ბათუმის "დინამოს" მეტოქე ცუდ ფორმაში - ნაკლები ნდობა კვეკვესკირსა და წიტაიშვილს

AutoSharing Option
სამწუხაროა, რომ ბათუმის "დინამო" ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ აგრძელებს. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საქართველოს ჩემპიონის მხრიდან კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა უფრო რეალური იყო. საქმე ისაა, რომ ახლა ეს გზა გაცილებით გართულებულია. უახლოესი მეტოქე სერიოზული ძალისაა, თუმცა ახლა კარგი პერიოდი არ უდგათ.

"ყარაბაღი" ასეთი ძლიერია თუ?

ბათუმური კლუბის მოწინააღმდეგე, პოლონეთის ჩემპიონი "ლეხი", უეფას მთავარ საკლუბო ტურნირს საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ამბიციებიც ჰქონდა, თუმცა მათ გზა აზერბაიჯანის საუკეთესო კლუბმა "ყარაბაღმა" გადაუღობა. ჩვენი მეზობლები ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე მოხვედრის რეალური
პრეტენდენტები არიან და საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელიც ჰყავთ, თუმცა მაინც რთული სათქმელია, ამ გუნდებს შორის ამხელა სხვაობა (ორი მატჩის ჯამში 5:2) უფრო პოლონელთა სისუსტის ნიშანი იყო თუ აზერბაიჯანელთა სიძლიერის? ფაქტია, "ლეხმა" საკუთარ მოედანზე (1:0) გაიმარჯვა და სტუმრად შეხვედრის სტარტზევე გაიტანა, თუმცა ამის შემდეგ საკუთარ კარში 5 უპასუხო გოლი მიიღო.

"ლეხი" ცუდ ფორმაში

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გარდა, ბათუმის "დინამოს" მომავალმა მეტოქემ საკუთარი ჩემპიონატის პირველ ტურში წააგო და მართალია, გადახალისებული შემადგენლობით, თუმცა, ვერც ქვეყნის სუპერთასზე ივარგა. ნიდერლანდელი ვან დერ ბორმის გუნდი კარგად არც მოსამზადებელ ეტაპზე გამოიყურებოდა. გამოდის, რომ ჩემპიონობის ტიტულის შემდეგ გუნდმა გარკვეული რეგრესი განიცადა. ამას ისიც დაერთო, რომ ტრანსფერებით სათანადო გაძლიერება ვერ მოხერხდა, ახალწვეულ გიორგი წიტაიშვილს ჯერ აკლიმატიზაციის პროცესი აქვს გასავლელი.

Sportall.Ge

გუნდის ქართველები

ნიკა კვეკვესკირს გასულ სეზონში ნაკლებად ენდობოდნენ და სასტარტო შემადგენლობის მუდმივ წევრად არც ახლა მოიაზრება. მინდვრის ცენტრში რადოსლავ მურავსკი სტაბილურად თამაშობს, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას კი კონკურენციის გაწევა შვედ იესპერ (კიმში არ აგერიოთ) კალსტრომთან უწევს.

რაც შეეხება წიტაიშვილს, მწვრთნელმა მისი შესაძლებლობები ორივე ფლანგზე ("ლეხი" ძირითადად, 4-4-1-1 ტაქტიკით გამოდის) მოსინჯა, თუმცა ის უფრო მარცხნივ წარმოუდგენია, სადაც 22 წლის ნორვეგიელი ველდე თამაშობს, რომელიც აზერბაიჯანში გამართულ დაპირისპირებაში სტუმართა ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. მარჯვენა შემტევის პოზიციაზე ასევე 22 წლის მიხაელ სკორასი გამოდის. 21 წლის წიტაიშვილს ნამდვილად აქვს რესურსი, გუნდის თამაში უფრო აქტიური, სწრაფი და ენერგიული გახადოს.

საკადრო რესურსი

ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა, გუნდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურაა. "ლეხის" კარს უკრაინელი არტურ რუდკო იცავს, რომელიც მანამდე კიევის "დინამოსა" და კვიპროსულ "პაფოსში" გამოდიოდა. გუნდის დაცვის ფლანგებზე პორტუგალიელი ფეხბურთელები გამოდიან, ძირითად ფორვარდად კი შვედი იშაკი (და არა ისაკი) მიიჩნევა.

გამოუცდელი არბიტრი

პოლონეთისა და საქართველოს ჩემპიონთა პირველი დაპირისპირება 21 ივლისს, პოზნანში, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას 33 წლის ჩრდილოირლანდიელი არბიტრი იან მაკნაბი გაუძღვება. რეფერი საერთაშორისო შეხვედრებში ნაკლებად გამოცდილია. პოლონელები საკუთარ მოედანზე ფავორიტებად მიიჩნევიან, თუმცა მათი ცუდი ფორმის გამოყენება აუცილებელია. გასაგებია, რომ თავის მხრივ, ბათუმელებიც უგუნებოდ არიან - მწარე, ბოლო წამებზე განცდილი მარცხის გამო, თუმცა კონფერენს ლიგაზე სრული კონცენტრაციაა საჭირო. ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა წყვილში გამარჯვებულს უძლეველი მეტოქე სულაც არ ელის ისლანდიური "ვიკინგურისა" და უელსური "ნიუ საინტსის" შორის საუკეთესოს სახით.

alt"პირატი" ქალი ბათუმიდან, რომელიც საკუთარი ქალაქის გუნდის გულშემატკივრობით ცხოვრობს

მკითხველის კომენტარები / 13 /
გასაგებია, რომ ბათუმი გატეხილია, მაგრამ ისინიც ხომ გატეხილები არიან. ობიექტურად ლეხი ჩვენზე ძლიერია, თუნდაც ის რომ ჩვენო ორი ნაკრების ძირითადი მოთამაშე, იმათ თადარიგში უზის, ამაზე მეტყველებს. რაც არ უნდა ვამართლოთ ბიჭები, ეს ჩვენთვის ყურადსაღები ფაქტია.
ჰაჰა
10:47 19-07-2022
1
ეს მაგარი შეგულიანება ვიცით ცუდი ფორმა ცოტა არასერიოზულია როცა 2 ეტაპს ვერ ცდებიან ქართული კლუბები პაიდე ხო იყო ფორმის პიკში ან კლაქსვიკი ძველების გახსენების ნერვი არ მაქ :D
ნოდო
12:28 19-07-2022
1

სიახლეები პოპულარული