ეს საინტერესოა: ასეთია ფეხბურთელის ბედი...

AutoSharing Option
ფეხბურთელის ბედს ბევრს ვერაფერს გაუგებ. როგორც ცხოვრებაში, სპორტის ამ სახეობაშიც არის ჟამი აღმასვლისა და დაღმასვლის. დღეს იმ ვარსკვლავებზე მოგითხრობთ, რომლებმაც კარიერა სამოყვარულო კლუბებში დაასრულეს.

პედრო პაულეტა
პედრო პაულეტა პორტუგალიური ფეხბურთის ბოლო ტოპთავდამსხმელია. მას შემდეგ, რაც რამდენიმე წარმატებული სეზონი გაატარა "პარი სენ-ჟერმენში", აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ორი წლის შემდეგ პედროს ფეხბურთი მოენატრა და დაბრუნდა შინ, აზორის კუნძულებზე, სადაც სამოყვარულო "სან როკისთან" გააფორმა ხელშეკრულება. მან ორჯერ ითამაშა ამ კლუბის შემადგენლობაში და ოთხი გოლი გაიტანა.

აილტონი
კარიერის განმავლობაში ბრაზილიელმა თავდამსხმელმა აილტონმა
ოცზე მეტი კლუბი გამოიცვალა. კარიერის ბოლოს ერთ დროს ბუნდესლიგის გამორჩეული ბომბარდირი თითქმის 100 კილოგრამს იწონიდა. ფეხბურთიდან წავიდა, თუმცა მერე დაბრუნდა და გერმანიის რანგით მეექვსე ლიგის ბინადარ "ჰასია ბინგერში" ითამაშა.

ფერნანდო მორიენტესი
მას შემდეგ, რაც კონტრაქტი გაწყვიტა "მარსელთან", ფერნანდო მორიენტესმა განაცხადა, რომ ასრულებდა აქტიურ საფეხბურთო კარიერას. არადა, ხუთი წლის შემდეგ ლეგენდარულმა ესპანელმა ფორვარდმა მშობლიური ქვეყნის სამოყვარულო კლუბის, "სანტა ანას" მაისურა ჩაიცვა. ეს კლუბი მადრიდის ჩემპიონატში თამაშობს.

საინტერესოა, რომ ამ გუნდში მორიენტესის შვილი თამაშობდა. ერთ-ერთი მატჩის მსვლელობის დროს მორიენტესს, ტრიბუნაზე რომ იჯდა, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ხუმრობით სთხოვა, დახმარებოდა გუნდს. ფერნანდომ გამოწვევა მიიღო და ოფიციალურ შეხვედრაში ჩაერთო.

ედვინ ვან დერ სარი
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა მეკარე ედვინ ვან დერ სარმა გვიჩვენა, რომ 45 წლის ასაკშიც კი შეიძლება დარჩე ბრწყინვალე სპორტულ ფორმაში. სამოყვარულო ჰოლანდიურმა კლუბმა, "ნორდვეიკმა" ამ ქვეყნის ფეხბურთის მამებს სთხოვა ნებართვა, სპეციალურად პრინციპული მატჩისათვის მიეცათ ვან დერ სარის დამატების უფლება.

ამ შეხვედრას რამდენიმე ათასი გულშემატკივარი დაესწრო. ვან დერ საარმა დიდებულად ითამაშა. მან თერთმეტმეტრიანი მოიგერია და თამაშზე დამსწრე პუბლიკა აღტაცებაში მოიყვანა. სხვათა შორის, ვან დერ საარს მსურველებიც კი გაუჩნდა, მაგრამ მან ბუცები ისევ ლურსმანზე ჩამოკიდა.

ჟან-პიერ პაპენი
ფრანგული ფეხბურთის გამორჩეული ბომბარდირი ჟან-პიერ პაპენი აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ საყვარელი საქმის გარეშე ვერ ძლებდა. მან მწვრთნელობა სცადა, თუმცა "ლანსსა" და "სტრასბურში" იმედგაცრუების მეტი ვერაფერი იპოვა. ამის შემდეგ პაპენი ყველასათვის მოულოდნელად, კვლავ დაუბრუნდა აქტიურ ფეხბურთს. "მარსელის", "ბაიერნისა" და "მილანის" შემტევმა სამოყვარულო "ფაქტორის" მაისურა ჩაიცვა და რამდენიმე გოლიც შეაგდო. პაპენი ისევ წავიდა და ისევ მწვრთნელობა სცადა, თუმცა მორიგი იმედგაცრუება იპოვა. ამჯერად - "შატორუში".

პოლ გასკოინი
"გაზას" კიდევ ერთხელ 47 წლის ასაკში წამოუარა. გულმა მას მორიგი ავანტურისაკენ გაუწია. ეს საქმე ასე მოხდა: პოლ გასკოინმა გააჩერა ტაქსი. მძღოლმა და კლიენტმა გზაში ერთმანეთი ახლოს გაიცნეს. აღმოჩნდა, რომ ტაქსისტი პარალელურად სამოყვარულო ინგლისური კლუბის, "ების" მთავარი მწვრთნელი იყო. მძღოლმა "გაზას" ფეხბურთში დაბრუნება შესთავაზა და დადებითი პასუხი მიიღო.

"დიდებული საღამო იყო. მე პოლს ფეხბურთში დაბრუნება შევთავაზე და მან თანხმობა მითხრა. რამდენიმე წუთში კი მას ვუთხარი, რომ დაფარული მანძილის სანაცვლოდ ჩემთვის 8 ფუნტი უნდა გადაეხადა." - თქვა მძღოლმა.

სტიუარტ პირსი
ინგლისური ფეხბურთის კიდევ ერთმა ბუნტარმა "გაზას" აშკარად გადააჭარბა. სტიუარტ პირსმა აქტიური საფეხბურთო კარიერის განახლება 54 წლის ასაკში გადაწყვიტა. პირსმა აირჩია ინგლისის რანგით მეცამეტე ლიგის კლუბი "ლონგფორდი". მას ამ გუნდში მხოლოდ ერთი შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა.
სტიუარტს თამაში გაუტკბა და კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა. ახლაც, როცა დრო აქვს, სიამოვნებით თამაშობს.

"კაცმა ყველაფერი უნდა გამოსცადო. მე ყოველთვის საუკეთესო გუნდებში ვთამაშობდი და ახლა მინდა, რომ ყველაზე უარეს გუნდში ვითამაშო. ჩემი მწვრთნელები ადრე დალგლიში, რედნაპი, გულიტი და კიგანი იყვნენ, ახლა კი ნიკ დოი მწვრთნის." - თქვა პირსმა.

მიჩუ
რამდენიმე წლის წინათ, მიჩუს ესპანეთის ნაკრებში იწვევდნენ და სათავეში ედგა ინგლისის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას. გაუთავებელმა ტრავმებმა მის კარიერას დიდი დაღი დაასვა. გასული წლის ნოემბერში "სუონსიმ" მასთან კონტრაქტი გაწყვიტა. ახლა 29 წლის ფეხბურთელი ესპანეთის რანგით მეოთხე დივიზიონის კლუბ "ლანგრეოში" ირიცხება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული