"პირატი" ქალი ბათუმიდან, რომელიც საკუთარი ქალაქის გუნდის გულშემატკივრობით ცხოვრობს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღება და სიმპათიები არა მხოლოდ თამაშის ხარისხითა და შემტევი სტილით, არამედ განსაკუთრებული გულშემატკივრობითაც დაიმსახურა. ამ ქალაქის ახალი, მშვენიერი არენა ეროვნული ლიგის მატჩების დროსაც სავსეა და საკუთარ გუნდს ენერგიულად გულშემატკივრობს. რა გასაკვირია, რომ ბრატისლავის "სლოვანთან" სადებიუტო საშინაო საჩემპიონთალიგო შეხვედრაში ეს უფრო მეტად შეიმჩნეოდა. სამწუხაროდ, მატჩის ეპილოგი ძალიან მძიმე გამოდგა, თუმცა გუნდი კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს.

SPORTALL.GE ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა გუნდ "პირატების" ერთ-ერთ გამორჩეულ წევრს, თეონა ზოიძეს ესაუბრა. მისი პასუხები მკითხველებისთვის საინტერესო უნდა იყოს.

- "სლოვანთან" მარცხის შემდეგ ცუდ
ხასიათზე იქნები, თუმცა მომავლის რწმენას მაინც არ კარგავ - წინ კონფერენს ლიგაზე "ლეხთან" დაპირისპირებაა...

- ბოლო წამებზე მარცხი საშინელი შეგრძნება იყო. შინაგანად დამსხვრეული ვარ და დღემდე ვცდილობ, ძალები მოვიკრიბო. ვიმედოვნებ, 21 ივლისს, როცა გასვლით შეხვედრას გავმართავთ, სულიერად ბოლომდე მზად ვიქნები. საკუთარი ქალაქის გუნდი გამარჯვებულიც მიყვარს და დამარცხებულიც, თუმცა ეს წაგება ისეთი მოულოდნელი იყო და ისე სწრაფად მოხდა, ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ გონს.

- ბათუმის "დინამომ" საქართველოში გულშემატკივრობის ახალი კულტურა შექმნა. შენ გარდა, აქ კიდევ რამდენიმე გოგოა. თავდაპირველად, თქვენი აქ ყოფნა რამდენად მოულოდნელი იყო თუნდაც ფეხბურთელებისთვის?
- მეამაყება, რომ წლებია, იმ დიდი ოჯახის წევრი ვარ, "პირატები" რომ ჰქვია. ძალიან ბევრი გოგოა ტრიბუნაზე, რაც მახარებს. წლების განმავლობაში ვცდილობდი, მათი რაოდენობა გაზრდილიყო, რადგან სადაც მანდილოსნებია, გარემო გაცილებით ლამაზია. სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, რა როგორ იყო ფეხბურთელებისთვის, მსგავს დამოკიდებულებაზე ყურადღება არასდროს მიმიქცევია.

Sportall.Ge

- ფეხბურთი როდიდან და რა დოზითაა თეონას ცხოვრებაში? ვიცი, რომ შენი შვილი მეკარეა...
- ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში 8 წლის ასაკიდან შემოვიდა. ჩემი ასაკის გოგონები "მეგობრობის დღიურში" ლამაზ ჩანახატებსა და ფოტოებს თუ აკეთებდნენ, ჩემსაში გაზეთებიდან ამოჭრილი ზიდანი და "კიჭა" (ბრაზილიელი რონალდო) იყვნენ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემს შვილს ფეხბურთის თამაშის სურვილი ჰქონდა, "პირატებშიც" ჩავერთე და ასე ვარ დღემდე საფეხბურთო სამყაროში.

- ფან-კლუბის წევრობა შენი ძირითადი საქმიანობა ვერ იქნება, როგორ ახერხებ დროის გადანაწილებას?
- პირველ რიგში, დედა ვარ და შემდეგ სხვა დანარჩენი. გაგეცინებათ და, ბევრ სამსახურზე უარის თქმა სწორედ იმის გამო მომიწია, რომ თამაშებზე ვერ ვივლიდი. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ხელნაკეთი ნივთებით ვარ დაკავებული. შესაბამისად, დრო ჩემ ხელთაა.

Sportall.Ge

- საკმაოდ ხშირად მატჩებს ორიგინალური ჩაცმულობითა და ვარცხნილობით ესწრები. მსგავს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებ?
- ვაღიარებ, ცოტათი ექსტრავაგანტური ვარ. გამოვიარე პერიოდი, როცა ირგვლივ მყოფებისგან მესმოდა: "ქალს რა უნდა სტადიონზე?!", ახლა კი ვცდილობ, სტერეოტიპები დავამსხვრიო და იმ გოგონებს, რომლებიც გვიერთდებიან, არანაირი კომპლექსი არ ჰქონდეთ. ვისაც რა მოსწონს და სადაც თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, ის უნდა ეცვას და ისე იქცეოდეს. სხვისი აზრის ქვეშ არავინ უნდა ექცეოდეს. ბრაზილიის ქომაგი რომ ვიყო, ეს გასაკვირი არ იქნებოდა, მაგრამ საქართველოში ახლა ვიდგამთ ფეხს და უფრო მოულოდნელად აღიქვამენ.

- თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ უნდა უჩიოდე, რაც ამ ინტერვიუს შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება. როგორ უმკლავდები ამ გამოწვევას?
- თაყვანისმცემელი ცოტა გადაჭარბებულად მიმაჩნია, თუმცა იქნებიან მამაკაცები, რომელთაც მოვწონვარ. ისე ნამდვილად არ მაქვს საქმე, რომ ვერ გავუმკლავდე. როცა ქალი შემდგარი, ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელია, რთულია, ის რამით გააოცო, თანაც ამ ეტაპზე პირადი ურთიერთობისთვის მზად არ ვარ - ჯერ შვილი მყავს დიდ კლუბში "დასაბინავებელი".

- ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა რომელია, ბათუმის "დინამოსთან" ერთად რომელსაც დაესწარი?
- ყველაზე მეტად მახსოვს ის მატჩი, უმაღლესი ლიგიდან რომ გავვარდით. ყველაზე მტკივნეული მომენტი იყო... კიდევ მახსოვს შარშან, თბილისის "დინამოსთან" დაპირისპირება, თანაც, ჩემი დაბადების დღე იყო, გავიმარჯვეთ და ყველაზე კარგი საჩუქარი მივიღე. პირველად სტადიონზე მაგ დღეს ვიტირე და ეს სიხარულის ცრემლები იყო.

Sportall.Ge

- სოციალურ ქსელში შემხვდა პოსტი, სადაც სხვადასხვა გუნდის ფან-კლუბის წევრებს შორის საუკეთესოს "ლაიქების" მიხედვით არკვევდნენ და იქ შენც მონაწილეობდი. რამდენად მოგწონს მსგავსი კონკურსები?
- ვფიქრობ, ეს გვერდების ერთ-ერთი ხრიკია, გულშემატკივარი რომ მოიზიდოს და ნახვადობა აიმაღლოს. ჩემზეც გაკეთდა მსგავსი, მაგრამ ამით რა? ან მე ვარ ცუდი ქომაგი ან ის? - არანაირად. ყველა ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია და ჩვენი მცირედი წვლილი შეგვაქვს გუნდის წარმატებაში. ვფიქრობ, რაღაც მომენტში უსამართლობაა, შეგაფასონ ისე, როცა არ გიცნობენ, არ იციან, რა გზა გამოგივლია ან გადიხარ. მთავარია, ყველას მიმართ უნდა გავცეთ სიყვარული და ბევრად ლამაზი და ბედნიერი ცხოვრება გვექნება. საკუთარი კვალი უნდა დავტოვოთ და არა სხვის ნაფეხურებს გავყვეთ.

- არსებობს სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ?
- ძალიან მიყვარს ოსკარ უაილდი. მის ფრაზებს ხშირად საკუთარ თავს ვუმეორებ. მაგალითად, იმას, რომ ვიყო ის, ვინც ვარ და არანაირმა გარემოებამ არ შემცვალოს.

- ალბათ, იქნებიან ფეხბურთელები, რომელთა გაცნობაც ყველაზე მეტად გსურს და ჯერჯერობით ვერ მოახერხე...
- საქართველოში არ არის ასეთი ფეხბურთელი, რადგან მაქვს პატივი, ვიცნობდე ყველას, ვინც მინდა. ზოგადად კი, ასეთები ზიდანი, კასილასი და იბრაჰიმოვიჩი არიან. არც სხვების გაცნობაზე ვიტყვი უარს, მაგრამ ზიდანმა შემაყვარა ფეხბურთი, კასილასი კერპია, "იბრა" კი უბრალოდ, "გიჟი".

Sportall.Ge

- მსმენია, რომ ბავშვებთან განსაკუთრებული ურთიერთობით გამოირჩევი...
- ძალიან მაბედნიერებს ბავშვების დამოკიდებულება, მათგან თბილ და გულწრფელ ჩახუტებას ვიღებ, ეს კი ყველაფერია ჩემთვის, რადგან ბავშვებს არ შეუძლიათ შური, ბოღმა და ნეგატივი ატარონ, ისინი მხოლოდ პოზიტივსა და წრფელ სიყვარულს გადმოგვცემენ. მინდა მათ აქედანაც ვუთხრა, რომ თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს და ჩემი სტიმულატორები არიან.

alt"ბათუმის "დინამოსთვის" სასაყვედურო არაფერი მაქვს" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

alt"ინტერის აკადემიის" პრეზიდენტი და "ტორპედოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - ქართველი ქალი ფეხბურთში

მკითხველის კომენტარები / 32 /
მანუჩარ მახარაძე
03:48 25-07-2022
0
ყოჩაღ, ნამდვილი გულშემატკივარია, მეტი ასეთი ადამიანიები გვჭირდება სტადიონებზე!
gionat
10:05 19-07-2022
0

სიახლეები პოპულარული