15 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 15 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

"რენის" ნახევარმცველზე, ედუარდო კამავინგაზე, ევროპის ტოპ-კლუბები გაშმაგებით იბრძვიან. როგორც the Telegraph-ი წერს, ახალგაზრდა ფრანგმა კარიერის გასაგრძელებლად ესპანეთი აირჩია. არადა, მის გადასაბირებლად ყველაზე მეტ ინიციატივას "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენდა. დიდი ალბათობით, ედუარდო კარიერას მადრიდის "რეალში" განაგრძობს.

როგორც "მილანის" სპორტულმა დირექტორმა პაულო მალდინიმ განაცხადა, "როსონერი" ოლივიე ჟირუს რამდენიმე დღეში გაიფორმებს, ფეხბურთელი იტალიაში რამდენიმე დღეში ჩამოფრინდება და ფრანგის ტრანსფერიც სულ მალე დადასტურდება. სხვა დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელი ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ის ფეხბურთელია, კიპერი "მილანიდან" პარიზში უფასოდ
გადავიდა. შეგახსენებთ, "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას ასევე კეილორ ნავასიც იცავს. როგორც გუნდის არგენტინელმა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის შანსი ორივე ფეხბურთელს თანაბრად ექნება.

ლორენცო ინსინიე ევრო 2020-ის ერთ-ერთი ვარსკვლავი გახლდათ. როგორც "ბარსელონას" ყოფილმა სკაუტმა არიედო დაირამ განაცხადა, "ბლაუგრანას" საკმაოდ ბევრ გულშემატკივარს "ნაპოლის" კაპიტნის მიმართ გულთბილი დამოკიდებულება აქვს.

Sportall.Ge

"ინსინიე იდეალური ფეხბურთელია. მას ზუსტად ის მონაცემები აქვს, რაც ნებისმიერ კლუბს სჭირდება. ვიცი, რომ "ბარსელონას" ის მოსწონს", - განაცხადა დაირამ.

დიდი ალბათობით, "მილანი" ბრაჰიმ დიაზს იჯარის წესით კიდევ ერთხელ ჩაიბარებს. როგორც იტალიელი ჟურნალისტი დანიელე ლონგო წერს, მოლაპარაკებები ფინალურ ფაზაშია გადასული, თუმცა გადაწყვეტილებას მადრიდის "რეალი" იღებს. სულ მალე გახდება ცნობილი, გაანათხოვრებს თუ დაიტოვებს ახალგაზრდა ფეხბურთელს "სამეფო კლუბი".

"ტოტენჰემი" ჰარი კეინს 120 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელევა. ეს ის თანხაა, რის გადასახდელადაც "ქალაქელები" მზად არიან. პეპ გვარდიოლას სურვილია, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტანი გუნდში ნებისმიერ ფასად მოიყვანონ. შეგახსენებთ, "მანჩესტერ სიტის" სარეკორდო ტრანსფერის ღირებულება 68.4 მილიონ ფუნტს უდრის (კევინ დე ბრუინი 2015/16).

Sportall.Ge

პსჟ ევროპაში ჰეგემონიისთვის ვარსკვლავების ყიდვას არაერთი წელია ცდილობს. ამ სეზონში ფრანგულმა კლუბმა ჟორჟინიო ვეინალდუმი, აჩრაფ ჰაკიმი, სერხიო რამოსი და ჯანლუიჯი დონარუმა დაიმატა. Tuttosport-ის ცნობით, "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობას მარცხენა მცველის პოზიციაზე ტეო ერნანდესის გადაბირება სურს. პარიზელების შეთავაზებული 40 მილიონი ევრო "მილანმა" დაბლოკა. როგორც "როსონერის" თავკაცი სტეფანო პიოლი თვლის, ტეო გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თანაც მისი სატრანსფერო ღირებულება გაცილებით მაღალია.

ჯანლუიჯი დონარუმას პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ალფონსო არეოლას კარი გაუხსნეს, რათა გუნდიდან წასულიყო. როგორც Sky Sports-ი ირწმუნება, ფრანგი კიპერი კარიერას "ვესტ ჰემში" განაგრძობს. ინგლისელები ფეხბურთელს იჯარის წესით წაიყვანენ, სურვილის შემთხვევაში კი გამოსყიდვა შეეძლებათ.

"ლივერპული" გუნდის გაძლიერებას "ლესტერის" ნახევარმცველ იური ტილემანსის ტრანსფერით გეგმავს, ფეხბურთელს ჟორჟინიო ვეინალდუმის შემცვლელად მიჩნევს. La Repubblica-ს მტკიცებით, მერსისაიდელებმა ნიკოლა ბარელას სანაცვლოდ "ინტერს" 70-მილიონევროიანი განცხადება უკვე გაუკეთეს.

"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ტოტენჰემს" "ატალანტას" ცენტრალური მცველის, კრისტიან რომეროს გასაფორმებლად ნამდვილი ბრძოლა აქვთ გაჩაღებული. არგენტინელმა მცველმა გასული სეზონი "იუვენტუსიდან" ბერგამოს გუნდში იჯარით გაატარა, "ატალანტამ" ფეხბურთელი 13.5 მილიონ ევროდ გამოისყიდა, ახლა კი, the Sun-ის მტკიცებით, ბერგამოელები მის გაყიდვას 40-50 მილიონ ევროდ შეეცდებიან.

ჩემპიონთა ლიგისა და ევრო 2020-ის მოგების შემდეგ "ჩელსის" სურს, რომ ჟორჟინიო რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს, თუმცა ფეხბურთელით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

Sportall.Ge

"ლივერპული" მოჰამედ სალაჰთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს. ეგვიპტელ ფეხბურთელს მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს. როგორც ინგლისური პრესა წერს, ფეხბურთელის გადაბირებას რამდენიმე გრანდი ცდილობს. სალაჰის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

მიკელ არტეტას "არსენალში" კარგი დრო ნამდვილად არ უდგას. მადრიდის "რეალმა" დანი სებალოსი და მარტინ ოდეგორი უკან დაიბრუნა, იტალიური "რომა" შვეიცარიელი გრანიტ ჯაკას ტრანსფერითაა დაინტერესული. ასე რომ, "მეთოფეებს" რამდენიმე კვალიფიციური ნახევარმცველის დამატება მოუწევს. უპირველესად, არტეტას სიაში "სასუოლოს" ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი შედის, შემდეგ კი მოდიან რუბენ ნევესი ("ვულვზი") და ჯეიმს მედისონი ("ლესტერი"). ლონდონელები ასევე "ლიონის" ერთ-ერთი ლიდერის, ჰუსემ აუარის გადაბირებასაც შეეცდებიან.

სავარაუდოდ, "არსენალი" ჰექტორ ბელერინის "ინტერში" გაუშვებს. "ნერაძური" მთელი სატრანსფერო ფანჯარაა ესპანელი მცველის დამატებას ცდილობს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული