ტრანსფერ-ONLINE: 10 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:02. რიად ბუდებუზმა "მონპელიე" "ბეტისში" გაცვალა. ესპანელებმა ალჟირელ ფეხბურთელში 7 მილიონი ევრო გადაიხადეს. 2011 წელს ბუდებუზი ალჟირის წლის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

12:54. TALKSPORT იტყობინება, რომ "ვესტ ჰემი" მზად არის 25 მილიონ ფუნტად შეელიოს ვილიამ კარვალიოს.

13:01. AS-ის ცნობით, ესეკილ გარაი მოელაპარაკა "სპარტაკს" ხელფასზე - 5 მილიონი ევრო წელიწადში. რჩება მოლაპარაკება "ვალენსიასთან", რომელსაც ჯერ არ მიუცია თანხმობა 20 მილიონზე.

13:12. გავრცელდა ინფორმაცია ჟოფრი კონდოგბიას სავარაუდო ტრანსფერზე "ვალენსიაში". ფრანგი ვერ უძლებს კონკურენციას "ინტერში".

13:16. "ტოტენჰემი" წინააღმდეგი არ არის "აიაქსიდან" მცველ დავინსონ სანჩესის
შეძენაზე. ტრანსფერის სავარაუდო თანხა - 35 მილიონი ფუნტია.

13:24. "მონაკო" თავს იზღვევს კილიან მბაპეს დაკარგვისგან და ამზადებს კარლოს ბაკას ტრანსფერს. კოლუმბიელი ირჩევს "სევილიასა" და "მონაკოს" შორის.

13:50. Football Italia-მ დაწერა, რომ დენის სუარესმა უარი განუცხადა "ნაპოლის". იტალიური გუნდი "ბარსელონას" 14 მილიონ ევროს სთავაზობდა.

14:02. იურგენ კლოპს სურს "დორტმუნდიდან" კრისტიან პულიშიჩის შეძენა. "ლივერპულის" სკაუტები უკვე გაემგზავრნენ გერმანიაში მოლაპარაკებებზე.

14:08. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გაიხსენა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც მხოლოდ ზამთარში შეძლებს მწყობრში ჩადგომას. იტყობინებიან, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდი იბრაჰიმოვიჩს ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებს.

14:12. "გრემიოს" ფეხბურთელ ლუანზე "სპარტაკი", "არსენალი" და "ლივერპული" აცხადებენ პრეტენზიას. თითქოს მთავარი პრეტენდენტი "სპარტაკი" იყო, მაგრამ ბრაზილიელს ამ ვარიანტზე უარის თქმა ურჩია... ნეიმარმა.

14:20. "ჩელსის" ტოპ-მენეჯერები ანტონიო კონტეს კიდევ სამი ფეხბურთელის შეძენას დაჰპირდნენ.

14:44. L'EQUIPE-ი იტყობინება, რომ ჟორდან ამავი "ასტონ ვილას" "მარსელზე" გაცვლის. ტრანსფერი 8.9 მილიონი ფუნტი დაჯდება.

14:35. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ფორვარდი რობერტო სოლდადო "ვილიარეალიდან" "ფენერბაჰჩეში" გადადის. გარიგების თანხამ 10 მილიონი ევრო შეადგინა.

15:03. "ჩელსიმ" 35 მილიონ ფუნტამდე გაზარდა წინადადება ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენზე.

15:13. "იუვენტუსის" ნახევარმცველი ტომას რინკონი ახლოს არის "ტორინოში" გადასვლასთან. ეს იქნება ერთწლიანი იჯარა გამოსყიდვის უფლებით.

15:22. არტიომ ძიუბამ უარი თქვა "ლოკომოტივში" გადასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ მის გაშვება სურს "ზენიტს".

15:48. "ბრაიტონმა" დაადასტურა "ბრიუგეს" კოლუმბიელი გარემარბის, ხოსე ისკიერდოს შეძენა. ინგლისურ კლუბს ტრანსფერი 16 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

15:55. "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "იუვენტუსს" სურთ სერხი რობერტო. თუმცა, ბრძოლაშია "ჩელსიც", რომელიც 40 მილიონად აპირებს "ბარსელონას" ფეხბურთელის გამოსყიდვას.

16:08. "ბილდი" წერს, რომ "ლიონის" ფორვარდი მაქსველ კორნე "დორტმუნდის" პრიორიტეტული მიზანი გახდება უსმან დემბელეს "ბარსელონაში" წასვლის შემთხვევაში.

16:21. ემრე მორის აგენტი მილანში ჩავიდა, რათა საბოლოოდ მოაგვაროს თავისი კლიენტის ტრანსფერი "ინტერში". ამის შესახებ ფეხბურთელმა თავად დაწერა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე. იტყობინებიან, რომ "ინტერი" გააფორმებს იჯარას აუცილებელი გამოსყიდვის უფლებით.

16:28. "მონაკო" ახლოს არის კიდევ ერთი ფეხბურთელის დაკარგვასთან. L'EQUIPE-ი წერს, რომ გუნდის დატოვება მოისურვა ფაბინიომ და უკვე გამოჩნდნენ მყიდველებიც - "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პარი სენ-ჟერმენი".

16:38. "ნიუკასლმა" მოაგვარა "ჩელსიდან" 21 წლის კენედის წლიური იჯარის საკითხი. ეს ბრაზილიელი ის ფეხბურთელია, რომელიც ჩინეთის ტურნედან დაითხოვეს რასისტული გამონათქვამების გამო.

17:10. ჭორების მიხედვით, "იუვენტუსი" ისევ ფიქრობს სტივენ ნ"ზონზის შეძენაზე. ტურინელები მზად არიან, 40 მილიონი გადაიხადონ "სევილიას" ნახევარმცველში.

17:16. "ტოტენჰემს" ჯერემი ტოლიანის შეძენა სურს. ლონდონურ კლუბს კვლავაც არ უყიდია ამ ზაფხულს ფეხბურთელი და "ჰოფენჰაიმის" მარჯვენა მცველი, შესაძლოა, პირველი ახალწვეული გახდეს. ტოლიანი "სიტიში" წასული კაილ უოკერის შემცვლელი უნდა გახდეს.

17:23. ინგლისურმა კლუბებმა უკვე დახარჯეს ამ ზაფხულს ტრანსფერებზე მილიარდი ფუნტი.

17:34. სერჟ ორიე "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს კარიერას. როგორც ირკვევა, 24 წლის კოტდივუარელი ფეხბურთელი უკვე მოელაპარაკა ინგლისურ კლუბს ხუთწლიანი კონტრაქტის პირობებზე. ახლა კლუბებს ისღა დარჩენიათ, ტრანსფერის თანხაზე მოილაპარაკონ.

17:41. მექსიკელი ფორვარდი კარლოს ველა კონტრაქტს გააფორმებს ახლახან ჩამოყალიბებულ გუნდ "ლოს ანჯელესთან". ეს კლუბი MLS-ში გამოსვლას მომავალ სეზონში დაიწყებს.

17:48. "ბარსელონა" ძალიან არეულია. უსმან დემბელე და ფილიპე კოუტინიო არ მიდიან ესპანეთში, ამიტომაც კატალონიელებმა ადგილობრივ ფეხბურთელს დაუმიზნეს. მარკო ასენსიო "ბარსელონას" სიაშია და მასში 72 მილიონს იხდიან.

18:11. უსმან დემბელე არ გამოცხადდა დორტმუნდის "ბორუსიას" ვარჯიშზე და არ პასუხობს სატელეფონო ზარებს.

18:13. LE PARISIEN-ი წერს, რომ "დორტმუნდი" დათანხმდა უსმან დემბელეს "ბარსელონაში" გაყიდვას 130 მილიონ ევროდ. კატალონიელებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს დღეებში დაასრულებენ ტრანსფერს. ფრანგი "ბარსელონასთან" ხუთწლიან კონტრაქტს გაააფორმებს და წელიწადში 10 მილიონი ევრო ექნება.

18:16. "ინტერისა" და "ბეშიქთაშის" წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრას, რომელზეც განიხილავენ გარი მედელის სავარაუდო ტრანსფერს თურქეთში.

18:25. ინფორმაცია პარიზიდან. The Independent-ი წერს, რომ "პარი სენ-ჟერმენს" კიდევ ბევრი ფული აქვს და მალე ისინი 80 მილიონ ფუნტს შესთავაზებენ "არსენალს" ალექსის სანჩესში.

18:51. "სენტ ეტიენმა" "უდინეზედან" შეიძინა გაბრიელ სილვა. ტრანსფერის თანხაა - 2.5 მილიონი ევრო, კონტრაქტი კი სამ წელზეა გათვლილი.

19:09. "ბრაიტონმა" დაასრულა დღეში მეორე გარიგება. ამჯერად, გუნდი გააძლიერა "ალმერის" შემტევმა ნახევარმცველმა საუფიან აჰანაჰმა. გასულ სეზონში ჰოლანდიელმა 18 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი პასი შეასრულა.

19:28. "ვესტ ჰემმა" შეინარჩუნა თავისი ერთ-ერთი ლიდერი. მანუელ ლანსინი, ახალი კონტრაქტის მიხედვით, კვირაში 85 ათას ფუნტს მიიღებს (მანამდე ჰქონდა 30 ათასი).

19:37. "ჰადერსფილდმა" ამ ზაფხულს თავისი მე-11 შენაძენის შესახებ გამოაცხადა. გუნდის ახალწვეული გახდა "ბარნსლის" მცველი ენდი იადომი.

19:45. საქმემ სერიოზული სახე მიიღო. "დორტმუნდმა" კიდევ ერთხელ უთხრა უარი "ბარსელონას", დემბელეს კი ვარჯიშის გამოტოვებისთვის სასჯელი ელოდება კლუბისგან.

19:54. თუ ესპანური გაზეთი "მარკა" არ იტყუება, "პარი სენ-ჟერმენი" კილიან მბაპეში 160 მილიონ ევროს გადაიხდის, კიდევ 20 მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.

20:15. Sky Italy წერს, რომ "ფიორენტინას" ფორვარდ ნიკოლა კალინიჩს "ევერტონთან" აქვს კონტაქტი. რომელუ ლუკაკუს შემცვლელში ლივერპულელები 25 მილიონ ევროს იხდიან.

20:25. ოფიციალურად დასრულდა ტიმოტი ფოსუ-მენსას ტრანსფერი "კრისტალ პალასში". "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით მიდის ლონდონში.

20:33. "იუვენტუსსა" და "ლივერპულს" სურთ "ლაციოს" მცველი სტეფან დე ვრი. ინგლისური კლუბი სრულფასოვანი ტრანსფერისთვის მზად არის, ტურინელებს კი იჯარა უნდათ.

20:41. ამასობაში, უსმან დემბელეზე სერიოზული პრეტენდენტი გახდა მადრიდის "რეალი", - ირწმუნება Mundo Deportivo.

20:51. იტალიელები იოლად მოელაპარაკნენ თურქებს და განახორციელეს გარი მედელის ტრანსფერი. ჯერჯერობით უცნობია ჩილელის "ინტერიდან" "ბეშიქთაშში" გადასვლის დეტალები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული