იმისათვის, რათა ჯგუფიდან გავიდეს, დონეცკის "შახტარი" დღეს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ხარკოვში "მანჩესტერ სიტისთან" არ უნდა დამარცხდეს, ხოლო თუ წააგო, პლეი-ოფში "ნაპოლი" გავა, რომელიც ალბათ, "ფეიენოორდს" მოუგებს.
როგორც იცით, "ქალაქელებმა" ხუთივე მატჩი მოიგეს და ვადამდე გაინაღდეს შემდეგ ეტაპზე გასვლა. ამ გუნდმა "ნაპოლის" ორივე შეხვედრაში სძლია (2:1, 4:2) და მათ მწვრთნელებს, პეპ გვარდიოლასა და მაურიციო სარის დიდებული ურთიერთობა აქვთ. სარიმ გვარდიოლას დითირამბები უძღვნა და თანამედროვეობის უდიდესი სპეციალისტი უწოდა.
Sky Sport Italia-ს ცნობით, პეპმა მაურიციოს მიწერა, რომ "შახტარის" დასამარცხებლად ყველაფერს იღონებს.
ჯერ
უცნობია, ათამაშებს თუ არა დონბასური გუნდის თავკაცი პაულო ფონსეკა ქართველ მცველ დავით ხოჭოლავას, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ დაცვის ცენტრში უმეტესად რაკიცკი-ორდეცის დუეტს უფრო ხშირად აყენებს, დიდი ალბათობით, დავითს სასტარტო შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ.