16 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 16 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

"ინტერი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ფინანსური კრიზისის დაძლევას ფეხბურთელების გაშვებით გეგმავს. Calciomercato-ს ცნობით, "ნერაძური" სტეფანო სენსის 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ფიორენტინაში" გაასხვისებს.

Sky Sport-ის ცნობით, რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის "ბაიერნს" არ დატოვებს. თავდამსხმელის გარშემო უამრავი ჭორი იყო, თუმცა "რეკორდმაისტერი" მის გაშვებას არ გეგმავს. Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტი" პოლონელი ვარსკვლავის გადაბირებას ცდილობდა. როგორც ჩანს, ჰარი კეინის ტრანსფერი ჩიხში შევიდა, პეპ გვარდიოლა და "ქალაქელების" ხელმძღვანელობა კი ალტერნატიულ ვარიანტად ლევანდოვსკის განიხილავენ.

შეიძლება ითქვას, რომ ოლივიე
ჟირუსა და "მილანს" შორის მოლაპარაკებები დასრულდა. ფეხბურთელი იტალიაში იმყოფება და კონტრაქტსაც დღეს, 16 ივლისს ხელს მოაწერს. ამ ინფორმაციას DAZN ადასტურებს.

"ევერტონში" კარგი სეზონის მიუხედავად, ხამეს როდრიგესი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს "კანფეტებს" დატოვებს. კოლუმბიელი ვარსკვლავი, სავარაუდოდ, მადრიდის "რეალში" დაბრუნდება. რაც შეეხება ერთ დროს ამომავალი ვარსკვლავის სატრანსფერო ღირებულებას, სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის ფასი 20 მილიონი ევრო გახლავთ.

"მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" "ინტერის" ლიდერის, რომელუ ლუკაკუს გადაბირებას გეგმავს, თუმცა ფეხბურთელის აგენტ ფედერიკო პასტორელოს ცნობით, ბელგიელი ფორვარდი მომავალ სეზონშიც "ნერაძურის" ღირსებას დაიცავს.

"რომაში" ახლად დანიშნული ჟოზე მოურინიოს მორიგი ტრანსფერი "არსენალის" ნახევარმცველის, გრანიტ ჯაკას გადაბირება იქნება. იტალიურ კლუბს შვეიცარიელი ფეხბურთელი 18 მილიონი ევრო დაუჯდება.

"ჩელსი" ჰოლანის გადაბირებას აქტიურად ცდილობს, თუმცა "დორტმუნდის" ხელმძღვანელობისთვის სასურველი თანხა ჯერ კიდევ არ დასახელებულა. რომან აბრამოვიჩის 50 მილიონფუნტიანი შეთავაზება გერმანელებმა უკვე დაბლოკეს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ჯასტინ კლუივერტი მომდევნო სეზონიდან "რომას" ღირსებას აღარ დაიცავს, შემტევი სავარაუდოდ "ნიცაში" გადაბარგდება და თავს იქ წარმოაჩენს.

მადრიდის "ატლეტიკოს" მარჯვენა მცველის, კირან ტრიპიერის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, რადგან ინგლისელი ფეხბურთელით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული. ამ ინფორმაციას the Telegraph-იც ადასტურებს.

"ლივერპული" ჟორჟინიო ვეინალდუმის გუნდიდან წასვლის შემდეგ ნახევარდაცვის გაძლიერებას "ინტერის" ახალგაზრდა ფეხბურთელ ნიკოლო ბარელათი შეეცდება. მერსისაიდელები იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

ჯორჯო კიელინი თავისუფალი აგენტი გახლავთ. 36 წლის მცველი, დიდი ალბათობით, "ბიანკონერისთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს. ჯერჯერობით სხვა შემოთავაზებები არ სახელდება. რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ გამოცდილი მცველის გუნდში დარჩენას "ბებერი ქალბატონის" ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი პირადად ცდილობს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული