"ეს მისი სამყაროა და თამაშის დროს ამიტომაც არის ასეთი" - შოთა არველაძე ხვიჩაზე

AutoSharing Option
"ინგლისში აუცილებლად დავბრუნდები!" - მითხრა შოთა არველაძემ, როცა "ჰალში" გატარებულ პერიოდზე ლაპარაკი დავასრულეთ. ქართველმა მწვრთნელმა რვა თვე იმუშავა ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ კლუბში, მიმდინარე სეზონში ჩინებული სტარტის შემდეგ, აგვისტოში თვის საუკეთესო მწვრთნელადაც დაასახელეს, თუმცა... "ჰალი" უკვე წარსულია, ახალი კლუბი კი ჯერ არ აურჩევია. "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში შოთას ინგლისურ გამოცდილებაზე, საქართველოს ნაკრებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ველაპარაკეთ:

- შოთა, ინგლისიდან ერთი თვის წინ წამოხვედი, ჯერ ისევ დასვენების, გასული თვეების გაანალიზების პროცესში იქნები. არის ახალი შემოთავაზებები?
- დაღლილი არა ვარ! პირიქით, ძალიან
ენერგიული, მონდომებული ვიყავი - აგვისტოს ბოლოს თვის საუკეთესო მწვრთნელად დამასახელეს, ორ კვირაში კი... "ჰალიდან" წამოსვლა მომიხდა კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო. რაც შეეხება შემოთავაზებებს, იყო სატელეფონო ზარებიც, კითხვებიც, დავინტერესდებოდი თუ არა ამა თუ იმ ვარიანტით; რაღაცები პრესაშიც დაიწერა, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერია. ჯერ მხოლოდ ერთი თვეა, რაც ინგლისიდან წამოვედი.

- კვიპროსის "ომონიას" ინტერესი რეალური იყო?
- "ომონიამ" მწვრთნელი დაითხოვა და დამირეკეს, დაინტერესდები თუ არაო. სულ ეს იყო.

- სეზონის დაწყებამდე "ჰალი" საბა ლობჟანიძისა და ირაკლი აზაროვის გადაბირებას ცდილობდა. ტრანსფერების ჩაშლის მიზეზი ორივე შემთხვევაში სავიზო პრობლემები იყო?
- აზაროვს ბრიტანეთის სამუშაო ვიზისთვის აუცილებელი ქულების რაოდენობა არ ეყო. რაც შეეხება ლობჟანიძეს, გვინდოდა მისი შეძენა, მაგრამ იმხელა ხელფასს ვერ მივცემდით, რამხელასაც თურქეთში იღებდა. ლაპარაკი იყო მიქაუტაძის გადაბირებაზეც, მაგრამ ამასობაში თურქეთის ნაკრების გარემარბი დოგუკან სინიკი შევიძინეთ, კიდევ ვიღაცები მოვიდნენ, წავიდნენ და საბოლოოდ, მიქაუტაძის საკითხი მეორე პლანზე გადავიდა.

- რადგან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვახსენეთ, კვარაცხელიაზეც გკითხავ: ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩამ შენი ყოფილი კლუბების წინააღმდეგ ითამაშა. "გლაზგოელები" და "ამსტერდამელები" გელაპარაკნენ ამ თემაზე?
- დიახ, ორივე ქვეყნიდან. ნიდერლანდებიდან უფრო მეტი, რადგან, თავის დროზე, სწორედ "აიაქსს" შევთავაზე ხვიჩას ყიდვა. თვითონაც ჰქონდათ ინფორმაცია და მითხრეს კიდეც, 15 მილიონი ბევრია, ამჟამად კვარაცხელიას ფასი დაახლოებით 9-12 მილიონიაო. სხვათა შორის, მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემაც იგივე თქვა. მეტიც, სიმეონემ პირდაპირ დამისახელა კლუბები: "ნაპოლი", "ლაციო", "ფიორენტინა", "ლევერკუზენი", კიდევ ერთი გერმანული კლუბი - ამ ეტაპზე ამ გუნდებზეა ლაპარაკი და მათ მეც შემიძლია დავეხმაროო. როგორც ჩანს, აქვს კავშირები და მისი ვაჟიც იმიტომ წავიდა ნეაპოლში. რასაც ვარაუდობდნენ, ხვიჩა სწორედ იმ ფასად და იმ კლუბში გადავიდა. არადა, როცა ფასი დასახელდა, საქართველოში ძალიან გაბრაზდნენ, 50 მილიონი რატომ არ ღირსო! 50 ახლა ღირს! ხვიჩამ დაამტკიცა, რომ ყველგან შეიძლება ფეხბურთის თამაში, მათ შორის, საქართველოს პირველობაზეც. სულ ვამბობ ხოლმე მათ გასაგონად, ვინც გაიძახის, რომ საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონისაა და ყველას შეუძლია 30 ბურთის გატანა. ხომ დაბალი დონეა? მიდით და გაიტანეთ! ხვიჩა ჩამოვიდა საქართველოში, ითამაშა კიდეც და ხალხიც მიიყვანა სტადიონზე: გორში, ქუთაისში, თბილისში დაახლოებით 70 000 მაყურებელი. არ ვამბობ, რომ თუ მთელი ცხოვრება თვეში 500 ლარად საქართველოს პირველობაზე არ თამაშობ, ესე იგი, ფეხბურთი არ გიყვარს! მაგრამ აქაც შეიძლება ითამაშო, თავი ისახელო და ძლიერ ჩემპიონატში წახვიდე. მამარდაშვილი "ლოკომოტივიდან" წავიდა ისე, რომ მგონი, არც იყო საქართველოში საუკეთესო მეკარე. ახლა? ახლა 100 მილიონი ღირს. მეტი რა მაგალითი უნდათ?! გიო ქინქლაძე "სიტიში" საქართველოს ჩემპიონატიდან წავიდა!

- კვარაცხელიას დავუბრუნდეთ: შენ, საქართველოს ნაკრების ყველაზე შედეგიან თავდამსხმელს, ხვიჩას რა თვისებები მოგწონს?
- ყველაფერი აქვს: ტექნიკა, სისწრაფე, პასი, ორიენტაცია ბურთით თუ უბურთოდ... ძალიან სწორად თამაშობს! უბრალოდ და სწორად თამაში ყველაზე რთულია. ამავე დროს, სულ კარისკენ იწევს. განივად, "შემოვლითი გზებით" კი არა, პირდაპირ კარისკენ! მგონი, დანა არ ჭრის კარაქს ისე, როგორც ხვიჩა ჭრის გზას მეტოქის კარისკენ. "გვერდზე გამსვლელი" შემტევებისგან ამით გამოირჩევა, ამიტომაც აქვს ასეთი სტატისტიკა და გამოხმაურება. თუ რამე მესმის – ფეხბურთია და ასეთი რაღაც არ გამომრჩება. თამაშის დროსაც იშვიათად თუ ვეხებოდი ბურთს ზედმეტად და ამიტომ იყო, რომ ჩემთვის ფეხში მაგრად არც ჩაურტყამთ - მაშინაც კი, როცა ცუდად ვთამაშობდი.

ხვიჩა ბუნებრივად თამაშობს სწორად და არა იმიტომ, რომ სპალეტი სთხოვს ან უკრძალავს რამეს. თანაც, ჯანი და სისწრაფე გენით მოჰყვება - მამამისიც ასეთი ჯანიანი და სწრაფი იყო. მე რომ ეგეთი ჯანიანი და სწრაფი ვყოფილიყავი... ცალკე თემაა ხვიჩას შეუპოვარი და უშიშარი ხასიათი: დიახ, "თავხედი" უნდა იყო მოედანზე - ამ სიტყვის კარგი გაგებით. ეს მისი სამყაროა და თამაშის დროს ამიტომაც არის ასეთი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ამის პროფესორობა არ გაიშვა. ეგ არ იძახდა კონტრშეტევის ფეხბურთელიაო და დე ბურმა და სიმიონემ მითხრაო (უთხრა ~თუ არა ეგეც საკითხავია) 15 მილიონი არ ღირსო...თურმე ღირდა და უფრო მეტიც ღირდა ხომ მთელი საფეხბურთო სამყარო ამას ამბობს. ახლა თვითონაც შეცვალა ,,ფირფიტა"
Gigi
16:08 01-11-2022
4
არც წავიკითხავ ამას, მარა ჩემი მოკრძალებული სურვილი იქნებოდა ხვიჩას შეეშვან. ეს ხალხი, ვინც სულ წაგებებთან და მამაძაღლობასთანაა დაკავშირებული ქართულ ფეხბურთში (არაფერი პირადული, კარგი იუმორი აქვთ, ნიჭიერი და კარგი ჯიგრული ოჯახია და დიდი სიმპატია პირადად ცხოვრებაში, პატივისცემა აიაქსში თამაშის და ასე.შ დროს) რატომ ცდილობენ ამ ხვიჩაზე საუბარს სულ? დაანებეთ რა თავი, მადლობა ღმერთა თქცენ არ გგავთ ეს ბიჭი. შოთას თუ რამე კარგი უნდოდა ამ თაობისთვის შანსი ჰქონდა და არ გამოიყენა, ხვიჩა კონტრშეტევუს ფეხბურთელიაო და არ ღირს მაგდენიო ხო იყო? ეხლა რა ლოგიკითაა ეს კარგი მწვრთნელი? მწვრთნელი ისაა, როცა სანამ სხვა აღიარებს და გაუკვალავს ვინმეს გზას, თვითონ რომ მიხვდება ვინ ვინაა. ამიტომ აზრზე არაა ეს მწვრთნელობის. და შოთის სროს ჩვები ნაკრები იყო ზუსტადაც რომ ხელწამოსაკრავი, უთავმოყვარეო გუნდი, რომელმაც ყველაფსრი წააგო რისი წაგებაც შეეძლო. წავიდა დისლაიქები :) პ.ს. კი, ქინქის საყურებლად ღირდა იმ პერიოდის საქარღველოს ნაკრები, მარა არ არის ეს იმის მიზეზი რომ იფილოსოფოსონ ახალი თაოვის ფეხბურთელებზე, აზრზე არ ხართ, აზრზე მეგობრებო.
კაპიტან გარდენბურგი
19:08 01-11-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული