სამწუხაროდ, ყაზახური კლუბებისგან მწარე გაკვეთილები გვახსოვს და ეს როგორც თბილისის "დინამოს", ისე სხვა
რაც შეეხება "ასტანას", ამ გუნდმა მოკლე ისტორიის განმავლობაში საკუთარი ქვეყნის შვიდგზის ჩემპიონობაც მოახერხა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზა და ევროპა ლიგისაც. ფაქტია, ბოლო წლებში მათ ამ მასშტაბის წარმატება არ აქვთ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისეთივე ძლიერები აღარ არიან. მიმდინარე ჩემპიონატში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ პირველობა "ორდაბასს" დაუთმო. ამ გუნდთან ახლახან თასზე 120-წუთიანი დრამა ჰქონდათ და ფინალის საგზურიც გადააბარეს. ისე ჩანდა, თბილისელებთან მატჩზე უფრო გადმოერთნენ.
ასტანურმა კლუბმა იცის, რომ პირველ მატჩში მაქსიმალურად ბევრი უნდა გაიღონ, რადგან მათი ჰავა თუ ხელოვნური საფარი ის უპირატესობაა, რის გამოყენებასაც ეცდებიან. მთავარი მწვრთნელი ბაბაიანი დაბალანსებულ სპეციალისტად მიიჩნევა. "დინამოს" მოწინააღმდეგე ყველა რგოლში კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. აქაა მცველი ბაისბეკოვი, რომელიც ხსენებულ სათასო მატჩში გააძევეს. გუნდისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უკანახაზელია ჩრდილომაკედონიელი ამანოვიჩი. გუნდშია სერბი ნახევარმცველი იოვანოვიჩიც. ყაზახებს ორი შედეგიანი ფორვარდი ჰყავთ, აიმბეტოვი და უკვე 35 წლის ხორვატი, კაპიტანი მარინ ტომასოვი, რომელიც წლებია, მთავარი "გამტანია".
გიორგი ჭიაბრიაშვილის გუნდი აფრიკელი ლეგიონერებით გაძლიერდა. მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ პრობლემური პოზიციები გააძლიერა. თბილისელები ქვეყნის სუპერთასს დაეუფლნენ და კარგ ხასიათზე არიან. ახლა ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი - როგორ ფორმაში არიან ისინი, რომლებმაც 21-წლამდელთა ევროპირველობაზე ითამაშეს და ასევე, მათი სატრანსფერო საკითხი რამდენად აქტუალურია. სამწუხაროდ, ანზორ მექვაბიშვილი ტრავმირებულია. დანარჩენს შეხვედრა გამოაჩენს. ის ვიცით, რომ სრული კონცენტრაცია, ფიზიკურად კარგად მომზადება, ორთაბრძოლებში შესვლა და საკუთარი საგოლე შანსების კარგად გამოყენება გვმართებს. მწვრთნელების დუელი საინტერესო და ბევრის განმსაზღვრელი იქნება.
შეხვედრას რუმინული წარმოშობის ავსტრიელი არბიტრი კრისტიან-პეტრუ ციოჩირცა განსჯის, რომელიც ცოტა ხნის წინ ავსტრიის ბუნდესლიგაში შესაძლო თამაშგარე მდგომარეობიდან გოლის ჩათვლის გამო სკანდალში გაეხვია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი გადაწყვეტილება VAR-მა დაადასტურა.
ამ ეტაპზე მაინც, არ გვსურს იმაზე საუბარი, მარცხის შემთხვევაში "დინამო" ვის შეიძლება დაუპირისპირდეს, გამარჯვებულს კი ზაგრების "დინამო" ელის.
სავარაუდო შემადგენლობა: ლორია - მალი, მარგველაშვილი, ტაბიძე, კობოური - ოსიყმაშვილი, ხარაიშვილი, ომარი - ოსეი (ან მოისწრაფიშვილი), სხირტლაძე (C), კამარა.
ეხლა თქვენ ჩამოთვალეთ, დინამოს რაში აქვს უპირატესობა.