი დაერღვია და თქვენ თავისუფალი აგენტის სტატუსით აგეყვანათ? და "რუბინი" მიიღებს რამეს "ნაპოლისგან"?
- ეს ტრანსფერი ხვიჩას, მამუკას და "რუბინის" შეთანხმების შედეგია. ჩვენთან თავიდანვე იყო შეთანხმებული, რომ ის თავისუფალ აგენტად წამოვიდოდა. მე არ ჩავერევი ამ მოლაპარაკებების პროცესში, რადგან არასდროს არ ჩავერევი სხვა ეპარქიაში, გარდა - ჩემისა. ჩვენი მიზანი იყო ხვიჩას ბათუმში ჩამოყვანა და ეს ბრწყინვალედ შევასრულეთ. რა გზით, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩვენ არასოდეს ვაცხადებთ საჯაროდ ჩვენი ხელშეკრულებების დეტალებს. ეს კომპანიის საიდუმლოა (იღიმის)!..

- ალბათ, გინდათ, რომ ხვიჩამ ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშოს...
- ...პირველი თამაში მაინც! ეს ჩემი ძალიან დიდი ოცნებაა!.. მე და ხვიჩას აგენტი ერთ კვირაში ნეაპოლში მივდივართ და იქ ყველაფერი გადაწყდება. ჩვენ გვჯერა, რომ შევძლებთ შეთანხმებას, რადგან ფეხბურთელს შეუძლია ერთ კლუბში ითამაშოს ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო ჯგუფურ ეტაპზე - მეორეში.

- "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა, რომ კვარაცხელია ზაფხულში აუცილებლად გადავა მის კლუბში. როდის გაფორმდება ხელშეკრულება და რამდენ წელზე იქნება გათვლილი?
- კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. ცოტა ხნის წინ ბათუმში "ნაპოლის" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ყოფილა და ყველაფერი - ტრანსფერის დრო და დეტალები - მაშინ გავრცელდება, როდესაც ხვიჩა ნეაპოლში ჩავა.


მკითხველის კომენტარები / 8 /
ნეაპოლი ქალაქია და ნაპოლი გუნდის სახელი
შოთა
16:05 02-06-2022
0
დაანებეთ მაგ კაცს თავი
გაუშვით თავის გზაზე
ბათუმში შემცვლელი ვეძებოთ
თენგო
08:51 01-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული