"ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება..." - შოთა არველაძე შესანიშნავ ამბავს ავრცელებს

AutoSharing Option
"ჰალის" ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს:

"წლების მანძილზე ჩემი და ჩემი ძმების ერთ-ერთი საყვარელი პროექტი იყო საფეხბურთო თერაპია, რომელიც რეგიონში მცხოვრები მოზარდებისთვის ფეხბურთის თამაშის, დამეგობრების და სოციალურ აქტივობებში ჩართვის შესანიშნავი საშუალებაა. ჩვენი ფონდის მიერ ორგანიზებულმა პროექტმა სხვადასხვა ტურნირის, აქტივობის და ფესტივალის ფარგლებში 1000-მდე მოზარდი გააერთიანა. არაერთი პარტნიორის, საელჩოს თუ მეგობრის დახმარებით საქართველოს 6 რეგიონში ბევრი რამ გაკეთდა როგორც ინფრასტრუქტურის განახლების, ისე მოზარდებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის გაჩენის კუთხით.

ფეხბურთის თამაშის ხელმისაწვდომობის ზრდის გარდა, მნიშვნელოვანი იყო და დღემდე რჩება რეგიონებში მცხოვრები
ბავშვებისა და მოზარდებისთვის განათლების მიცემის დამატებითი შესაძლებლობაც. რეგიონში და განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის ნებისმიერი სიახლე, აქტივობა და წახალისება მიცემული შანსია, რომელსაც ბევრი მათგანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ზოგიერთის შემთხვევაში ეს შანსი შეიძლება იყოს ფეხბურთის თამაში, სხვების შემთხვევაში - წიგნები, შემეცნება და ა.შ.

სინანულით უნდა ვთქვა, რომ ხშირად გვიჭირს ჩვენი ყურადღების იმ ქალაქებისა და სოფლებისთვის დათმობა, სადაც უამრავი ნიჭიერი მოზარდი ელემენტარული საჭიროებების გარეშე ცხოვრობს. ამის ფონზე, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოში არსებული 64 ბიბლიოთეკა დარჩეს ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამის გარეშე, როგორიცაა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია. ამ პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, 64 ქალაქის ბიბლიოთეკა სრულიად ახალი წიგნებით მარაგდება.

არ ვისაუბრებ დეტალებზე და არც იმაზე, რა მიზეზით შეჩერდა ეს პროექტი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა: არცერთი მოზარდი და რეგიონში მცხოვრები ადამიანი არ უნდა დარჩეს განახლებული ლიტერატურის და საჭირო წიგნის გარეშე. რთულ პირობებში ცხოვრების პარალელურად, წიგნი შეიძლება ერთ-ერთ იშვიათ შესაძლებლობად ჩავთვალოთ, რაც ცხოვრებას უფრო ხალისიანს, საინტერესოს და იმედით სავსეს ხდის.

ამიტომ, ვერთვები ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსების პროექტში და ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.

ჩემს ჩართულობას აქვს ორი მიზანი: გადარჩენა და წახალისება - გადარჩენა უმნიშვნელოვანესი პროექტის და წახალისება მკითხველისა და ახალი თაობის, რათა მეტი მოტივაციით გააგრძელონ სწავლა და შემეცნება.

მადლობა შესაძლებლობისთვის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას. იმედი მაქვს, პროექტში აქტივობების სახით არაერთი სპორტსმენი, მწერალი და მოზარდებისთვის საყვარელი ავტორი ჩაერთვება", - წერს არველაძე. 

altარველაძე მზადებას თურქეთში იწყებს - გაძლიერდება ქართველით?

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა უცნაურია, ამდენი კომენტარი გაკეთდა და სისულელე ჯერ არავის დაუწერია?! სად არის ის ხალხი, გესლიან ენებს რომ იქნევენ ბასრი მახვილებივით? ;-) ნუთუ ამ ინფორმაციას ვერაფერი უპოვნეთ? ვერ დავიჯერებ რომ ის ხალხი გამოსწორდა! აბა თქვენ იცით, ველოდები ბოღმა კომენტარებს! არველაძეებს მადლობა! დადებითი პიროვნებები არიან!
გიორგი
09:03 24-06-2022
0
და ახლა ალბათ ვინმე მაინც მოიცლის უარყოფითი კომენტარის დასაწერად... მადლობა შოთას! უწიგნოდ არც სპორტი ვარგა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული