მაურიციო სარი: უამრავი მომენტი ვერ გამოვიყენეთ

AutoSharing Option
მართლაც უსამართლობაა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში "ნაპოლისა" და "ნიცას" შეხვედრა, მაშინ როდესაც სხვა წყვილებში გაცილებით სუსტი მეტოქეები უპირისპირდებიან ერთმანეთს. მათმა თამაშმა ნეაპოლში უდიდესი ინტერესი გამოიწვია. როგორც წესი, "სან პაოლო" სანახევროდაც იშვიათად ივსება, ამჯერად კი 50 ათასი ტიფოზი მივიდა და მართლაც ლამაზი ფეხბურთი იხილა.

მასპინძლები შეუსვენებლივ უტევდნენ, უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, ფაქტიურად ცალკარას თამაში იყო, უამრავი მომენტიდან მხოლოდ ორი გამოიყენეს და მათგან ერთი ცოტა საეჭვო პენალტიდან, როდესაც კრისტოფ ჟალემ დრის მერტენსი საჯარიმოს ხაზზე მოცელა, თერთმეტმეტრიანი კი გოლად ჟორჟინიომ გარდასახა.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებს გუნდის
ლიდერი მარიო ბალოტელი და ახალწვეული ვესლი სნეიდერი არ ყავდათ, ხოლო 79-ე წუთზე არბიტრმა ვინსენტ კოზელო გააძევა უხეშობისთვის, ერთ წუთში კი მეორე ყვითელი ბარათი ალასანე პლეას უჩვენა და ფრანგები მოედანზე ცხრანი დარჩნენ. თუმცა, კამპანიელებმა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ მოახერხეს, რაც დიდწილად მეკარე ჟოან კარდინალის დამსახურებაა.

ნამატჩევს "ნაპოლის" თავკაცმა მაურიციო სარიმ შემდეგი განაცხადა:"იმის გათვალისწინებით, რომ სეზონი ახლა იწყება, მაქსიმუმი გავაკეთეთ. მომენტების რეალიზაცია გაგვიჭირდა. არაერთი მომენტიდან ოდენ ერთი გამოვიყენეთ. არც გაგვიმართლა, ბურთი ორჯერ ძელს მოხვდა.

ამ ეტაპზე შეგირდების გარჯით კმაყოფილი ვარ. ბოლო 10 წუთში მეტისთვის შეგვეძლო მიგვეღწია, მაგრამ მეტოქე უკეთესადაა ფიზიკურად მზად, რადგან რამოდენიმე ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მართალი გითხრათ, შემეშინდა ბოლოსკენ ფეხბურთელები არ დაღლილიყვნენ. არ მეგონა თუ მოწინააღმდეგე ხუთი მცველით ითამაშებდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული