"ბათუმის" წაგებით გაიხარეს ვაიგულშემატკივრებმა, ჩასაფრებული რომ ელოდებოდნენ, როდის წაფორხილდებოდა გუნდი, რომ მერე დაცინვით ეთქვათ, ხომ გეუბნებოდით, ტყუილად იშლით ნერვებს, ქართული გუნდის გულშემატკივრობა არ ღირსო. ნუ, მათთან ჩვენ რას მოვალთ, ისინი ხომ "ბარსელონას“, "რეალის“ და "იუვენტუსის“ გულშემატკივრები არიან. ბევრი მათგანი ხვიჩას იტალიაში გადასვლასაც სკეპტიკურად უყურებდა და ახლა დარწმუნებული ვარ, ერთი სული აქვთ, ვერ გაამართლოს, რომ ისევ ნიშნისმოგებით თქვან, ხომ ვამბობდითო.
ასეთ ხალხს რაზე უნდა ელაპარაკო?
მაშ, რა მოხდა პოზნანში? მოხდა იგივე, რაც ალბათ "ლეხს“ დაემართა აზერბაიჯანში. გუნდმა სტუმრად მეორე ნომრად, ანუ დაცვითი ტაქტიკით თამაში იუკადრისა. ეს ყოველთვის "ჯიგრული" გადაწყვეტილებაა, მაგრამ ყოველთვის სარისკო. რისკი კი იმას ნიშნავს, რომ თუ არ გაამართლა, შეიძლება თავი წააგო. სწორედ ამიტომ ირჩევს ხოლმე ბევრი მწვრთნელი სტუმრად თამაშისას დაცვაში ჩაჯდომას, როცა საკუთარ ძალებში ბოლომდე დარწმუნებული არაა. ეს ყოველთვის "უჯიგრო" ფეხბურთს ნიშნავს, მაგრამ სამაგიეროდ, მეტი შანსი გაქვს, მეორე თამაშს აზრი შეუნარჩუნო. დაცვით ტაქტიკას ვერც მე ვიტან და საერთოდ ასეთი ფეხბურთი ბოროტება მგონია, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელი ბოროტებაა. განსაკუთრებით, ორრაუნდიან დაპირისპირებაში (სხვა შემთხვევებში აზრს ვერ ვხედავ).
"ბათუმმა“ კი, რადგან ამ გუნდის ხელწერად შემტევი ფეხბურთი ჩამოყალიბდა, იმიჯს არ უღალატა. თან შემტევმა შემადგენლობამ და ტაქტიკამ ერთხელ გაამართლა სლოვაკეთში, სადაც სტუმრად, "ლეხზე“ უკეთეს თუ არა, არანაკლებ გუნდთან კინაღამ თამაში მოვიგეთ, მაგრამ არ გაამართლა პოლონეთში, ისევე, როგორც ალბათ "ლეხის“ შემთხვევაში არ გაამართლა აზერბაიჯანში. შედეგად, ვერც შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ და ვეღარც დაცვითი.
არა უშავს. ეს თამაში ყველასთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება. ცოტა მიწაზე დაეშვებიან ფეხბურთელებიან-მწვრთნლებიანად, გუნდის პრეზიდენტიან-ქომაგიანად. ამას ჰქვია გამოცდილება. წარმომიდგენია, თუნდაც პირველი გაშვებული გოლის მერე "ბათუმი“ რომ დაცვაში ჩამჯდარიყო და ანგარიშის შენარჩუნებაზე დაეწყო ჩალიჩი, ქომაგები რა დღეს დააყრიდნენ, გუნდი აგებს და დაცვაში დგებაო. არადა, 1:0 წაგება უზარმაზარ შანსს დაგვიტოვებდა მეორე თამაშში. 2:0-იც კი გვაწყობდა.
მოკლედ, რაც არ გკლავს, გაძლიერებს... თუ იქიდან გაკვეთილს ისწავლი.
P.S. შეამჩნევდით, ალბათ, რომ გუნდს „ბათუმს“ ვეძახი და არა „დინამოს“. იმედი მაქვს, ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდს, რომელსაც ბავშვობიდან ვქომაგობ, ამ უაზრო სახელს გადაარქმევენ და ისევ ბათუმის "ბათუმი“ ერქმევა. წარმატებები კი მოვა, თუ ყურებს არ ჩამოვყრით და წინსვლაზე ვიმუშავებთ. მთავარია, საქმისადმი სწორი მიდგომა, რაც "ბათუმს" სხვა კლუბებისგან გამოარჩევს.'
შეგახსენებთ, განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში, ბათუმში გაიმართება.
ბათუმი ამას არ იმსახურებდა - როგორ გაგრძელდება ფეხბურთი საქართველოში?