ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: სპექტაკლი "უემბლიზე" და სუპერშემტევთა ჯახი ნეაპოლში

AutoSharing Option
დღეს ტურის ორი ცენტრალური მატჩი გვაქვს ნეაპოლსა და ლონდონში. თუ იტალიაში ამ დროისთვის ევროპაში ტოპ-ფორმაში შესული ორი გუნდი თამაშობს, "უემბლიზე" დიდი ჯახია "დეზებსა" და "სამეფო კლუბს" შორის.

ამ ორი დაპირისპირებიდან ვერც ერთი გამოვარჩიეთ, ორივეს დიდი სატურნირო მნიშვნელობა აქვს, ორივე უდიდეს ინტერესს იწვევს.

დღის მატჩი I: ტოტენჰემი-რეალი
"უემბლიზე" გამარჯვებული პლეი-ოფის საგზურს ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე (!) გაინაღდებს. ეს კი უდიდესი შეღავათია, ახალ წლამდე ამ გუნდს ორ ფრონტზე ბრძოლა შეუმსუბუქდება. "რეალს" ლა ლიგაში სიტუაცია გამოსასწორებელი აქვს. არც "ტოტენჰემს" აწყენს ქულები
პრემიერლიგაში.

ურთიერთშეხვედრები
ორი კვირის წინათ ამ გუნდებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითამაშეს და დაზავდნენ - 1:1. სულ ერთმანეთში ამ გუნდებმა 5-ჯერ ითამაშეს. "რეალმა" 3 თამაში მოიგო და 2 ფრედ დაასრულა, ბურთებში სხვაობა კი მის სასარგებლოდ, 7:1-ზეა.

მოკლედ, "სამეფო კლუბი" უდიდეს უპირატესობას ფლობს "დეზებთან" დაპირისპირებაში.

სწორედ ორი კვირის წინათ "ბერნაბეუზე" გაუტანა "ტოტენჰემმა" "რეალს" დაპირისპირებების ისტორიაში პირველი გოლი. ვარანის ავტოგოლით სტუმრები იგებდნენ კიდეც, სანამ კრიშტიანო რონალდომ პენალტის ნიშნულიდან არ გაათანაბრა. სატურნირო თვალსაზრისით ეს ფრე ორივე გუნდს აწყობდა.

"დეზების" პირველი ლიგური გამოცდილება სწორედ "რეალთან" დასრულდა 2010/11 წლების სეზონში. ესპანურმა გრანდმა მეოთხედფინალში შინ 4:0 მოიგო. მაშინ სტუმრებს უკვე მე-15 წუთზე გაუძევეს პიტერ კრაუჩი. დუბლი ემანუელ ადებაიორმა შეასრულა, რომელმაც მერე "ტოტენჰემის" მაისურა მოირგო, თითო გოლი კი ანხელ დი მარიასა და კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზეა.

"უაით ჰართ ლეინზე" ერთადერთი გოლი რონალდომ გაიტანა და "რეალი" ნახევარფინალში გავიდა. მაშინ ლუკა მოდრიჩი და გარეთ ბეილი "ტოტენჰემის" ფეხბურთელები იყვნენ.

ფორმა
გასულ სეზონში "ტოტენჰემი" ლიგაზე შინ ცუდად თამაშობდა, ახლა კი "დეზებმა" შინ "დორტმუნდი" 3:1 დაამარცხეს, ამას კი მოჰყვა მათთვის უდიდესი გამარჯვება ლიგაზე, სტუმრად აპოელ-თან - 3:0.

სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ "დეზებს" დელე ალი უბრუნდება, რომელზეც ბევრს წერდნენ, როგორც "რეალის" სასურველ ფეხბურთელზე. გუნდი 25 ოქტომბერს ლიგის თასზე დამარცხდა "ვესტ ჰემთან" და შესანიშნავი, 11-მატჩიანი წაუგებელი სერიაც შეწყვიტა.

განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო სერიაში "ლივერპულის" 4:1 განადგურება, როცა ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა. კეინი არ ჰყავდა გუნდს "ოლდ ტრაფორდზე", სადაც მაურისიო პოჩეტინოს გუნდი 0:1 დამარცხდა. ჰარის გარეშე მართლაც ძალიან ძნელია - ფორვარდმა ბოლო 13 შეხვედრაში (კლუბი და ნაკრები) 17 გოლი გაიტანა. "რეალს" ლა ლიგაში ცუდად აქვს საქმე.

განსაკუთრებით მას მერე, რაც კატალონიაში "ჟირონასთან" 1:2 დამარცხდა. ამით ზიდანის გუნდმა 7-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა მოულოდნელად. ინგლისში ზიდანი და რონალდო ფიფას საუკეთესო მწვრთნელისა და ფეხბურთელის რანგში ჩადიან.

დღესაც სათუოა კეინის თამაში, ერიკ ლამელა და ვანიამა კი ნამდვილად არ იქნებიან. "რეალს" აკლია დანი კარვახალი, გარეთ ბეილი, მატეო კოვაჩიჩი და კეილორ ნავასი.

