ბათუმის "დინამოს" არ გაუმართლა და ბულგარეთის ჩემპიონ "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ქართული კლუბების სახელით ბულგარელებს პირველად გაუტანეს, არადა, აქამდე მათ საკმაოდ ბევრჯერ (8) შევხვედრივართ. გოლი მაღალი კლასის იყო, თუმცა გუნდებს შორის განსხვავება სწორედ კლასში ჩანდა, სადაც აშკარად ჩამოვუვარდებოდით. სტანდარტულების დროს ძალიან დაგვჩაგრეს, ჯერ კუთხური ისე გაგვითამაშეს, ამ დონეზე რომ იშვიათია, ბოლოს კი, ჯარიმისას, ჩვენი კედელი "ჩამოიშალა".
რა თქმა უნდა, განმეორებითი შეხვედრის წინ იმედი არ უნდა დავკარგოთ, დემჩენკოს "დილასთან" ერთად არაერთი მოულოდნელობა დაუფიქსირებია, თუმცა რეალობას თვალი გავუსწოროთ...
სამწუხაროდ, ბოლო წლებში თბილისის "დინამოს" ევროტურნირებზე გამოსვლა შიშს უფრო იწვევს, ვიდრე პოზიტიურ მოლოდინს. ფელდჰოფერის გუნდი მართლაც ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდითაა დაკომპლექტებული და როგორც წესი, ასეთ დროს შედეგის მოთხოვნა რთულია. კრიტიკაც მოზომილი უნდა იყოს... ველოდებით, რომ თბილისელთა თამაშზე გვატემალელთა განსაკუთრებული ინტერესი იქნება, რომლებიც ოსკარ სანტისის გულშემატკივრები არიან...
კონფერენს ლიგაზე მონტენეგროს "მორნარ ბარის" დღეს, 11 ივლისს, ჩვენი დროით 22:45 საათზე ვეთამაშებით. მეტოქე ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, გამონაკლისი კი 30 წლის ფრანგი მარცხენა გარემარბი კრის ონდონგ-მბაა, რომელიც 8 აგვისტოს თავისუფალი აგენტი ხდება.
"მორნარ ბარმა" მონტენეგროს ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა. ისინი საშინაო მატჩს პოდგორიცაში, 4-ათასიან არენაზე ჩაატარებენ....
მოგეხსენებათ, "იბერია 1999" (ყოფილი "საბურთალო") კონფერენს ლიგაში მეორე წრიდან ერთვება, პირველ წრეში კი ქუთაისის "ტორპედოც" ითამაშებს.
გიორგი არაბიძე განაცხადშია, თუმცა მის წასვლას სამხრეთ კორეაში ელიან. მთავარი სიახლე მამადუ სახოს ტრანსფერს უკავშირდება.
ქუთაისელები დღეს საღამოს ალბანურ "ტირანას" 21:00 საათზე უმასპინძლებენ, რომელთაც საკუთარ პირველობაზე მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავეს. გუნდს კარგი ბრაზილიელი ფორვარდი პატრიკი ჰყავდა, რომელიც ამჟამად კლუბის გარეშეა. მათ მიქაუტაძის ყოფილ კლუბ "სერენიდან" 25 წლის ფრანგი შემტევი მაჰამადუ დემბელე უფასოდ გადაიბირეს და მისი ეიმედებათ.
შეხვედრის მთავარი არბიტრი 43 წლის სომეხი ზავენ ჰოვანისიანი იქნება, რომელიც ლმობიერ მსაჯად მიიჩნევა.
"აი, ამიტომ გადავწყვიტე "ტორპედოში" გადმოსვლა" - მამადუ სახოს ინტერვიუ