საქართველოს თასი. 1/4-ფინალის წინ: შეხვედრა წარსულთან

AutoSharing Option
დღეს, 13 სექტემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე კიდევ ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება და კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობას შევიტყობთ. გუშინდელისაგან განსხვავებით, დღეს საქმეში "მძიმე არტილერია" ჩაერთვება: სამი გუნდი ეროვნულ ლიგას წარმოადგენს, ერთიც - ეროვნულ ლიგა 2-ს.

- საქართველოს თასი. 1/4-ფინალი: მესამელიგელი და ომში გამარჯვებული "ტორპედო"

რაც მთავარია, დღეს უნდა იასპარეზოს საქართველოს 2017 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის კიდევ ორმა გამოკვეთილმა ფავორიტმა ("ტორპედოს" მსგავსად): თბილისის "დინამომ" და "ჩიხურამ". თუმცა, ადრეც ხომ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მეოთხედფინალურ ეტაპზე ძალიან ძნელია ამა თუ იმ
გუნდისთვის ფავორიტის სტატუსის მინიჭება და მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ, გუშინდელის მსგავსად, დღევანდელ მატჩებშიც დამატებითი დრო ან პენალტების სერია დასჭირდეს ნახევარფინალისტთა გამოვლენას...

ვიდრე დღევანდელ ნახევარფინალურ წყვილებზე ვისაუბრებთ, არცთუ უმნიშვნელო კი არა, საკმაოდ საინტერესო და დადებით სიახლეზეც გვინდა ვთქვათ. საქართველოს თასის წლევანდელი გათამაშების მონაწილე გუნდების ფინანსურ მოტივაციას ვგულისხმობთ: თითოეული გუნდი, ყოველი ეტაპის გავლის შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან 10 000 ლარით გაამდიდრებს თავის ბიუჯეტს!

ანუ თითოეულ ნახევარფინალისტს უკვე 30 000 ლარი ექნება გამომუშავებული, ფინალისტებს - 40 000 ლარი, ხოლო თასის მფლობელი დამატებით კიდევ 60 000 ლარს მიიღებს!..

13.09. ივანწმინდა. 16:00
ჩიხურა-დილა
დისკვალიფიკაცია: გილერმე მორასი (დილა)

ამ მეოთხედფინალების ერთადერთი წყვილი, სადაც ერთმანეთს ეროვნული ლიგის გუნდები უნდა დაუპირისპირდნენ. ანუ, ერთი შეხედვით, ყველაზე საინტრიგო მეოთხედფინალური მატჩი სწორედ ივანწმინდაში უნდა გაიმართოს, მაგრამ, მეორე მხრივ, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, თუ რა სატურნირო მდგომარეობა აქვთ ამ გუნდებს ეროვნულ ლიგაში.

მოკლედ, გვინდა თუ არა, ასეთ პერიოდში ძალიან ბევრჯერ ნახსენები ტერმინი ("პრიორიტეტი") ხდება მეტად და მეტად აქტუალური. ჩემპიონატში კი "ჩიხურასა" და "დილას" აბსოლუტურად განსხვავებული სატურნირო მდგომარეობა და მიზნები აქვთ: საჩხერელთა გუნდი პირველ სამეულს კი ჩამორჩა, მაგრამ არც პლეი-აუტში მოხვედრა ემუქრება.

ანუ ადვილი მისახვედრია, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში "ჩიხურა" სწორედ თასზე გააკეთებს აქცენტს. მით უფრო, რომ საჩხერელთა გუნდი, ამ ბოლო წლებში, მართლაც გამორჩეული სტაბილურობით ასპარეზობს ამ ტურნირში. თავად განსაჯეთ: ზედიზედ 5 წელია, "ჩიხურა" თასის ნახევარფინალში ახერხებს გასვლას, აქედან ორჯერ კი - ფინალამდეც მიაღწია!

ხუთივე შემთხვევაში "ჩიხურას" თავკაცი სოსო ფრუიძე გახლდათ, - საჩხერელთა გუნდის მართლაც "მარადიული" მთავარი მწვრთნელი ზედიზედ მეექვსე ნახევარფინალს უმიზნებს!

ბოლო წლებში ნაჩვენები ასეთი სტაბილური შედეგების მიუხედავად, "ჩიხურას" საქართველოს თასი ჯერ არ მოუგია; სხვა საქმეა ამ გუნდში მოასპარეზე ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელთაც ეს ტიტული სხვადასხვა გუნდში მოუგიათ.

"დილა" კი ერთხელ უკვე ფლობდა საქართველოს თასს (2012 წელს), სხვადასხვა დროს (1998, 2003 და 2014 წლებში) ნახევარფინალშიც გასულა; თუმცა, დღესდღეობით გორელთა გუნდს ისეთი არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვს ჩემპიონატში, გვეეჭვება, რომ "ორივე ფრონტზე" შეძლოს წარმატების მიღწევა.