პრესკონფერენცია
მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "შესაძლოა, ხვალ კეინმა ითამაშოს კიდეც. ის ჩვეულებრივად ვარჯიშობდა, მაგრამ მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება. "რეალთან" თავისუფლად თამაში და მისგან სიამოვნების მიღებაა საჭირო. ჩვენ საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ".

ზინედინ ზიდანი (რეალი): "უემბლი" ულამაზესი სტადიონია და ჩვენ დიდი სპექტაკლი გველის. ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით. სამწუხაროა, რომ ახალ "უემბლიზე" ფეხბურთელის რანგში თამაში აღარ მომიწევს".

ფაქტები
  • "ტოტენჰემმა" 5 მატჩი ითამაშა "უემბლიზე" ევროთასებზე და ჯერ კარი მშრალად არ შეუნახავს.
  • ამ დაპირისპირების გამარჯვებული პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს.
  • "რეალი" ორჯერ ეთამაშა სტუმრად "ტოტენჰემს" და ორივეჯერ 1:0 მოუგო.
  • რაფაელ ვარანის ავტოგოლამდე "ტოტენჰემს" "რეალისთვის" 450 წუთის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა გატანილი.
  • "ტოტენჰემს" არასოდეს მოუგია შინ ესპანური გუნდებისთვის - 2 ფრე, 3 წაგება.
  • "ტოტენჰემმა" სულ ერთადერთხელ დაამარცხა ესპანური გუნდი ევროთასებზე. ეს იყო 1963 წლის თასების თასის ფინალში, როცა როტერდამში "ატლეტიკო" 5:1 გაანადგურა და პირველი ევროპული ტიტული მოიგო.
  • "რეალმა" ლიგაზე ბოლო 13 შეხვედრიდან მხოლოდ ორი წააგო.
  • "რეალს" ინგლისში ბოლო 4 შეხვედრაა, არ წაუგია, თუმცა მანამდე გუნდმა ხუთჯერ წააგო "ნისლიან ალბიონზე".
  • წინა 21 გათამაშებაში "რეალი" არასოდეს დარჩენილა 1/8-ფინალის საგზურის გარეშე.
  • მაურისიო პოჩეტინოს "ესპანიოლის" მწვრთნელის რანგში შვიდივე მატჩი აქვს წაგებული "რეალთან", ფეხბურთელობისას კი 5 მოგება აქვს მითვლილი (2 ფრე, 9 მარცხი) და ერთხელ გოლიც გაუტანია "სამეფო კლუბის" კარში.
  • გარეთ ბეილმა 142-ჯერ მოირგო "ტოტენჰემის" მაისურა (46 გოლი), ლუკა მოდრიჩმა კი - 127-ჯერ (13 გოლი).
  • კრიშტიანო რონალდოს "მანჩესტერის" მაისურით 4 გოლი აქვს "ტოტენჰემის" კარში გატანილი, "რეალის" - 3.
დღის მატჩი II: ნაპოლი-სიტი
ევროპაში ახლა მათზე უკეთ მოთამაშე გუნდებს ძნელად თუ ნახავთ - იტალიაში "ნაპოლია" დაუმარცხებელი, ინგლისში - "მანჩესტერ სიტი".

სტუმრებს "სან პაოლოზე" ფრეც ჰყოფნით მერვედფინალის საგზურის ნაადრევად გასანაღდებლად, მაგრამ პეპ გვარდიოლას "სიტი" ქულაზე თამაშს მიჩვეული არ არის, ის შეუტევს, ისევე, როგორც მაურიციო სარის "ნაპოლი". ამით კი მაყურებელი აუცილებლად იხეირებს. ერთი უცნაური დეტალიც - დღეს "ნაპოლის" ფანებს სტადიონზე ქამრებით არ შეუშვებენ.

ურთიერთშეხვედრები
ინგლისში ორი კვირის წინათ დაძაბული მატჩი იყო, რომელიც "სიტიმ" 2:1 მოიგო. რაჰიმ სტერლინგმა დამატებაზე იყოჩაღა და ანგარიში გახსნა. მალე ჟეზუშმა კიდევ უფრო დააწინაურა "სიტი" და, როცა მერტენსმა პენალტი ვერ გაიტანა, ყველამ "სიტის" იოლი გამარჯვება იწინასწარმეტყველა, მაგრამ დიავარას გოლმა სიტუაცია დაძაბა. "სიტის" სამიდან სამი მოგება აქვს.

ეს მესამე მატჩი იყო გუნდებს შორის. ახლა მათ თითო მოგება და ფრე აქვთ, ბურთების შეფარდებაც თანაბარია - 4:4.

ფორმა
"ნაპოლი" 21 ოქტომბერს "ინტერმა" გააჩერა, 0:0 დაუზავდა, მანამდე კი სამხრეთელებმა ყველა თამაში მოიგეს. "ნაპოლის" ჩემპიონატში 23 ტურია, არ წაუგია. ინგლისში ბრწყინვალედ თამაშობს "სიტი", ამ სეზონში 15 მატჩიდან 13 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

ყველა შეჯიბრებაში "სიტის" 21 თამაშია, რაც არ წაუგია. "ნაპოლის" დიდი ხნით გამოაკლდა არკადიუშ მილიკი. "სიტის" არ ეყოლება ვენსან კომპანი და ბენჟამინ მენდი.

პრესკონფერენცია
მაურიციო სარი (ნაპოლი): "გვარდიოლასთან ჩემი შედარება არ შეიძლება, ის საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში. დიახ, მე მაქვს ჩემი საფეხბურთო ხედვა, მაგრამ ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია, რომ პეპს შემადარონ. მე მომწონს გვარდიოლას ფილოსოფია, ის არის მწვრთნელი, ვინც შეცვალა ფეხბურთი. ახლა რომ გამიშვან, არავის გავახსენდები. ასე რომ, ჩემი შედარება გვარდიოლასთან, საკისთან და სხვებთან მათი შეურაცხყოფაა".

ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "ფრთხილად უნდა ვიყოთ დაცვაში, რადგან ბოლოს გოლებიც გავუშვით. დავიდ სილვას ახალი ამპლუა? ამაში განსაკუთრებული არაფერია, შუა ხაზში საჭიროა ფეხბურთელები, რომლებიც ბურთს კარგად ათამაშებენ. ჩემთვის დიდი პატივია ნეაპოლში ყოფნა, მწვრთნელის რანგში ჩემთვის ეს პირველია. შევეცდებით, კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ".

ფაქტები
  • "სიტი" მერვედფინალში ზედიზედ მეხუთედ გასვლასთან ქულაშია.
  • ერთი გოლიც და სერხიო აგუერო "სიტის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება ერთპიროვნულად. ახლა კი 177-177 გოლით პირველობას ერიკ ბრუკთან იყოფს.
  • "სიტიმ" ბოლო 12 მატჩში 8-ჯერ შეინახა კარი მშრალად.
  • "სიტის" მხოლოდ ერთი მატჩი აქვს იტალიაში მოგებული.
  • "ნაპოლის" შინ ინგლისურ კლუბებთან არასოდეს წაუგია.
ვინ შეიძლება გავიდეს დღეს
E ჯგუფი: ამ ჯგუფში ვერც ერთი გუნდი ვერ გაინაღდებს საგზურს დღეს. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს - "მარიბორმა" შესაძლოა, დაკარგოს პლეი-ოფში გასვლის შანსი, თუ დამარცხდება და მოსკოვის "სპარტაკი" იმარჯვებს.

F ჯგუფი: "მანჩესტერ სიტის" ყველაზე კარგად აქვს საქმე - უბრალოდ, არ უნდა წააგოს. აი, "ფეიენოორდი" თუ ვერ მოიგებს, ვარდება.

G ჯგუფი: "ბეშიქთაში" პლეი-ოფში გამარჯვებით გადის ან ფრითაც, თუკი მეორე მატჩში "ლაიპციგი" გაიმარჯვებს.

H ჯგუფი: "ტოტენჰემისა" და "რეალის" მატჩის გამარჯვებული პლეი-ოფის საგზურს გაინაღდებს. ამ ჯგუფში "დორტმუნდი" ჩარჩება, თუკი წააგებს და მეორე მატჩში ფრე დაფიქსირდება.

მთავარი დანაკლისები
"მონაკოს" ვერ დაეხმარება გუნდის შეტევების ლიდერი რადამელ ფალკაო. "დორტმუნდმა" მარკო როისის გარეშე უნდა ითამაშოს. "სპარტაკში" ჯანო ანანიძე კარგა ხანს არ იქნება. "შახტარს" არ ჰყავს ხორვატი დარიო სრნა.

სხვა ფაქტები
  • "სევილიას" 5:1 დამარცხება "სპარტაკის" უდიდესი გამარჯვებაა ევროთასებზე.
  • "ლივერპულმა" სტუმრად 7:0 მოუგო "მარიბორს", რაც ინგლისური კლუბისთვის ისტორიაში უდიდესი გამარჯვებაა სტუმრად ევროთასებზე.
  • "მარიბორმა" წინა ოთხივე მატჩი წააგო "ნისლიან ალბიონზე".
  • "შახტარმა" ბოლო ოთხი საშინაო მატჩი მოიგო ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
  • "ბეშიქთაში" ევროთასებზე შინ 11 მატჩია, რაც არ დამარცხებულა.
  • "მონაკომ" წააგო ბოლო ორი ვიზიტისას თურქეთში.
  • აპოელ-ს არასოდეს მოუგია გერმანიაში.

E ჯგუფი
სევილია- სპარტაკი 23:45
ლივერპული-მარიბორი 23:45

F ჯგუფი
ნაპოლი-მანჩესტერ სიტი 23:45
შახტარი-ფეიენოორდი 23:45

G ჯგუფი
ბეშიქთაში-მონაკო 21:00
პორტუ-ლაიპციგი 23:45

H ჯგუფი
ტოტენჰემი-რეალი 23:45
დორტმუნდი-აპოელ 23:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული