გთავაზობთ 26 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:
ლუკა იოვიჩი შესაძლოა მადრიდის "რეალიდან" იჯარის წესით იტალიაში გადაბარგდეს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სერბი ფორვარდით "ინტერი", "ჯენოა" და "სამპდორიაა" დაინტერესებული.
ფედერიკო კიეზას ღირებულებამ ევრო 2020-ის შემდეგ პიკს მიაღწია. როგორც ჩანს, "ლივერპულს" "იუვენტუსის" ახალგაზრდა ტალანტის ყიდვა სურს და მის სანაცვლოდ თანხასაც არ იშურებს. Daily Express-ის ცნობით, მერსისაიდულმა კლუბმა "ბიანკონერის" ხელმძღვანელობას 100 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა, თუმცა ანდრეა ალეგრიმ ღიად განაცხადა, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ არანაირ შემოთავაზებას არ განიხილავს. ჯერჯერობით კიეზას ტრანსფერი შეუძლებელი ჩანს, ყველაფერს დრო გაარკვევს.
რაფაელ ვარანის გარდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას კიდევ 2 ფეხბურთელის გადაბირება სურს. როგორც Daily Mail-ი წერს, "წითელი ეშმაკების" ბოსს საულ ნიგესისა და იულეს კონდეს ყიდვის სურვილიც აქვს. აღსანიშნავია, რომ მადრიდის "ატლეტიკომ" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს როდრიგო დე პაული 35 მილიონ ევროდ გაიფორმა, საულის სატრანსფერო ღირებულება კი 50 მილიონ ევროს შეადგენს. თავის მხრივ, კონდეს "სევილიასთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მისით კი მადრიდის "რეალი" და "ჩელსია" დაინტერესებული. როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში ძირეულ ცვლილებებს გვთავაზობს.
მომზადებულია marca-ს მიხედვით