მოგეხსენებათ, საქართველოში "ინტერის აკადემია" ფუნქციონირებს და მას ქალი პრეზიდენტი ჰყავს - ანა წერეთელი. აკადემიის ქართველი ფეხბურთელები და მწვრთნელები მილანში იმყოფებოდნენ, ქალბატონმა ანამ კი შემთხვევით ისარგებლა, ნეაპოლსაც ესტუმრა და ხვიჩა კვარაცხელიასთან შეხვედრაც შეძლო. ვფიქრობთ, Sportall.ge-ს მკითხველებისთვის "ინტერის" ქართული აკადემიის ხელმძღვანელის იტალიური შთაბეჭდილებები საინტერესო უნდა იყოს.
შეხვედრა ძანეტისთან
ბავშვები სერია "ა"-ს ორ შეხვედრას დაესწრნენ, მათ შორის, "სან სიროზე". მოეწყო ექსკურსიები.
2 ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, სადაც ერთში გავიმარჯვეთ, ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხით კი იტალიელებიც გაოცებული დარჩნენ. რაც შეეხებათ მწვრთნელებს, მათ ნაყოფიერი მომზადება გაიარეს.
მარკო მონტიმ, "ინტერის" ტექნიკურმა დირექტორმა, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისშიც გვსტუმრობდა, დამწყები ქართველი ფეხბურთელები კლუბის ცენტრალურ ოფისში დაპატიჟა, სადაც დავათვალიერეთ თასების ოთახი, გავეცანით კლუბის ისტორიას, პატარებმა დირექტორისგან სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს. რაც მთავარია, ისინი აღფრთოვანებულნი დარჩნენ.
ბაზაზე, სადაც ვვარჯიშობდით, მილანური კლუბის არგენტინელი ლეგენდა, ხავიერ ძანეტი გვესტუმრა, რომელიც ძალიან უშუალო ადამიანი აღმოჩნდა და თითოეულ ბავშვთან კომუნიკაცია დაამყარა".
კვარაცხელია ვყოფილიყავი...
"იტალიაში ხვიჩას მიმართ ძალიან დადებითად არიან განწყობილნი. ნეაპოლში ჩავედი თუ არა, პატივს სწორედ ხვიჩას გამო მცემდნენ. ვერ მივხვდი, ჩემთან "სელფებს" რატომ იღებდნენ, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ქართველი და "კვარას" თანამემამულე ვარ.
გადაჭარბების გარეშე, ნეაპოლი ახლა მარადონასა და ხვიჩას ქალაქია. კვარაცხელიას ყველა ფერის მაისური ერთნაირი წარმატებით იყიდება - თეთრი, ლურჯი, ვარდისფერი... გაყიდვაშია პატარა თაბაშირის ფიგურები, რომლებზედაც მხოლოდ ხვიჩა და დიეგო არიან გამოსახულნი. კვარაცხელიას ორიგინალი მაისურების შეძენა პრობლემურიც კია.
სტადიონზე, ნეაპოლელთა თამაშზე როცა ვიყავი, ყველა კუთხეში ქართული დროშა შეინიშნებოდა.
ქალაქში სეირნობისას საკმაოდ ბევრი ქართველი შემხვდა. იქაური დამოკიდებულების შემდეგ პირველად მომინდა, სხვა გვარი მქონოდა და იმ მომენტში კვარაცხელია ვყოფილიყავი".
ხვიჩას როლი მომავალი თაობისთვის...
"კვარაცხელიას ფაქტორის გამო ისეთმა ადამიანებმა დაიწყეს ფეხბურთის ყურება, მისით დაინტერესება, ვისაც ამის სურვილი არასდროს ჰქონია, ახლა კი მშობლებს შვილები ფეხბურთზე უფრო აქტიურად მიჰყავთ.
მილანში ლეგენდარულ სანდრო მაცოლას 80 წლის იუბილეზე ვიყავი და "ინტერის", ფაქტობრივად, ყველა ყოფილმა მოთამაშემ იცოდა ხვიჩას შესახებ და აქებდნენ მას.
"კვარა" დამატებითი მოტივაცია არა მხოლოდ ქართველი დამწყები ფეხბურთელებისთვის იქნება, არამედ ნეაპოლელებისთვისაც.
"ინტერის" დირექტორმა მითხრა, რომ საქართველოს მიმართ დაინტერესება გაიზარდა და აქაურ მოთამაშეებს უფრო აქტიურად დააკვირდებიან.
გაჟღერებული იდეა, სპორტში ის შეზღუდვები მოიხსნას, რაც არაევროკავშირელის სტატუსს უკავშირდება, განხორციელების შემთხვევაში, ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო იქნება".
ქალი მენეჯერი
იმედი მაქვს, დღევანდელი განწყობები ქართულ ფეხბურთს ძალიან გამოადგება. წარმატებას თითოეულ ჩვენებურს ვუსურვებ, როგორც საქართველოში, ასევე მათ, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელი მის ფარგლებს გარეთ გააქვს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქუთაისის "ტორპედოს" საქართველოს თასის ფინალში წარმატებები ვუსურვო!"
"ინტერის აკადემიის" პრეზიდენტი და "ტორპედოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - ქართველი ქალი ფეხბურთში