თბილისის "დინამომ" ევროპაში იმედები აღარ უნდა გაგვიცრუოს - ჭიაბრიშვილის სასიკეთო ცვლილებები

AutoSharing Option
ევროტურნირები კარს მოგვადგა და ახლა ჩვენი მსჯელობა მას უტრიალებს.
ჩემპიონთა ლიგაზე ოცნება თუ ცოტა რთულია, ევროპის რანგით მესამე, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში შეუძლებელი არ უნდა იყოს. გულახდილად რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე ამის ყველაზე დიდი იმედი თბილისის "დინამოს" უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულმა კლუბმა ბოლო წლებში რამდენიმე მწარე მარცხი იგემა, ბოლოდროინდელი თამაში და გარკვეული სასიკეთო მოვლენები პოზიტივის საშუალებას გვაძლევს. გვინდა გვჯეროდეს, ისევ იმედგაცრუებას ავცდებით...

მწვრთნელის ფაქტორი

თუკი ქართველ და ევროტურნირებზე გამოცდილ მწვრთნელზე ვსაუბრობთ, გიორგი ჭიაბრიშვილზე ადრე ბევრი არ უნდა გაგვახსენდეს.
მას ჯერ "საბურთალო" ჰყავდა ევროპა ლიგის ჯგუფთან ახლოს, სადაც მარცხმა ხასიათი გაუფუჭა და თითქოს იმედგაცრუებაც დაეუფლა, მაგრამ თბილისის "ლოკომოტივთან" ერთად ფავორიტი მოსკოვის "დინამო" მშვენიერ სტილში დაამარცხა. მწვრთნელს ახლა ერთგვარი პაუზა ჰქონდა და თბილისის "დინამოში" შთამბეჭდავად დაბრუნდა - მისმა შეგირდებმა 2 მატჩში 10 გოლი გაიტანეს.

Sportall.Ge



სტილი და სიახლე

გიორგი ჭიაბრიშვილის სათამაშო სტილი მოძრაობას, სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს ეფუძნება. ის თუ წარმატებას აღწევს, სწორედ ასეთი ფეხბურთით.

"ტორპედოსთან" პრინციპულ დაპირისპირებაში კარგად გამოჩნდა, რომ ჭიაბრიშვილის კრედო შეტევაა. საგულისხმოა, რომ ის ფეხბურთელებთან კარგი კომუნიკაციით გამოირჩევა. მაგალითად, საგრძნობი გახდა, რომ "ლოკოში" მისი ყოფილი შეგირდი თორნიკე კირკიტაძე, რომელიც ახლა მას ახალ კლუბში დახვდა, ჭიაბრიშვილთან თავს მშვენივრად გრძნობს და უკეთეს ფორმასა და ხასიათზეა.

რის ხარჯზე მიიღწევა წარმატება?

თბილისის "დინამოს" თამაშის წარმართვის რესურსები როგორც ფლანგებიდან, ასევე ცენტრიდან აქვს. ხსენებულ კირკიტაძესთან ერთად, მარჯვენა ფლანგზე ნიკა მალი გამოდის და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, აქ თბილისელებს ყველაზე ნაკლები პრობლემა ექნებათ. სუსტი არც საპირისპირო ფლანგია. მთავარია, ერთ დროს ძალიან პერსპექტიულად მიჩნეულმა ლევან ხარაბაძემ სტაბილურობას მიაღწიოს. გასული ევროთასები რომ გავიხსენოთ, მის კარგ თამაშს დაღს მნიშვნელოვანი შეცდომა ასვამდა. კარგად გამოიყურება გორის "დილიდან" გადაბარგებული, გვინეელი უსმანე კამარა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მას უფრო მეტი მოეთხოვება.

Sportall.Ge

თუკი ცენტრალურ ზონას ავიღებთ, სანაკრებო გამოცდილების შემდეგ ანზორ მექვაბიშვილი კიდევ უფრო თავდაჯერებული ჩანს. მთავარია, მის თამაშში მეტი გამამწვავებელი პასი იყოს...

რა თქმა უნდა, "დინამოს" გაძლიერება სჭირდება და ნიდერლანდელი იმრანის
ტრანსფერი სწორედ ამაზე მიუთითებს. თუკი კირკიტაძეზე ვთქვით, ისიც ჭიაბრიშვილის "ლოკომოტივში" კარგად გამოიყურებოდა და მეტოქეთა კარის აღება არ უჭირდა.

საბა ხვადაგიანი ბოლო დროს სათანადო დონეზე ვერ გამოიყურება და "დინამოს" ცენტრალური დაცვის გაძლიერება დასჭირდება. საუბრებია "ლოკომოტივის" კიდევ ერთი ნახევარმცველის, ბექა დარცმელიას გადაბირებაზე. რაც შეეხება წინა ხაზს, უკრაინელი ბილენკი შედეგიანია, თუმცა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე გრძელი გზაა, სადაც მაქსიმალურად დიდი კონკურენციაა საჭირო. "ტორპედოს" დავით სხირტლაძემაც გაუტანა, რომელიც დანიიდან გვახსოვს და ჩვეულ სტილში აღნიშნა.

Sportall.Ge

"დინამოს" უახლოესი მეტოქე

ესტონურ "პაიდეს" საკუთარ ჩემპიონატში საკმაოდ ბევრი გააქვს, მაგრამ ასევე უშვებს. თბილისის "დინამოს" უახლოესი მეტოქე, ძირითადად, ესტონელი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ასევე, გუნდშია 22 წლის ნიდერლანდელი ფორვარდი დიბიასი, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი; 21 წლის ფრანგი ნახევარმცველი დომინიკი; 20 წლის განელი მცველი იუსუფი, რომელმაც მეტოქეთა კარის აღება 2-ჯერ შეძლო.

ჭიაბრიშვილის "დინამოს" ნამდვილად შეუძლია ესტონური ბარიერი დაძლიოს და მერე სომხურ "არარატ-არმენიაზე" იფიქროს.

altჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის "დინამომ" ისევ გაიმარჯვა - ამჯერად "ტორპედო" გაანადგურა [VIDEO]

altაჰყვებიან ქართული კლუბები პოზიტიურ ფონს? - რატომ გვეშინია ევროტურნირების...

მკითხველის კომენტარები / 17 /
რატომ არ გესმით, რომ ეს ცვლილებებია სატყუარა, პრინციპი თუ არ შეიცვალა და დიდი პროექტი არ დაიწყო, შემდეგი განთავისუფლებული ჟიაბრიშვილი იქნება. შანსი არ არის რომ ამ გუნდმა ასეთი მიდგომებით წარმატებას მიაღწიოს. წინასწარ იმიტომ ვწერ, რომ ყოველ წელს ერთი და იგივეა!
კაპიტან გარდენბურგი
19:06 28-06-2022
0
დაცვის გაძლიერება თუ უნდა, კობაური დააყემოს.
ქართველი
14:51 28-06-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული