ქინქლაძიდან ზივზივაძემდე - მე-2 ბუნდესლიგაში ბევრი ქართველი ვნახეთ - როგორ ითამაშებს ბუდუ?!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის "კარლსრუეში" ითამაშებს. ეს ყველანაირად უკეთესი უნდა იყოს უნგრეთში ასპარეზობაზე, დანარჩენს კი დრო გამოაჩენს. 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში დიდი წვლილი "კარლსრუეს" ექსკაპიტანსა და ამჟამად სანაკრებო კურატორს, ალექსანდრე იაშვილს მიუძღვის.

რა გუნდია "კარლსრუე"?

ამავე ქალაქის კლუბი 1894 წლის 6 ივნისს შეიქმნა და უკვე 128 წლისაა. მათ არენაზე 30 ათასამდე გულშემატკივარი ეტევა. საუკეთესო შედეგი 1996 წელს ჰქონდათ, როცა ბუნდესლიგაში მე-6 ადგილი დაიკავეს, თუმცა ორი წლის შემდეგ დაქვეითდნენ. მათი მთავარი მოძულე კლუბი "შტუტგარტია", ეს ბადენურ-ვიურტემბერგის
დერბია.

"კარლსრუე" ახლა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში დასარჩენად იბრძვის. მათი თავკაცი კრისტიან იხნერი კარიერას სწორედ ამ გუნდში იწყებდა. ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე სებასტიან იუნგია, რომელიც უფრო "ვოლფსბურგიდან" გვახსოვს.

იაშვილი და "კარლსრუე"

ალექსანდრე იაშვილმა ბუნდესლიგაში 200 მატჩი ჩაატარა. ისიც მეორე ბუნდესლიგიდან იწყებდა, "ლიუბეკში" მშვენივრად ათამაშდა. ამის შემდეგ მან გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის, ლევერკუზენის "ბაიერის" კარი თბილისის "დინამოს" მაისურით აიღო, რასაც "ფრაიბურგში" ხანგრძლივი (10 წელი) კარიერა მოჰყვა. ის ამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც თითქოს ტრამპლინადაც უნდა ქცეულიყო, მაშინ მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესზე კი წერდნენ, მაგრამ ასე არ გამოვიდა. "იაშკა" "კარლსრუეში" 2007-12 წლებში თამაშობდა, მოგვიანებით კაპიტანი გახდა და 141 მატჩში 24 გოლი გაიტანა. მას მეორე ბუნდესლიგაში 47 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა, ბუნდესლიგაში - 32.

Sportall.Ge

სხვა ქართველები

გერმანიასა და მის რანგით მეორე ლიგაში არაერთ ქათველს უთამაშია, რამდენიმეს გამორჩევა კი განსაკუთრებით შეიძლება. როცა იაშვილსა და "ფრაიბურგზე" ვწერთ, ლევან კობიაშვილი აუცილებლად უნდა ვახსენოთ. მას მეორე ბუნდესლიგაში 86 მატჩი აქვს გამართული, რა დროშიც 15 გოლი გაიტანა.  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტის ბუნდესლიგური მიღწევები 351 მატჩში 32 გოლია. ამავე პერიოდში, ლევან ცქიტიშვილმა "ფრაიბურგთან" ერთად მეორე ბუნდესლიგაში 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ბუნდესლიგაში კი, სადაც "ვოლფსბურგშიც" თამაშობდა, 127 მატჩში 7 გოლი დაუგროვდა.

იმავე "ფრაიბურგთან" და "აუგსბურგთან" ერთად ოთარ ხიზანეიშვილმა მეორე ბუნდესლიგაში 30 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მას ტრავმებმა ბევრი დააკარგვინა. "ფრაიბურგში" მოგვიანებით დავით თარგამაძეც გამოდიოდა და რანგით მეორე ლიგაში 6 მატჩი ითამაშა. "ფრაიბურგში" ლუკას ჰუფნაგელივ იყო, მას საქართველოს ნაკრების ღირსება 2 მატჩში დაუცავს.

Sportall.Ge

ქართველი ფეხბურთელების გერმანული გზა ერთ-ერთმა პირველმა რევაზ არველაძემ გაჭრა, რომელიც "კიოლნში" თამაშობდა, მოგვიანებით კი მეორე ბუნდესლიგაც დააჭაშნიკა (სულ 2 მატჩი). ბევრს შესაძლოა, არც კი ახსოვდეს, რომ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი მარგალიტი, გიორგი ქინქლაძე, კარიერის დასაწყისში სწორედ გერმანიის მეორე ლიგაში, "ზაარბრიუკენში" გამოდიოდა და 11 შეხვედრა ჩაატარა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მეორე ბუნდესლიგაში ჩვენი ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ლევან ყენია "ფორტუნას" რიგებში მას შემდეგ თამაშობდა, რაც გელზენკირხენის "შალკეში" კარიერა კარგად ვერ აეწყო. ამ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩვენებური მათე ღვინიანიძე იყო, რომელმაც "მიუნხენ 1860"-ის რიგებში 87 შეხვედრა ჩაატარა (1 გოლი). მეორე ბუნდესლიგაში 46 მატჩი 9 გოლის ავტორი ხვიჩა შუბითიძე გახდა. გიორგი ჭანტურია "დუისბურგში" მშვენივრად გამოიყურებოდა და 4 გოლის გატანაც შეძლო.

Sportall.Ge

ქართველები იმ იენის "კარლ ცაისის" წევრებიც იყვნენ, რომელიც 1981 წელს ლეგენდარულმა თბილისის "დინამომ" დაამარცხა - მეკარე გიორგი ლომაია, მიხეილ აშვეთია, გიორგი ონიანი და გიორგი სეთურიძე.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ ყოფილ ფორვარდს გაჰქონდა - დავით სირაძის ანგარიშზე 8 გოლი იყო, ნიკოლოზ გელაშვილის - 2.

გერმანიის რანგით მეორე ლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელი წევრებიც თამაშობდნენ - გიორგი ჩაკვეტაძე ("ჰამბურგი"), ლაშა დვალი ("დუისბურგი"), გურამ გიორბელიძე ("დრეზდენი") და გიორგი ლორია ("მაგდებურგი").

ბუდუ ზივზივაძე ფიზიკურად ძლიერი ფორვარდია, რომელიც პარტნიორებს ზონებს კარგად უთავისუფლებს, მოძრავია და გოლის ალღო აქვს. იმედია, ის თავს სრულად დაიმკვიდრებს და მისი შედეგიანობა საქართველოს ნაკრებსაც ძალიან გამოადგება.

altცნობილი გახდა, რამდენი დაუჯდა "კარლსრუეს" ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან მაგრა ითამაშებს !
zura222
20:09 02-02-2023
0
ეს კახა ვინ არის ასე რომ შესტკივა გული რუსეთზე, ან მოგზავნილია, ან მოსყიდულია, ან ვერ ხვდება რა ხდება დღეს მსოფლიოში და რომელ მხარეს უნდა იდგეს, ჩემი ადრინდელი კომენტარი მასზე (ჩუგუნოვი რომ მოიწონა) ხომ დაბლოკეთ, ახლა ვნახოთ რას იზამთ, თქვენ რომელ მხარეს დგახართ, თუ არ დაბლოკავთ, იქნებ რომელიმემ მიპასუხოთ, ვინ არის ჩუგუნოვი, სად თამაშობდა
პატრიოტი
17:41 02-02-2023
4

სიახლეები პოპულარული