ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის ორგანიზატორი შეიცვალა

AutoSharing Option
ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის ორგანიზატორი 3 წლის განმავლობაში "დინამო თბილისის" ნაცვლად Sports Orient-ი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:

"ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის ორგანიზატორი Sports Orient გახდა. დინამო თბილისთან მიღწეული გრძელვადიანი შეთანხმების საფუძველზე, საერთაშორისო ტურნირის საორგანიზაციო, სასპონსორო და მედია უფლებებს მომდევნო 3 წლის განმავლობაში სწორედ Sports Orient განკარგავს.

ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელობის თასი 2016 წლიდან დღემდე, 5-ჯერ ჩატარდა და არაერთ ქართველ თუ უცხოელ მოზარდს გაუხსნა გზა პროფესიონალური ფეხბურთისკენ. სწორედ ამ ტურნირზე გამოიჩინეს თავი პირველად გიორგი მამარდაშვილმა, ხვიჩა
კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, ზურიკო დავითაშვილმა, ტეუნ კოოპმეინერსმა, ლამარე ბოგარდმა, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების ათობით წევრმა.

დარასელიას თასი 2024 წელს განსხვავებული ფორმატით, ახალ ლოკაციაზე ჩატარდება. მონაწილე გუნდებს, გულშემატკივრებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ საფეხბურთო მენეჯერებს ტურნირის ფარგლებში არაერთი სიახლე ელოდებათ, რაც ქართული ფეხბურთის პოტენციალის წარმოჩენას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.
საერთაშორისო ტურნირს ასევე ეყოლება ელჩი - ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც ჩართული იქნება გუნდებთან და მათ წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში, დაგეგმილი მედია აქტივობების ფარგლებში კი ტურნირის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდული ფეხბურთის ხელშეწყობასა და მსგავსი აქტივობების აუცილებლობაზე ისაუბრებს.

2024 წელს გასამართ დარასელიას თასთან დაკავშირებულ სიახლეებს გულშემატკივარი და მედია უახლოეს დღეებში Sports Orient-ისა და დინამო თბილისის სოციალური მედიის არხებით მიიღებს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული