გთავაზობთ 4 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს:
მიუხედავად იმისა, რომ "ინტერი" იტალიის ჩემპიონია, დიდია ალბათობაა იმისა, რომ თავიანთი საუკეთესო ბომბარდირი რომელუ ლუკაკუ დაკარგონ. როგორც ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, ბელგიელი, სავარაუდოდ, "ჩელსიში" გადაბარგდება, სატრანსფერო ღირებულება კი 120 მილიონ ევროს შეადგენს.
"ბარსელონას" ხელმძღვანელობას ფრანგი მცველის, სამუელ უმტიტის გაყიდვა სურს. მიუხედავად გახშირებული ტრავმიანობისა, უმტიტის მყიდველთა სიაში რამდენიმე გრანდსაც შეხვდებით. როგორც ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი ირწმუნება, ფეხბურთელიც გუნდში დარჩენის დიდი მომხრე აღარაა. აქედან გამომდინარე, 27 წლის მცველის მომდევნო გუნდი სულ მალე გაირკვევა.
ფაბინიომ "ლივერპულთან" ხელი ახალ 5-წლიან
კონტრაქტს მოაწერა. ამ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ ნახევარმცველი გუნდის საკვანძო ფიგურა მას შემდეგ გახდა, რაც მერსისაიდული კლუბი იურგენ კლოპმა ჩაიბარა.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა The Sun-ი ირწმუნება, მადრიდის "რეალის" ორი ფეხბურთელის, მარტინ ოდეგორისა და მარკო ასენსიოს ხილვა "არსენალის" მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას სურს. რაც შეეხება ტრანსფერის პირობებს, "მეთოფეები" მზადაა, "სამეფო კლუბს" იჯარა/გამოსყიდვის ხელშეკრულებაზე გაესაუბროს.
"ტოტენჰემმა" ჯო ჰარტი "სელტიკსში" გაუშვა. Transfermarkt-ის ცნობით, შოტლანდიურმა კლუბმა მეკარის სამსახურისთვის 1 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
გასულ სეზონში ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამაშიდან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შვედი ფორვარდი კვლავ კარგ ფორმაშია. ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. შესაძლოა, ფრანგული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ზლატანი გუნდში დააბრუნოს.
"ბარსელონას" უსმან დემბელეს შენარჩუნება სურს. ფრანგ შემტევს კონტრაქტი მომდევნო წელს უმთავრდება, თუ მხარეები შეთანხმდებიან, ხელშეკრულების თანახმად, უსმანს 50%-ით ნაკლები ხელფასი ექნება. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის მიმართ დიდ ინტერესს "იუვენტუსი" იჩენს.
ფრანგულ "ლილს" მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარის, ივო გრბიჩის ყიდვა სურს. როგორც Los Colcherones-ი აცხადებს, "როხი ბლანკოს" ხელმძღვანელობას განზრახული აქვს ახალი მეკარის მოყვანა. საუბარი "დორტმუნდის" კიპერ რომან ბურკიზეა.
გასულ კვირას გავრცელელებული ინფორმაციის თანახმად, ჰარი კეინმა "ტოტენჰემის" ვარჯიში გამოტოვა, თუმცა, ფაბრიციო რომანოს თქმით, ინგლისელი ფორვარდი "სპურსს" მომდევნო კვირაში შეუერთდება.
La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, ალესანდრო ფლორენცი იტალიურ "რომას" დატოვებს და "სევილიაში" გადაბარგდება. რომაული კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს მიიღებს.
"ტოტენჰემი" "ატალანტას" მცველს, კრისტიან რომეროს გაიფორმებს. ამ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც ადასტურებს. სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ ევროს შეადგენს.
Superdeporte-ის თქმით, "ვილიარეალს" "ბარსელონას" მეკარე ნეტო სურს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სერხიო ასენხო გუნდს დატოვებს, ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მეკარე ჯერონიმო რულის შემცვლელად იქცა და სათამაშო დრო, ფაქტობრივად, არ ეძლევა.
"რომა" "არსენალის" ნახევარმცველს, გრანიტ ჯაკას არ ეშვება. შეგახსენებთ, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შვეიცარიელი ნახევარმცველის გუნდში დატოვების სურვილი "მეთოფეების" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ გამოთქვა. იმ შემთხვევაში, თუ რომაული კლუბის ხელმძღვანელობას არაფერი გამოუვა, ყურადღებას "დორტმუნდის" ნახევარმცველის, ტომას დელაინის მიმართ გადაიტანენ, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 10 მილიონ ევროს შეადგენს.
"სანტოსის" 19 წლის ფორვარდ კაიო ჟორჟის გადაბირებას "მილანი" ცდილობდა, თუმცა, როგორც უცხოურ პრესაში იწერება, ფეხბურთელს "იუვენტუსში" თამაში სურს, "ბიანკონერის" ხელმძღვანელობაც მისი სამსახურით დაინტერესებულია.
"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა ხამეს როდრიგესს განუცხადა, რომ მომდევნო სეზონში მის გეგმებში აღარ იქნებოდა. Daily Mail-ის თქმით, კოლუმბიელ ნახევარმცველს "მილანი" ეპატიჟება. "კანფეტებისა" და "როსონერის" ხელმძღვანელობა ხამესის თაობაზე ერთმანეთს სულ მალე შეხვდება.
მომზადებულია marca-ს მიხედვით