"ნაპოლის" მოულოდნელი აღმაფრენა - კვარაცხელია ნაკრებს გამოაკლდა, მისი გუნდი მუნდიალის დროსაც ითამაშებს

AutoSharing Option
ევროპულ საკლუბო ფეხბურთში შესვენება უცნაურ დროს დაიწყო, მთელი ყურადღება კი მსოფლიო ჩემპიონატისკენ გადადის. აგვისტოს დასაწყისიდან მოყოლებული, ეს მომქანცველი პერიოდი გუნდებმა, ფაქტობრივად, ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს. თუკი ახალ წელს რომელიმე კლუბი განსაკუთრებულ ხასიათზე ხვდება, ეს ნამდვილად ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლია". ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელებმა იტალიის ჩემპიონატის 15 ტური წაუგებლად განვლეს, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, რითაც, პლეი-ოფის პირველ ეტაპზე, მეტ-ნაკლებად ხელსაყრელ მეტოქეს, ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდებიან.

ნერვიულობა სეზონის წინ

ნეაპოლელთა შესახებ უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა მაინც უნდა გავიხსენოთ, თუ სად იყო გუნდი
მიმდინარე სეზონის დაწყებამდე და რა მოლოდინები არსებობდა.

სირთულე ნებისმიერ რგოლში არსებობდა. მოსამზადებელ ეტაპზე მეკარე ალექს მერეტი ნაკლებად დამაჯერებელი იყო და კლუბი ყველაფერს აკეთებდა, პსჟ-ის ძალიან გამოცდილი და მაღალი დონის კიპერი კეილორ ნავასი გადაებირებინა. გავიდა დრო და 25 წლის მერეტი ძალიან სტაბილურად ათამაშდა და ორიოდ შეცდომა რომ არა, საერთო წარმატებისთვის სრულფასოვანი შემოქმედია.

Sportall.Ge

მას შემდეგ, რაც "ნაპოლი" ცენტრალური მცველის, კულიბალის გარეშე დარჩა, ფაქტობრივად, ვერავინ იფიქრებდა, რომ ევროპულ ფეხბურთში სულ ერთი წლის სათამაშო პრაქტიკის მქონე სამხრეთკორეელი კიმი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ძალა გახდებოდა. 25 წლის ფეხბურთელი აქ "ფენერბაჰჩედან" მივიდა.

ხვიჩა კვარაცხელია
. არაერთ მაღალი დონის მოთამაშეზე, რომელზედაც დიდი ავანსებია გაცემული, გვსმენია, რომ ახალ გარემოში მისი არასათანადო გამოსვლა აკლიმატიზაციას თუ სხვა სირთულეებს უკავშირდება, "კვარადონას" შემთხვევაში კი ამის საჭიროება საერთოდ არ დამდგარა. ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე იგრძნობოდა, რომ ის გუნდისთვის დიდი ძალა ხდებოდა და სეზონის დაწყებასთან ერთად, ყველაფერი ეს რეალურად გამოჩნდა.

ქართველი გარემარბის თამაში ამ თითქოს ერთფეროვან, პრაგმატული ელემენტებით გაჯერებულ და ნაკლები რისკის შემცველ თანამედროვე ფეხბურთში ახალი სიტყვაა თავისი დრიბლინგებით, მუდამ არაორდინარული ქმედებებისკენ მიდრეკილებითა და სილაღით. აქ არანაკლებ მნიშვნელოვანი ისაა, რომ კვარაცხელია უბრალოდ შეტევაზე მოფიქრალი და საჭიროებიდან "შორს გასული" მოთამაშე კი არაა, არამედ დაცვას აქტიურად ეხმარება, შეხვედრაში რამდენიმე წარმატებული ართმევა აქვს, თავს ზედმეტი ინდივიდუალიზმისა და გუნდურობის დავიწყების უფლებას არ აძლევს და ა.შ.

ყველა ვცდილობთ, ხვიჩას ქებისას გარკვეული ბალანსი მაინც დავიცვათ, რათა ამან მასზე უარყოფითად არ იმოქმედოს, თუმცა, აწეული თამასის პარალელურად, ეს ყოველდღიურად მაინც რთულდება. თანაც, ეს ბიჭი ხასიათებითაც სხვანაირი ჩანს - იცის, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მოდუნება კი არა, კიდევ უფრო მეტის გაკეთება დასჭირდება.

როცა ნეაპოლელების წარმატებაზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ახალწვეულებს ვერ აღვნიშნავთ. ლობოტკა-ანგისა-ზელინსკის ტრიო წლებია, გუნდშია, თუმცა ახლა განსაკუთრებულად გამოიყურებიან. ვიქტორ ოსიმენის შესახებ სეზონის წინ წერდნენ, რომ ის ძალიან ნიჭიერია და იმისთვის, რომ უფრო მეტი გოლი გაიტანოს, თავისუფლება და გვერდით ისეთი ფეხბურთელი სჭირდება, სივრცეებს მეტად რომ გაუთავისუფლებს. ქართველისა და ნიგერიელის ტანდემი მართლაც იდეალურად ყალიბდება, ურთიერთგაგება მაღალ დონეზეა აყვანილი.

რა თქმა უნდა, ლუჩანო სპალეტი, რომელმაც სკუდეტოსკენ გუნდი წინა წელსაც დაძრა, თუმცა შემდეგ პრობლემები შეექმნა. გამოცდილი სპეციალისტი საკუთარ შეცდომებზე ბევრს იმუშავებდა. ერთ-ერთი ასეთი მოკლე სათადარიგოთა სკამი იყო, რაც თავიდანვე მოგვარდა. კიდევ ერთ სირთულეს პრაგმატულობაზე გადართვას ასახელებენ, რაც აღარ უნდა მოხდეს, ამ გუნდს შეტევა ძალიან კარგად გამოსდის და უხდება.

Sportall.Ge

ფიზიკური მომზადების გაძლიერება

მსოფლიო ჩემპიონატზე "ნაპოლის" საკმაოდ ცოტა, მხოლოდ 5 ფეხბურთელი გაემგზავრება - კიმ მინ ჯე (სამხრეთი კორეა), მატიას ოლივერა (ურუგვაი), ზამბო ანგისა (კამერუნი), პიოტრ ზელინსკი (პოლონეთი) და ირვინგ ლოსანო (მექსიკა). სპალეტი აპირებს, ამ პერიოდში ფიზიკური მომზადების გაძლიერებაზე სერიოზულად იმუშაოს და 1-15 დეკემბრის პერიოდში, ფაქტობრივად, მთელი გუნდით მომზადებას თურქეთში აპირებს. თუკი გეგმაში გარკვეული ცვლილებები არ შევიდა, ხვიჩა და მისი თანაგუნდელები ინგლისის პრემიერლიგის ორ კლუბს დაუპირისპირდებიან. ერთ-ერთი აუტსაიდერი "ვულვზი" იქნება, მეორე კი - "კრისტალ პალასი". დაგეგმილია ადგილობრივ "ანტალიასპორთან" შეხვედრაც, რომელსაც საკმაოდ ცნობილი ექსფეხბურთელი ნური შაჰინი წვრთნის.

ამის შემდეგ იტალიაში საშობაო არდადეგები გამოცხადდება. ლიდერი ნეაპოლელები, რომლებიც "მილანს" 8 ქულით აღემატებიან, მე-16 ტურის მატჩს 4 იანვარს, სტუმრად "ინტერის" წინააღმდეგ ჩაატარებენ. სიმონე ინძაგის გუნდი ამჟამად მათ 11 ქულით ჩამორჩება. პირველი წრის დასრულებამდე კიდევ 3 მეტოქე იქნება დარჩენილი - "სამპდორია" და "სალერნიტანა" სტუმრად და საშინაო მატჩი "იუვენტუსთან". ამასობაში სპალეტის გუნდი იტალიის თასზე ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზესთან" ჩაერთვება, "აინტრახტთან" პირველ შეხვედრამდე (21 თებერვალი) კი მე-2 წრის 4 ტურიც მოესწრება.

ახლა ყველა იმაზე ვფიქრობთ, ხვიჩა კვარაცხელია წელის ტკივილისგან ბოლომდე განიკურნოს. მას ამ მიზეზით უკვე 3 შეხვედრა გაუცდა. ის საქართველოს ეროვნული ნაკრებს, მაროკოს წინააღმდეგ (17 ნოემბერს) ჩასატარებელ ამხანაგურ მატჩში ვერ დაეხმარება.

"კვარა" ოფიციალური მატჩებიდან ცოტას შეისვენებს, 2023 წლიდან კი განახლებული ენერგიითა და მოტივაციით დაგვიბრუნდება. ის მართლაც ფეხბურთით ცოცხლობს და ეს იოლად შესამჩნევია.

alt200 მილიონი კვარაცხელიას და ოსიმენის შესაძენად - რამდენად რეალურია "ლივერპულის" გეგმები?

alt"კვარასთან" კონკურენცია? - ელიფ ელმასმა ხვიჩაზე ისაუბრა

alt"ნაპოლის" მაისურით ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა" - ლუჩანო სპალეტიმ კიმ მინ-ჯაეზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 2 /
კვარას ნემსების წამლებით გაუვსეს სხეული კრეტინმა მედიცინის კაბინეტების პლანქტონებმა... ხერხემლის კუნთების სპაზმა ვერაგია.... ის ორ კვირაში თავისით გადის, მხოლოდ სხეულის მოძრაობას ზღუდავს.... ნემსები მხოლოდ მოძრაობის უფლებას აძლევს სხეულს... როგორც კი დიდი დატვირთვის დროს კუნთებში სისხლთან ერთად ჭარბი რაოდენობით ჟანგბადი შედის ტკივილები ისევ ეწყება... მოკლედ ე.წ. ექიმებმა ორკვირიანი კრეტინიზმის სპექტაკლი დადგეს მასმედიის საშუალებით....
კვარამ საკუთარ თავზე უკვე იწვნია ინგლისური ძალისმიერი ფეხბურთის საშინელება, რომელმაც ტექნიკური ფეხბურთი უკვე კარგა ხანია ჩაკლა იქ... ტრენტი რომ დაამცირა იქ ლივერპულში და "დომიკში" გაუტარა, მეორე წუთზე ძალიან გაამწარა.... სულ მცირე ხანში 15-ე წუთზე მაგ ტრენტმა სპეციალურად, მსაჯისაგან დაფარულად სარეკლამო ბილბორდებისაკენ ძლიერად ხელი უბიძგა და სასტიკად მიაჯახა სარეკლამო დაფას... შედეგად ხვიჩამ ხერხემლის მალების შემაერთებელი პატარა კუნთების ფარული ტრავმა მიიღო. ეს ტრავმა შემდეგ ვარჯიშის დღეს ხვიჩას სპაზმაში გადაეზარდა, როგორც კი კუნთებში სისხლთან ერთად ჭარბი ჟანგბადი შევიდა.... შედეგად ხვიჩამ ხერხემლის კუნთების სპაზმის გამო უკვე ორ თამაში გამოტოვა.... მე უკვე ვწერდი რომ ხვიჩასნაირ ტექნიკურ ფეხბურთელებს ინგლისში არ გაახარებენ და თვეობით მოუწევს ლაზარეთში კუნთების და მუხლების მკურნალობა.... ძალიან დიდი შანსია რომ ე.წ. ფეხბურთის სამშობლოში ნაადრევადაც დაასრულოს კარიერა
ერთ-ორი წელი ითამაშოს ნეაპოლში და მერე გადავიდეს სამეფო კლუბში წარმატებული კარიერის გასაგრძელებლად.... სამეფო კლუბის - რეალის ვარსკვლავები მომავალი წარმატებული კარიერის გარანტიაა... დარწმუნებული ვარ რომ წელს ნაპოლი სკუდეტოს აიღებს და ჩემპიონთა თასის აღების შანსიც აქვს ... 50/50....
კახა
19:25 15-11-2022
0
ამდენია ხანია ბიჭი ვერ თამაშობს, მთელი მსოფლიო, საქართველოზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კითხულობს რა სჭირს კონკრეტულადო და პასუხის გამცმემი არავინაა. რა გახდა დიაგნოზის დასმა?
ლადო
15:35 14-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული