ჯანი ინფანტინოს ვიზიტი თბილისში

AutoSharing Option
13 ნოემბერს, თბილისში ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს ვიზიტი შედგა. ფიფას პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს ორგანიზაციის სხვა მაღალჩინოსნები ესტუმრნენ, მათ შორის, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი, ფედერიკო რავილიონე, ელხან მამადოვი და მარკო ფერი.

ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი გაეცნო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მათ შორის, დაათვალიერა ყოფილი ავაზას ტერიტორიაზე მიმდინარე სფფ-ის დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც ფიფას პროგრამა FORWARD-ის მხარდაჭერით ხორციელდება. მშენებლობის მიმდინარეობა სტუმრებთან ერთად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ვიცე-პრეზიდენტებმა -
ალექსანდრე იაშვილმა და აკაკი ალადაშვილმა დაათვალიერეს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჯანი ინფანტინომ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ხაზი გაუსვა ფეხბურთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული წარმატებული პროექტების მნიშვნელობას და ამასთან, 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვების შანსს. შეგახსენებთ, რომ ფიფას 2029 წლის 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე განაცხადი საქართველოს სომხეთთან ერთად აქვს შეტანილი.

ჯანი ინფანტინო (ფიფას პრეზიდენტი): "პირველ რიგში, ვულოცავ ჩემ მეგობარ ლევანს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდს მათ მიერ გაწეულ საქმიანობას.

პროგრამა „ფორვარდის“ მეშვეობით ფიფა მხარს უჭერს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა სხვებზე უკეთ ახერხებს ამ თანხების ინვესტირებას, და ამისი მაგალითია არა მხოლოდ ეს პროექტი, არამედ სხვებიც, რომლებიც განხორციელდა როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში. პროგრამის მხოლოდ ამ ციკლის ფარგლებში ეს უკვე რიგით მესამე პროექტია. ბავშვებს, გოგონებს, ბიჭებს საშუალება ეძლევათ ითამაშონ ფეხბურთი, რაც საბოლოო ჯამში იმ წარმატებას განაპირობებს, რომელსაც ქართულმა ფეხბურთმა ბოლო დროს მიაღწია და მომავალშიც მიაღწევს.

მთელი ქვეყანა ხედავს სფფ-ის მიერ გაწეულ საქმიანობას და იმას, თუ როგორ იხარჯება თანხები არა მხოლოდ პროფესიონალი მოთამაშეების, არამედ ბავშვების, მასობრივი და სამოყვაროლო ფეხბურთის სასარგებლოდაც. ამ უბნის ყველა ბავშვს, რომელიც დაინახავს ამ ახალ მოედნებს, მოუნდება ფეხბურთის თამაში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ. ეს საუკეთესო მაგალითია არა მხოლოდ საქართველოსა და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ აქ არაერთ სტუმარს ჩამოვიყვანთ, რათა ნახონ, თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი.

ფეხბურთი ნამდვილად ყველაზე პოპულარული სპორტია საქართველოში. საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ მას შეუძლია უეფა-ს დიდი ტურნირების მასპინძლობა, სტადიონების შევსება, ინფრასტრუქტურით სარგებლობა. საინტერესო იქნება, საქართველო მომავალში ვიხილოთ ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად სხვა ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ეს ვარიანტი აუცილებლად უნდა განვიხილოთ. ეს დამატებით ხელს შეუწყობდა საქართველოსა და ქართული ფეხბურთის განვითარებას"

ვიზიტის ბოლოს, ფიფას პრეზიდენტი დავით პეტრიაშვილის საფლავს ეწვია და მის ხსოვნას მიაგო პატივი. დავით პეტრიაშვილი 12 წლის განმავლობაში მუშაობდა ფეხბურთის ფედერაციაში, სიცოცხლის ბოლო წლებში კი, უეფას ნაციონალური ასოციაციების დეპარტამენტში, ჰეთ-თრიკის პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.

ფიფას პრეზიდენტი თბილისში გამთენიას ჩამოვიდა და საქართველოს დღეს დატოვებს.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფული ჩამოიტანა, უკრაინას ვაძლევთ თამაშს
ზვიადი
23:33 13-11-2024
1

სიახლეები პოპულარული