ანუ, ჩვენი ვარაუდით, "დილას" მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია უმთავრეს პრიორიტეტად, ალბათ, ეროვნული ლიგის გათამაშებას "აირჩევს". მით უფრო, რომ გორელთა გუნდს ერთმანეთზე რთული 2 მატჩი ელოდება III წრის ფინიშზე. თუმცა, ვინ იცის: ხომ შეიძლება, რომ "დილამ" თასზეც გააკეთოს აქცენტი და "ჩიხურას" მედგარი ბრძოლა გაუმართოს?!.

13.09. რუსთავი. ფოლადი. 16:00
რუსთავი-დინამო (თბ)

ყოველი სეზონის დაწყების წინ, ჩემპიონატი იქნება თუ თასის გათამაშება, "მარადიული ფავორიტის" სტატუსი თბილისის "დინამოს" აქვს მინიჭებული! ეს ტრადიცია არც წლეულს დარღვეულა: ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ეროვნულ ლიგაშიც დამაჯერებლად ლიდერობს და თასის წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთი რეალური ფავორიტია. და ეს, იმის მიუხედავად, რომ "დინამოს" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას, გაზაფხულიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, მესამედ (!) უწევს გუნდის "გადაკეთება".

უკვე მესამე წელია, რუსთავის "მეტალურგი" აღარ არსებობს. სამაგიეროდ, 2015 წლის ივლისში, ბადრი მაჭავარიანისა და ლევან სილაგაძის ინიციატივით, დაფუძნდა ახალი საფეხბურთო კლუბი "რუსთავი", რომელიც დღესდღეობით ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს და აღზევებისთვისაც იბრძვის. "რუსთავი" მხოლოდ მესამედ ასპარეზობს თასზე და აი, წლევანდელი გათამაშების მეოთხედფინალში მეტოქედ ერგო საქართველოს თასის აბსოლუტური რეკორდსმენი, ამ ტიტულის 13-გზის მფლობელი თბილისის "დინამო"!

ამ გუნდების გზები არასდროს გადაკვეთილა, სამაგიეროდ, საქართველოს თასის ისტორიაში, რუსთავის სახელით მოასპარეზე სხვადასხვა გუნდსა და თბილისის "დინამოს" შორის არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩატარებულა. აი, თუნდაც, 2013/14 წლის გათამაშება გავიხსენოთ, როცა რუსთავში გამართულ მეოთხედფინალურ მატჩში "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ თითქმის 50 მეტრიდან გაიტანა გოლი "მეტალურგის" კარში...

კიდევ ორი დაპირისპირება გვინდა გავიხსენოთ და ეს ორივეჯერ ფინალური მატჩი იყო. პირველი შემთხვევა 1993/94 წლების სეზონში მოხდა, როცა გივი ნოდიას დამოძღვრილმა "დინამომ" მიხეილ ყაველაშვილის ერთადერთი გოლით დაამარცხა რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე რუსთავის "მეტალურგი", რომლის შემადგენლობაშიც ვარლამ კილასონია, გიორგი კილასონია, სანდრო ბურნაძე, კახა ალადაშვილი, გელა არჩვაძე, სოსო გრიშიკაშვილი და იმ დროისათვის 18 წლის გოგა გახოკიძე და 16 წლის ლევან კობიაშვილი თამაშობდნენ.

კიდევ ერთი დაპირისპირება გვინდა გავიხსენოთ, კერძოდ, 2008/09 წლების სეზონის თასის გათამაშების ფინალი, როცა "ლოკომოტივის" სტადიონზე შეკრებილმა 10 ათასმა მაყურებელმა დაძაბული და ემოციური მატჩი იხილა, საბოლოოდ თბილისის "დინამოს" გამარჯვებით რომ დასრულდა პენალტების სერიაში.

იმდროინდელი რუსთავის "ოლიმპის" მეკარე მიხეილ ალავიძე დღესაც "რუსთავის" კარს იცავს, მთავარი მწვრთნელი მაშინაც ვარლამ კილასონია გახლდათ, ხოლო თბილისის "დინამომ" რომ ხუთწლიანი პაუზის მერე მოიგო საქართველოს თასი, გუნდის იმდროინდელი მთავარი მწვრთნელის, კახა კაჭარავას უდიდესი დამსახურებაც იყო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ადმინ, შენს მოსაზრებებს რომ წერ კარგია, მაგრამ ცოტა რეალობაც რომ გაითვალისწინო ხომ შეიძლება. საიდან მოიტანე რომ დილა პრიორიტეტად ეროვნულ ლიგას აირჩევს? მითუმეტეს მას შემდეგ რაც გუნდმა უეფასგან ევროტურნირებზე გამოსვლის ნებართვა მიიღო? და ამ შემთხვევაში ერთადერთი შანსი სწორედ თასია. გეკითხა გუნდში რა აზრისანი არიან ამ თემასთან დაკავშირებით და მერე დაგეწერა მოსაზრება, უფრო ობიექტური იქნებოდა.
0

სიახლეები პოპულარული